უცხოენოვანი სპექტაკლები
ვალდორფის სკოლა და განსაკუთრებით კი უცხო ენის მასწავლებლები მადლიერნი არიან იმ დიდი და დაუღალავი შრომისთვის, რომელიც უცხო ენების მენტორმა, ქალბატონმა მაიკე ბიშოფმა, გაწია 2010-2012 წლებში თბილისში ჩატარებული ინტენსიური სემინარული მუშაობის სახით.
სწორედ ამ დროს ქალბატონ ბიშოფის თაოსნობით შემუშავდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც უკვე სამი წელია ვალდორფის სკოლის მე-6 და მე-10 კლასები დგამენ გერმანულენოვან სპექტაკლებს.
ამ ხნის განმავლობაში მშობლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ ესიამოვნათ შემდეგი თეატრალური წარმოდგენებით:
მე-6 კლასი:
იოჰან იაკობ ასტორი (2012)
ჰამელნელი მესალამურე (2013)
ცივი გული (ჰაუფი, 2014)
მე-10 კლასი:
იედერმანი (ჰოფმანსტალი, 2013)
სამგროშიანი ოპერა (ბრეხტი/ვაილი, 2014)
არ დამიძახოთ ისმაელი (ბაუერი, 2015)
სპექტაკლი „სამგროშიანი ოპერა“ გერმანული ენის გაკვეთილის ფარგლებში.
ჩემი პირველი შეხვედრა მე-10 კლასთან: ცნობისმოყვარე და მოლოდინით სავსე სახეები, გაუბედავად გამოთქმული აზრი. და მალე წამოძახილები კლასში: „ჩვენ წლის ბოლომდე გერმანულენოვანი სპექტაკლი უნდა დავდგათ.“ „საამისოდ საკმარისი გერმანული არ ვიცით.“ „ამას ვერასოდეს შევძლებთ!“
მასწავლებელთა ხშირი ცვლილების გამო, ზოგი მოსწავლის თავდაჯერებულობა და, სამწუხაროდ, გერმანული ენის ცოდნაც არასახარბიელოდ გამოიყურებოდა. მაშ, რომელი ნაწარმოები უნდა შერჩეულიყო მე-10 კლასის ტრადიციული სპექტაკლისთვის? კლასის ცოდნის დონის შესაბამისი პატარა პიესა ჩემთვის პედაგოგიურად მიუღებელი იყო. ეს უნდა ყოფილიყო რაიმე „სერიოზული“ ნაწარმოები, რომელიც ცნობილიც იყო და მოსწავლეებს გაუღვიძებდა იმის განცდას, რომ მათ რაღაც დიდის მოხელთება და შექმნა შეუძლიათ. ის, რომ კლასი ძალიან კარგად მღეროდა, გვაძლევდა შესაძლებლობას, მუსიკის გზით დავკავშირებოდით გერმანულ ენას. ასე გაკეთდა არჩევანი ბერტოლდ ბრეხტისა და კურტ ვაილის „სამგროშიან ოპერაზე.“
ამ ამბავს კლასი დასაწყისიდანვე ანთებული შეხვდა. სულ მალე მოსწავლეთა სიმღერის ხმა შესვენებებზეც ისმოდა. დაიწყო(შემოკლებულ და არა გამარტივებულ) ტექსტებზე მუშაობაც. მიუხედავად იმისა, რომ პიესა თემატურად მე-10 კლასისთვის ცოტა ნაადრევად გამოიყურებოდა, მოსწავლეებმა მაინც შეძლეს მისი შინაარსის გათავისება. ისინი მსჯელობდნენ თემებზე, როგორიცაა: რელიგიური და სოციალური თვალთმაქცობა, სამართალი და სამართლიანობა. ხოლო დისკუსია იმის თაობაზე, შეწყალება სამართალზე მაღლა უნდა იდგეს თუ არა, ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ მომენტს მიეკუთვნება.
შემდგომ მნიშვნელოვან ასპექტად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ კლასს, როგორც ერთ მთლიანობას, დამოუკიდებლად, სხვისი დახმარების გარეშე, მოეხერხებინა სპექტაკლის მხატვრული გაფორმება, კოსტიუმებით, რეკვიზიტით, დეკორაციით, მუსიკით და ა.შ. ჩემი მხრიდან აქაც საჭირო გახდა მოსწავლეთა გამხნევება და დარწმუნება, ვიდრე, ბოლოსდაბოლოს, ყველა სრულად ჩაერთვებოდა საქმეში.
ფასდაუდებელია მუსიკის მასწავლებლის მარი მესხის თანადგომა და დახმარება. პროექტზე მუშაობისას, მეც შემხვდა ესათუის სასიამოვნო მოულოდნელობა, ვინაიდან ხედავ მოსწავლეთა ისეთ თვისებებს, რაც ჩვეულებრივ გაკვეთილზე, როგორც წესი, არ ჩანს. მუდმივად მძინარა მოსწავლეები უცებ აქტიურ სცენის გამფორმებლებად გადაიქცნენ, ხოლო ნაზმა „ყვავილებმა“ უცებ ცეკვის დიდი ნიჭი გამოამჟღავნეს. რაც შეეხება ენას, ერთხელ კიდევ გახდა ნათელი, რამდენად მნიშვნელოვანია თეატრი, სადაც მოსწავლეები კონკრეტულ როლებს ირგებენ, მათი ცხოვრებით ცხოვრობენ და ენას არა მხოლოდ აზრობრივად, არამედ გრძნობისა და ნების საშუალებითაც აღიქვამენ და უკავშირდებიან.
ღია ცის ქვეშ გამართულმა ორივე წარმოდგენამ წარმატებულად ჩაიარა. მოსწავლეებმა მაყურებელთა დიდი ქება დაიმსახურეს. კლასიც კმაყოფილი იყო შედეგითა და გერმანული ენისადმი დაბრუნებული რწმენით. შემდგომ გაკვეთილებზე ხშირად წამოუძახიათ ამა თუ იმ კითხვის საპასუხოდ: „ეს ხომ სამგროშიანი ოპერის ტექსტში შეგვხვდა!“ ან კიდევ, ვიღაც რაიმე ფრაზას უბრალოდ წაიღიღინებდა.