20 კითხვა ვალდორფის პედაგოგიკაზე


უნდა იყოს თუ არა ვალდორფის სკოლის მოსწავლე მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული?

არა! ვალდორფის სკოლაში სწავლობენ ყველა უნარისა და შესაძლებლობის ბავშვები. როდესაც სკოლაში მოსწავლეები ხატავენ, ხაზავენ, ძერწავენ, აქანდაკებან, მღერიან უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭება არა შედეგს (თუმცა ესეც მნიშვნელოვანია), არმედ თავად პროცესს. სწორედ პროცესში ანვითარებენ ბავშვები და მოზარდები კონკრეტულ უნარ- ჩვევებს, რომელიც აყალიბებს ბავშვს თავისუფალ, დამოუკიდებელ, შემოქმედებით ინდივიდუალობად.

ხდება თუ არა ვალდორფის მოსწავლეების მსოფლმხედველობითი სწავლება?

ვალდორფის სკოლები არა არიან მსოფლმხედველობითი სკოლები. ანთროპოსოფიული ადამიანთმცოდნეობა ეხმარება პედაგოგს მიაგნოს სწავლების იმ მეთოდებს, რომლებიც ადამიანის განვითარებისთვის არის საჭირო და რომელიც არასოდეს შეადგენს გაკვეთილის შინაარსს. მცდელობა იმისა, რომ რაიმე ფორმით გაეცნოს მოსწავლეს ანთროპოსოფიული მსოფლმხედველობა, მთლიანად ეწინააღმდეგება ვალდორფის პედაგოგიკის მთავარ იდეალს: აღზარდოს ადამიანი თავისუფალ, შეგნებულ და სოცილური პასუხისმგებლობით აღსავსე პიროვნებად.

ერთგვარ „სასათბურე პირობებს" ხომ არ ქმნის ვალდორფის სკოლა მოსწავლეებისთვის? მათ ხომ მკაცრ, კონკურენტუნარიან რეალობაში მოუწევთ არსებობა სკოლის დასრულების შემდეგ? გაუმკლავდებიან თუ არა მომავალში მოსწავლეები თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს?

პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ განათლების მიღების შემდგომ საფეხურზე ვალდორფის სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებით დაფასებულნი არიან. ისინი წარმატებით სწავლობენ და შრომობენ სხვადასხვა სასწავლებელსა და ორგანიზაციაში. ჩვენი სკოლა მხოლოდ ზოგად ინტელექტუალურ უნარებს კი არ ავითარებს, არამედ ზრუნავს და ხელს უწყობს მრავალმხრივი უნარების განვითარებას: შემოქმედებითობა, ჯგუფში მუშაობა, კრეატიულობა, პროცესუალური აზროვნების უნარი სკოლის პირველი დღიდან ვითარდება. ეს ყველაფერი პიროვნულად აძლიერებს ახალგაზრდას, მატებს მას თავდაჯერებულობას, უყალიბებს ცხოვრებისდმი ჯანსაღ დამოკიდებულებას. სწორედ ამგვარი მიდგომა ამზადებს ახალგაზრდებს მკაცრი რეალობისთვის და აყალიბებს ქმედით, სამყაროში მყარად მდგომ პიროვნებებად

მართალია თუ არა, რომ ვალდორფის სკოლაში დიდი კლასებია?

მთავარ გაკვეთილს კლასი სრული შემადგენლობით ესწრება(25-30 მოსწავლე) და ამას გარკვეული პედაგოგიკური და მეთოდური წინაპირობა აქვს. მოსწავლეები იძენენ ისეთ სოციალურ უნარებს, როგორიცაა თანამშრომლობა, ჯგუფური მუშაობა, სოციალური დასწავლა, კონფლიქტების მოგვარება, მოლაპარაკება, ტოლერანტობა, ემპათია...მასწავლებელი საგაკვეთილო დროს ისე ანაწილებს, რომ შექმნას მოსწავლეთა განვითარებისთვის და შემეცნებისთვის ხელსაყრელი გარემო. ე.წ. „გამოტანილ გაკვეთილებზე" მოსწავლეები ორ ან სამ ჯგუფად იყოფიან და მეცადინეობა მცირეკონტიგენტიან კლასებში გრძელდება.

რას ნიშნავს ეპოქის გაკვეთილი?

ვალდორფის სკოლებში სასწავლო პროცესი ისეა დაგეგმილი,რომ მოსწავლეები რამდენიმე კვირის განმავლობაში დილის საათებში შეისწავლიან ერთსა და იმავე საგანს ყოველგვარი წყვეტის გარეშე. ეს გახლავთ ე.წ მთავარი გაკვეთილი, რომელიც ორი შეერთებული გაკვეთილის ხანგრძლივობისაა. ორი, სამი ან ოთხი კვირის მანძილზე მოსწავლე მუშაობს და საფუძვლიანად, ღრმად ეუფლება ერთი კონკრეტულ საგანს. ამას ჩვენ, ვალდორფის სკოლაში ვუწოდებთ ეპოქას. ამრიგად, რამდენიმე კვირის განმავლობაში ცხრილში მონაცვლეობით ჩნდება გეოგრაფიის, ფიზიკის, ისტორიის, ბიოლოგიის, ლიტერატურის, მათემატიკის, ქიმიის და ა.შ. ეპოქები. სწავლების მსგავსი მეთოდი საშუალებას აძლევს მოსწავლეს გაითავისოს, გაიაზროს, ყოველმხრივ დაამუშაოს ესა თუ ის საკითხი, ჩაუღრმავდეს საგნის შინაარსს, გაიცნოს დეტალები, შეასრულოს სხვადასხვა სახალისო, შემეცნებითი აქტივობები. გარდა მთავარი გაკვეთილებისა ცხრილში არის გამოტანილი, 45 წუთიანი გაკვეთილებიც, რომელთა ხარჯზეც განისაზღვრება ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით აუცილებელი კვირეული დატვირთვა კლასებისა და საგნების მიხედვით.

