ადამიანის 12 შეგრძნება

12-03-2016


„ინტელექტუალობის გამოსავლენი ტესტები მზაკვრულია და სახიფათო. ინტელექტის კოეფიციენტს, რომელიც ამ ტესტების საფუძველზე გამოჰყავთ, დიდი ღირებულება არ გააჩნია. პირიქით, მას გაურკვევლობაც კი შემოაქვს, რადგანაც ის ცდის პირებს სულელებად და ჭკვიანებად ჰყოფს. რიცხვითი მონაცემების მიხედვით, ზოგი გამარჯვებულია, ზოგი - დამარცხებული."
პროფესორი ჰოვარდ გარდნერი, სოციალფსიქოლოგი ჰარვარდის უნივერსიტეტიდან, მიიჩნევს: „ჩვენს საზოგადოებაში ადამიანთა უმრავლესობას ჰგონია, რომ ინტელექტის მხოლოდ ერთადერთი განზომილება არსებობს, კერძოდ, მეტყველებითი და ლოგიკურ-მათემატიკური. ეს ჩვენში ღრმად ზის."
გარდნერისთვის საკითხის ამგვარი გამარტივება არასწორია ასევე მეცნიერულადაც. იგი ფიქრობს, რომ მისი 14 წლიანი კვლევა-ძიებით მან „სიბრძნის ქვას" მიაგნო.
ადამიანს 7 სახის ინტელექტი გააჩნია და არა მხოლოდ გონებასთან მიმართებაში. ინტელექტუალად ითვლება ქალი, რომელმაც ცეკვა იცის, ანდა - ხელბურთელი. ინტელექტი არის, აგრეთვე, მუსიკალური ნიჭი, ბგერებისა და რიტმების აღქმა და შექმნა. ინტელექტუალია ის, ვისაც უცხო გარემოში გზის გაკვლევა შეუძლია და ქალაქის გეგმის ან ქვეყნის რუკის წაკითხვა იცის. სათანადო ინტელექტი სჭირდება მეგობრებთან ურთიერთობის გამოცოცხლებას, როდესაც ის ჩიხშია მომწყვდეული, როდესაც ურთიერთობა ოჯახში ან სამუშაოზე კრიზისს აღწევს. და, ბოლოს, ნამდვილი ინტელექტუალი უნდა იყოს ის, ვინც საკუთარ ცხოვრებას განაგებს. ვინაიდან ცხოვრება კრიზებითაა აღსავსე, სამყარო კი - დისჰარმონიით.
აქ ინტელექტის კოეფიციენტი (IQ) ვერაფერში დაგვეხმარება. ეს იცის ბერლინის უნივერსიტეტის დოქტორმა ფერდინანდ კიონიგმა: „ბოლოს და ბოლოს დაინახეს, რომ ინტელექტის კოეფიციენტი ყველაფერს არ ნიშნავს. ცხოვრება გვიჩვენებს, რომ სწორედ ისინი, ვისაც აკადემიური უნარების მწვერვალებისთვის არ მიუღწევია, საუცხოოდ უძღვებიან ცხოვრებას, და პირიქით, „სუპერ-ტვინები", ხშირად, ყოველდღიურ წვრილმანებზე ბორძიკობენ... რისი მომცემია, მაგ,. ის, რომ, თქვენ იმ დღეს, როდესაც ტესტს ავსებთ, სწრაფად მოიაზრებთ, რომ ლოგიკურად 3 - 7 - 12 - 18 რიგში შემდეგი წევრი იქნება 25?! ინტელექტის ტესტში ამას თქვენთვის ქულები მოაქვს. ყოველდღიური პრობლემების წინაშე კი სულ სხვა უნარები გჭირდებათ! („ბრიგიტ" -იდან N 20/1986).
ამ სტატიაში ეს ადამიანური უნარები ინტელექტუალობადაა მოხსენიებული, თუმცა მათ ასეთივე წარმატებით შეგრძნებათა მოქმედება შეიძლება ვუწოდოთ.
რუდოლფ შტაინერმა 70 წლის წინ განავრცო მოძღვრება შეგძნებათა შესახებ, რომელშიც 12 შეგრძნებაზეა საუბარი. სწორედ ამას ეფუძნება ძირითადი განსხვავება ვალდორფის სკოლებისა და სახელმწიფო სასკოლო სისტემას შორის. სახელმწიფო სასკოლო სისტემა უმთავრესად ხელს უწყობს მეტყველების და ლოგიკურ-მათემატიკური შეგრძნების ჩამოყალიბებას, ვალდორფის სკოლა 12-ვე შეგრძნების განვითარებას თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებს.
