თოჯინების თეატრი
ჩვენს სკოლაში ერთი ჯადოსნური ოთახია. დროდადრო ამ ოთახის კარი ვალდორფის ბაღის აღსაზრდელებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის (და არა მარტო მათთვის) იღება. ზღურბლზე გადაბიჯებით ბავშვები უცაბედად იმ საოცრებათა სამყაროში აღმოჩნდებიან, რომელსაც ზღაპარი ჰქვია და მათთვის კარგად ნაცნობ და საყვარელ გმირებთან ერთად თავბრუდამხვევ მოგზაურობაში გადაეშვებიან; ცხრა მთასა და ცხრა ზღვას გადაივლიან, ცადაც აიჭრებიან და ქვესკნელსაც მოინახულებენ, დევებს გაუმკლავდებიან და კოშკში გამომწყვდეულ ასულს დაიხსნიან... ზღაპრის ცოცხალი სურათ-ხატებით აღქმული შთაბეჭდილებები ამ პატარა არსებებში განაგრძობენ სიცოცხლეს, მათ წარმოსახვის უნარს უვითარებენ, მხნეობას სძენენ, თანაგრნობითა და სიკეთის უძლეველობის რწმენით აღავსებენ.
ეს ფერადოვანი სამყარო კი მათი პედაგოგებისა და მშობლების ხელით იქმნება, რომლებმაც ეს საქმიანობა 15 წლის წინ წამოიწყეს. სკოლის ხელგარჯილობის კაბინეტთან არსებული პატარა ჯგუფი მალე მარიონეტების თეატრ „ირმისად" ჩამოყალიბდა. „ირმისას" წევრებმა უკვე ათეულობით ზღაპარს შთაბერეს სული. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ: „წიქარა" და „ნაცარქექია," „ირმისა" და" ჩიტნაპოვნა", ძმები გრიმებისა თუ მსოფლიო ხალხთა სხვა ზღაპრები. ეს მომცრო, მაგრამ ღრმად შთამბეჭდავი წარმოდგენები სკოლა- ბაღის ზეიმებისა და დღესასწაულების განუყოფელ ნაწილად იქცა. „ირმისას" დასი ხშირად სტუმრობს სხვადასხვა სოციალურ დაწესებულებასა და თბილისის სხვა ბაღებს, მისი კარი ასევე ღიაა ზღაპრის ყველა მოყვარულისთვის.
დასის წევრები თავად, დიდი რუდუნებით არჩევენ ზღაპარს-წლის დროთა და დღესასწაულების შესაბამისად, თავად ქმნიან დეკორაციებს, თავად დგამენ და თოჯინებსაც თავადვე ათამაშებენ. ეს კი მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობაა და მონდომებასა და სიყვარულთან ერთად სათანადო ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. აქ ხომ ზღაპრის სურათ-ხატოვანი შინაარსი მარტო სიტყვით არ გამოიცემა. აქ ყველაფერი მეტყველებს: პირველ რიგში გარემო, სადაც ეს შინაარსები წარმოდგინდება; „მეტყველებს" ფერი, ფორმა, მოძრაობა, მუსიკა, განათება...ნებისმიერი თვითნებური ჩარევა ზღაპრის სიუჟეტსა თუ გამოსახვის ფორმაში, არღვევს ზღაპრის „ოცნებათაგან ნაქსოვ" ქარგას, უკარგავს მისთვის დამახასიათებელ ბუნებრივობასა და უშუალობას, აქედან გამომდინარე, ამცირებს ბავშვზე ზღაპრის ზემოქმედების ძალას.
საჭირო ცოდნა და გამოცდილება კი დასს მრავალწლიანმა მუშაობამ და მათ მუშაობაში ამ საქმის დიდოსტატის, გერმანელი ქალბატონის, ინგრიდ ნებელინგის ჩართულობამ შესძინა. და აი, ახლა ის დროც დადგა, როცა „ირმისას" წევრებს საკუთარი გამოცდილება სხვისთვისაც უნდა გაეზიარებინათ. ამ მიზნით ამა წლის 25-28 ოქტომბერს ისინი ერევნის თავისუფალი ვალდორფის სკოლის მიწვევით სომხეთში იმყოფებოდნენ.
ერევნელმა კოლეგებმა, რომლებიც თბილისში სტუმრობისას დაესწრნენ „ირმისას" სპექტაკლებს, მოინდომეს თავადაც ჩამოეყალიბებინათ სკოლის მარიონეტების თეატრი და მხარდაჭერისთვის „ირმისას"წევრებს მიმართეს. ერევანში ჩვენმა „მეთოჯინეებმა" ოთხი დატვირთული და საინტერესო დღე გაატარეს, როგორც საქმიანობის მხრივ, ასევე ემოციურადაც. ადამიანური სითბოთი განმსჭვალულ ატმოსფეროში ამ ორი „დასის" ერთობლივი მუშაობაც ნაყოფიერი გამოდგა. მათ დაასრულეს მარიონეტები ზღაპარისთვის „ოქროს ბატი", შექმნეს დეკორაციები. თბილისელებმა ერევნელი კოლეგები მარიონეტების „გაცოცხლების" საიდუმლოსაც აზიარეს, ხოლო პატარა მაყურებლს რუსული ხალხური ზღაპარი „გედები" უჩვენეს.
და ბოლოს, საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ჩვენი სომეხი მეგობრების მიერ გამოჩენილი ტრადიციული კავკასიური სტუმართმოყვარეობა... და რაოდენ სასიხარულოა, რომ ის ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც ორიოდე წელია ჩაისახა თბილისისა და ერევნის ვალდორფის სკოლებს შორის, მარტო ტრადიციას არ ემყარება და ახლებური სამომავლო იმპულსებით საზრდოობს.
ამ ორივე სკოლის უმთავრეს საზრუნავს მომავალი თაობის აღზრდა-განვითარება წარმოადგენს, იმ თაობისა, რომელიც მხნედ უნდა დაუხვდეს ცხოვრებისეულ გამოწვევას და რომელმაც თავი უნდა გაართვას კაცობრიობის სამომავლო ამოცანებს. ამაში კი, სხვა ყველაფერთან ერთად, ფასდაუდებელი მნიშვნელობა ადრეულ ასაკში ზღაპრის ფერადოვან სამყაროსთან ზიარებასაც გააჩნია.