ვალდორფის სკოლის კონტიგენტი - ვისთვისაა ღია ჩვენი სკოლის კარი?

ვალდორფის სკოლა ღიაა ყველა მოსწავლისთვის მიუხედავად მათი მშობლების რელიგიური მრწამსისა, ეთნიკური წარმოშობისა და მსოფლხედველობისა. ვალდორფის პედაგოგოკის შესახებ ინფორმაციული საღამოების შემდეგ დგება ინდივიდუალური გასაუბრების დრო, სადაც მოსწავლეებს მეგობრულ გარემოში სკოლის პედაგოგები გაესაუბრებიან. სწავლების ნებისმიერ საფეხურზე თავისუფლად შეიძლება მოსწავლეები გადმოვიდნენ სხვა სასწავლო დაწესებულებებიდან.

რა განასხვავებს ვალდორფის სკოლას სხვა სკოლებისგან?

ვალდორფის პედაგოგიკის მთავარი მიზანი ადამიანის ჰარმონიული განვითარების უზრუნველყოფაა. ამ მიზნის მისაღწევად ვალდორფის სკოლები თანაბარი ინტენსივობით ავითარებენ მოზარდი ადამიანის ინტელექტუალურ, კრეატიულ, შემოქმედებით, პრაქტიკულ და სოციალურ უნარებს. პირველივე კლასიდან ბავშვები ეუფლებიან ორ ენას, გოგონები და ბიჭები ერთად, დიფერენცირების გარეშე ესწრებიან ხელგარჯილობისა და ხელობების გაკვეთლებს და სწავლობენ ქსოვას, კერვას, ქარგვას, ხერხვას, ჭედვას. აქტივობების სიმრავლე და მრავალფეროვნება ხელს უწყობს ადამიანის მრავალმხრივ განვითარებას. გაკვეთილების ფორმა და შინაარსი სრულ თანხვედრაშია ადამიანის განვითარებისთვის დამახასიათებელ შინაგან პროცესებთან და განვითარების ფაზებთან. ერთობლიობაში ზევით ჩამოთვლილი ყველა ფაქტორი ადამიანის შინაგანი თავისუფლების გამომუშავებას და გამოვლენას ემსახურება.

ხომ არ არის ვალდორფის სკოლა განკუთვნილი მოსწავლეებისთვის, რომლებიცგანსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ ან გააჩნიათ სირთულეები სწავლაში?

არა. ვალდორფის სკოლა საჯარო სკოლების მსგავსად მოსწავლეებს სთავაზობს ეროვნული სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ ყველა სერვისს და უზრუნველყოფს ინტელექტუალური, სოციალური, პრაქტიკული და შემოქმედებითი უნარების მრავალმხრივ განვითარებას. ამავდროულად, ჩვენთვის მნიშნელოვანი ღირებულებაა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების ჩართვა ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში. ამ მიზნის მისაღწევად სკოლას გააჩნია გარკვეული კონცეფცია, რაც ინკლუზიურ განათლებას გულისხმობს და მიმართულია იმ მოსწავლეებისთვის შესაბამისი პირობების შექმნაზე, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ.

მართალია თუ არა, რომ ვალდორფის სკოლაში არ იწერება ნიშნები?

ვალდორფის სკოლებში დაწყებით და საბაზო საფეხურებზე მოსწავლეთა მოსწრება და მათი აკადემიური უნარები ფასდება ინდივიდუალური დახასიათებების მეშვეობით, პარალელურად შეფასება ხდება ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით. ამგვარი მიდგომა პედაგოგს საშუალებას აძლევს ყურადღება მიაქციოს მოზარდის პიროვნულ განვითარებას. ფასდება არა მხოლოდ მიღებული ცოდნა, არამედ დეტალურად მიმოიხილება თითოეული მახასიათებელი, მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებები სწავლების მოცემულ ეტაპზე. ასეთ გარემოში არ ხდება მოსწავლეთა სტიგმატიზირება და თითოეული მოსწავლე ახალი ცოდნის შეძენით, გამოცდილების გამდიდრებით და უნარების გაუმჯობესებითაა დაინტერესებული.

რა უქმნის სასწავლო მოტივაციას მოსწავლეს, თუკი არ ხდება ნიშნების წინა პლანზე წამოწევა?

ვალდორფის სკოლაში სასწავლო შინაარსი, პროგრამები, გაკვეთილების გეგმები და შესასწავლი საკითხები ბავშვის ასაკობრივი თავისებურებების მიხედვითაა შედგენილი. ეს მოზარდის ინტერესის და ცნობისმოყვარეობის გაღვივებას უწყობს ხელს. საუკეთესო შემთხვევაში, ეს ინტერესი განპირობებული უნდა იყოს არა გარეგანი მოტივაციით ( ისეთით, როგორიცაა მაღალი შეფასება ან სასურველი ქულა ტესტში), არამედ შინაგანი მოტივაციით. გარეგანი მოტივაციის შექმნა სირთულეს არ წარმოადგენს, შინაგანი მოტივაციის აღძვრა და შენარჩუნება კი გაცილებით რთული და საპასუხისმგებლო საქმეა. აღფრთოვანება და პოზიტიური დამოკიდებულება შესასწავლი საგნისადმი ნიშანმა კი არა, საგნისადმი ინტერესმა უნდა განაპირობოს. ჩვენი პედაგოგების მთავარი ამოცანაც მოსწავლეებისათვის სწორედ ამგვარი ინტერესის გაღვივებაა.

 



Created By Studio SPAR.GE
2014 All rights reserved