ყველა ეს შეგრძნება ყოველ ჯანმრთელ ადამიანს დაბადებიდან მოჰყვება. ამ დროიდანვეა შესაძლებელი მათი მუდმივი გაუმჯობესება და დიფერენცირება, თუკი ბავშვს შესატყვისი პირობები, სწორი გარემო შეექმნება; მაგრამ შესაძლებელია მათი მოჩლუნგებაც გადატვირთვით, ან ჩახშობა, როცა მათ შესაბამისი „საკვები" არ მიეწოდებათ.
ყველაფერი, რაც ბავშვზე (და, ბუნებრივია, ზრდასრულზეც) მოქმედებს, მოქმედებს შეგრძნებების საშუალებით! შეგრძნებები რომ არ გვქონოდა, სამყარო ჩვენთვის მკვდარი და ცარიელი იქნებოდა. ამგვარად შეგრძნებები ჩვენი "ანტენები" ჩვენი „სამუშაო იარაღებია", იმისთვის, რომ გარე სამყაროსთან კონტაქტის დამყარება შევძლოთ.
ნებისმიერი საბავშვო თამაშის დროს ერთი ან რამოდენიმე შეგრძნება ვითარდება. შესაბამისი, სწორი გარემო შეგრძნებებს ხვეწავს და განავითარებს. სწორი, ხარისხიანი სათამაშო მსგავსადვე მოქმედებს.
არის სიტუაციები, რომლებიც განაპირობებენ ბავშვში შეგრძნებების გახსნას, მისი ღია, მიმღებ მდგომარეობაში მოყვანით, მაგ., სურათებიანი წიგნი, წაკითხული ამბები, თოჯინების თეატრი, მუსიკა. არის სიტუაციები, რომელშიც პირიქით, საკუთარი აქტივობა უფრო იკვეთება: კარგი სათამაშო, ბუნებრივია, მრავალმხრივ ქმედებს!
ახლა კი მოკლედ შევეხებით 12 შეგრძნებას:
სიცოცხლის შეგრძნების გამოვლინებებია, როდესაც თავს კარგად ან ცუდად, დაღლილად ან დასვენებულად, ჯანმრთელად ან ავად ვგრძნობთ; ვგრძნობთ შიმშილს თუ დანაყრებას. ამ შეგრძნებაზე პოზიტიური ზეგავლენა აქვს ჯანმრთელ კვებას, ხარისხიან ტანისამოსს, ჰარმონიულ გარემოს, მშობლებისა და სხვა ადამიანების სიყვარულით სავსე დამოკიდებულებას, რიტმის დაცვას და საკმარის ძილს.
მოძრაობის შეგრძნება გამოიხატება მოძრაობის მოთხოვნილებით: პატარა ბავშვში ეს არის სიხარული ბუქნისას, ხოხვისას თუ სიარულის სწავლისას; მოზრდილ ბავშვებში -ხტუნვით, ცოცვით, ხტომით მოგვრილი სიხარული. ამ შეგრძნებას ავითარებს, მაგ., ცხენჯოხი, ველოსიპედი, დაჭერობანა... აგრეთვე, მოძრავი სათამაშოებით გართობა, მაგ., როცა ბავშვი გაგორებულ ბურთულას უცქერს ან ქანქარის წყნარ მოძრაობას აკვირდება, მოსამართ თოჯინებს აცეკვებს ან ბზრიალათი თამაშობს.

წონასწორობის შეგრძნების გარეშე ჩვენ ვერც ჯდომას, ვერც დგომას და ვერც გავლას შევძლებდით. ის გვაძლევს მარჯვენა-მარცხენა, მაღლა-დაბლა და წინა-უკანას შეგრძნებას. პატარა ბავშვში ამ შეგრძნებას აღძრავს, მაგ., საშენი კუბიკებით კოშკის აშენება, საქანელაზე ქანაობა, მოგვიანებით შტანგაზე, ბორდიურზე, ან ხის მორზე ბალანსირება, სახტუნაოთი ვარჯიში, ჟონგლიორობა და სხვა.
შეხების შეგრძნება გვემსახურება, რათა განვასხვავოთ ხორკლიანი ზედაპირი პრიალასაგან, რბილი და მაგარი, მრგვალი და წვეტიანი საგნები. ბავშვის შეხების შეგრძნება უფრო დაიხვეწება, თუ მას საშუალება აქვს სხვადასხვაგვარი ბუნებრივი მასალით ითამაშოს (ხე, ქვიშა, ცვილი, მატყლი, აბრეშუმი, ქვები, ტალახი, წყალი, ხავსი, წაბლი...). პლასტიკატს შეხების შეგრძნებისთვის ნეიტრალური, არაფრისმთქმელი ხასიათი აქვს.
ყნოსვის შეგრძნება ბოლოა არაცნობიერ შეგრძნებათა რიგში. მას ადამიანებთან, როგორც წესი, ისეთი დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება, როგორც ბევრ ცხოველთან (ძაღლი, ირემი...). მაგრამ ამ შეგრძნებამ ბავშვებთან დიდი როლი უნდა შეასრულოს.
გემოს შეგრძნებით იწყება არაცნობიერი შეგრძნებები. პატარებს ყველაფერი პირში მიაქვთ. გემოს შეგრძნება რომ გავამდიდროთ, უბრალო, არც თუ ძლიერ შეკმაზული საჭმელი უნდა მოვუმზადოთ, ისე, რომ ცალკეული კომპონენტის გემო შეიგრძნობოდეს. ამასთან კავშირში ისმება კითხვა: ე.წ. „ტკბილის მოყვარულ", „სმუსნია" ბავშვებს ძლიერ დახვეწილი გემოს შეგრძნება აქვთ, თუ ვიწრო, გამყარებული გემოვნება?
მხედველობის შეგრძნება განასხვავებს ფერებსა და ფორმებს. პატარა ბავშვის გარემო არ უნდა იყოს ძალზე ჭრელი. ეს შეგრძება დღესდღეობით ხშირად ზედმეტადაა აღგზნებული - ჭრელი ხალიჩები, პლასტიკური სათამაშოები შხამიანი, მანათობელი ფერებით, ტელევიზორი, რეკლამა და სხვა. ამიტომაც სათამაშოს შემთხვევაში განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ჰარმონიული ფერთშეხამება.
სითბოს შეგრძნებით ჩვენ ვაცნობიერებთ გვცივა თუ გვცხელა. ის ჩლუნგდება, როდესაც ბავშვებს მუდმივად ზედმეტად თბილად ან პირიქით, ხალვათად აცვიათ. თუ სიცივეს გრძნობს ადამიანი, იკუმშება (მშვინვიერადაც), თუ სიცხეს - იშლება, გარემოსთან ღია დამოკიდებულებაშია. მშვენიერი კონცერტი ნახევარი სიამოვნებაა, თუ გაყინულ დარბაზში გიწევს ჯდომა.
სმენის შეგრძნებით ყველანაირ ხმას აღვიქვამთ და განვასხვავებთ ადამიანის ხმებს ერთმანეთისგან. თუ ადამიანს კარგად ვიცნობთ, შესაძლებელია მისი ხმით მივხვდეთ, თავს როგორ გრძნობს. სწორედ ბავშვებს აქვთ ამაზე მომართული თავიანთი „ანტენები". მუსიკალურია ადამიანი, რომელსაც ეს შეგრძნება კარგად აქვს განვითარებული. ხმამაღალი ბგერები გვაფხიზლებს ან გვაშინებს, ჩუმი - გვაწყნარებს. ამ შეგრძნებას განსაკუთრებით ეთანადება საჩხარუნოს, ზარის, ქსილოფონის, მუსიკალური საათის ხმები.
სიტყვის ანუ მეტყველების შეგრძნება არის შეგრძნება საკუთარი და სხვისი მეტყველებისა. ეს და მომდევნო 2 შეგრძნება მხოლოდ ადამიანის საკუთრებაა. ეს შეგრძნება უკეთესად განვითარდება, თუ დასაწყისშივე მშვიდად, ნორმალური მეტყველებით ვესაუბრებით ბავშვებს, რომელიც თავისთავად ბავშვური წარმოდგენების სამყაროზე იქნება მორგებული. ე.ი. არავითარი „აღუას" ენა! მეტყველების შეგრძნება კარგად ყალიბდება ზღაპრების ხატოვანი ენით, გათვლებით, ენის გასატეხებით, ლექსებით, სპექტაკლებით. ის განსაკუთრებით კარგადა აქვთ განვითარებული დიდ ორატორებს, მწერლებს და პოეტებს.
აზროვნების შეგრძნება იღვიძებს მეტყველების სწავლასთან ერთად, როდესაც მეტი და მეტი ცალკეული სიტყვის (დედა, აუ-აუ, პიპია, ბურთი, სახლი...) აზრობრივ დაკავშირებას სწავლობ. ამ შეგრძნებით ვწვდებით, მაგ., საგნისა და ქმედების ურთიერთკავშირს, ასევე - კანონზომიერებებს. თუ რაიმეს გააზრება მსურს, მისგან გარკვეული შინაგანი დისტანცირება მჭირდება. სამწუხაროა, რომ ამ შეგრძნებას ბავშვებს ნაადრევად უვითარებენ. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო უჭირს გარე სამყაროდან მშვინვიერად მოშორება. ის მას ძალზე მნიშვნელოვანს სთავაზობს - დაცულობის შეგრძნებას. თუ ადრე გამოვაფხიზლებთ აზროვნების შეგრძნებას, ამით გამოვგლეჯთ ბავშვებს თავიანთი „სიზმრისეული სამოთხიდან". მოზრდილ ბავშვებთან ამ შეგრძნებაზე პოზიტიურად მოქმედებს ბარათებით ან კამათლით თამაშები, კონსტრუქტორები და სხვადასხვა გასააზრებელი და გამოსათვლელი თამაშობანი.
მე - შეგრძნება არის შეგრძნება, რომლითაც ჩვენ, როგორც ზრდასრულ ადამიანებს, მეორე ადამიანის ინდივიდუალობის წვდომა ან მინიმუმ შეცნობა შეგვიძლია. ის გვჭირდება ნაყოფიერი ადამიანური ურთიერთობების დასამყარებლად, ასაგებად. ბავშვები ამ შეგრძნებას ივარჯიშებენ თოჯინებთან თამაშში, თეატრის დადგმისას, თოჯინების თეატრით. იქნებ სწორედ ის ბავშვები, რომლებსაც და-ძმა ჰყავთ, ამ თვალსაზრისით უკეთ გრძნობენ თავს, ვიდრე დედისერთები? თავშეკავებას სწავლა სჭირდება; ჩხუბობენ და კვლავ რიგდებიან, თითოეულს საკუთარი მისწრაფებები და მიდრეკილებები, სხვადასხვა ხასიათი აქვს, რომელსაც ანგარიში უნდა გაეწიოს, და სხვა და სხვა.
არც ისე კარგად აღზრდილი მე-შეგრძნების ნიშანია, როდესაც ადამიანები ერთმანეთს გაურბიან ან, საერთოდაც, სძულთ, რადგან მათგან განსხვავდებიან, სხვა ენაზე საუბრობენ ან სხვა რელიგია-სარწმუნოება აქვთ; ანდა როდესაც რომელიღაც მკაცრ წესებიან სექტას დაეძებენ, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი წესები და იდეალები დაისახონ.
ამიტომაცაა ახალგაზრდებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი, რომ სკოლაში ბიოგრაფიებს გაეცნონ, ან თავად დაამუშაონ.
რაც უფრო მრავალმხრივ აღვზრდით ჩვენს შეგრძნებებს (არასოდეს არის გვიანი!), მით უფრო მრავალფეროვანი გახდება ჩვენი ცხოვრებაც, მით უფრო მდიდარი და ნაყოფიერი იქნება იგი ჩვენთვისაც და ირგვლივმყოფთათვისაც.
ბევრ ადამიანს ესა თუ ის შეგრძნება განსაკუთრებით აქვს განვითარებული. თუ ეს სხვა შეგრძნებების ხარჯზე ხდება, ასეთ ადამიანს „საგნობრივ იდიოტს" (Fachidiot) უძახიან.
თუ ადამიანი შემოქმედებითად მიუდგება ამა თუ იმ, ან რამოდენიმე შეგრძნებას, ასეთი ადამიანი ხელოვანია -
ჟონგლიორი, არტისტი - მოძრაობის, წონასწორობის შეგრძნება;
მხატვარი - მხედველობის შეგრძნება;
მუსიკოსი - სმენის შეგრძნება;
ფილოსოფი - აზროვნების, სიტყვის შეგრძნება;
პოეტი - სიტყვის და სმენის შეგრძნება;
ცხოვრების ხელოვანი - სიცოცხლის, მე-შეგრძნება
და ასე შემდეგ.
როდესაც ზრდასრულ ადამიანის შეგრძნებებზე ფანტაზია მაცოცხლებლად ქმედებს, იბადება ხელოვნება, ბავშვთან კი წარმოიშვება ბავშვური თამაში!
ამრიგად, 12 შეგრძნება ჩვენი „ანტენებია" სამყაროს აღქმისთვის, და იმავდროულად ჩვენი „სამუშაო იარაღებიც", რომლებიც სამყაროში ქმედითუნარიანად გვაქცევენ. მათი ამოცანა მხოლოდ ის კი არ არის, რომ ჩვენ აქ, დედამიწაზე ცხოვრება შეგვაძლებინოს, არამედ მათით, მათი გარდაქმნის მეოხებით გვეძლევა შესაძლებლობა სულიერ-მშვინვიერ სამყაროს მივეახლოთ.

ჟასმინ მერტენსი



უკან




Created By Studio SPAR.GE
2014 All rights reserved