ჯადოსნური სამყარო
გიყვართ ფათერაკიანი თავგადასავლები? გსურთ, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით იმოგზაუროთ? მაშინ სკოლის ეზოში, ხელმარცხნივ, პატარა კიბეს უნდა ჩაუყვეთ და ერთი ჯადოსნური ოთახის კარი უნდა შეხსნათ. იქ, მართლაც, ზღვის ფსკერსაც მოივლით და არწივის სიმაღლიდანაც გადმოხედავთ ქვეყნიერებას; გველეშაპსაც შეერკინებით და დატყვევებულ ქალწულსაც გამოიხსნით; თუ მოინდომებთ, მანათობელ ვარსკვლავს გაჰყვებით და ბაგაში მწოლიარე ყრმას მურს, ოქროსა და გუნდრუკს მიართმევთ... მიხვდით ალბათ, ეს ჯადოსნური ოთახი თოჯინების თეატრ „ირმისას“ ადგილსამყოფელია.
ყველაფერი ხელგარჯილობის ოთახში, მშობელთა და მასწავლებელთა პატარა წრეში დაიწყო.მაგიდებზე დახვავებულ მუყაოს ნაჭრებს, მატყლის გროვას, ფერად ქსოვილებსა და საღებავებიან ქილებს შორის ამ საქმის სულისჩამდგმელი ქალბატონი, ინგრიდ ნებელინგი ჩამდგარიყო და ახალბედა მეთოჯინეებს ზღაპრის გაცოცხლების ხელოვნებას აზიარებდა.
ცოტა ხანში სულგანაბული ბავშვები სახელდახელოდ შეკოწიწებულ სცენაზე გაფაციცებით ადევნებდნენ თვალს გრიმების ზღაპრის გმირების – ჩიტნაპოვნასა და ლენხენის საოცარ თავგადასავალს და მათთან ერთად იმეორებდნენ:
– არც შენ მიმატოვო და არც მე მიგატოვებ.
– არც დღეს და არც არასოდეს.
„ჩიტნაპოვნას“ „ნაცარქექია“ მოჰყვა, „ნაცარქექიას“ – „წიქარა“, „გოგონა ლამპრით“ და ა. შ. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ...
მერე ზღაპრების გაცოცხლებულმა გმირებმა ფეხი აიდგეს და თბილისის სხვადასხვა სკოლებსა და საბავშო ბაღებს მიაშურეს. არც მძიმე სენით დაავადებული ბავშვები გამორჩენიათ. თავინთი სიმამაცე და სიკეთის რწმენა მათაც უწილადეს. ხოლო ქართული ზღაპრის გმირმა ირმისამ ცხრა მთა გადალახა და თავისი ამბავი გერმანელ ბავშვებსაც უამბო... ასე თანდათანობით პატარა ჯგუფი ნამდვილ „თეატრალურ დასად“ ჩამოყალიბდა. მერე იყო დაუვიწყარი სტუმრობა ერევნის ვალდორფის სკოლაში და ერევნელი კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარება.
ახლა ერთ საოცრებაზე უნდა გიამბოთ:ჯადოსნური ოთახიო, რომ ვთქვით, ის, თავდაპირველად,სკოლის სარდაფში, ერთი ბნელი, მიტოვებული ოთახი იყო და როგორც ზღაპრებში ხდება ხოლმე, ეს მივიწყებული ოთახი უცებ ნამდვილ სასახლედ იქცა,თავისი სცენით, კულისებით და მაყურებელთა დარბაზით, სადაც უსულო საგნებისთვის „სულის ჩადგმის“ ხელოვნებას ჩვენი მოსწავლეებიც ეუფლებიან.
და ბოლოს, ერთი საიდუმლოს გაგიმხელთ: სინამდვილეში ჯადოსნობა აქ არაფერ შუაშია.ამას უბრალოდ (!) საქმისადმი სიყვარული და ერთგულება, ენთუზიაზმი და თვითგაღების უნარი ესაჭიროება. ხოლო თუ თქვენ არ მიატოვებთ იმ ფერადოვან, იდუმალებით მოსილ სამყაროს, რომელსაც ზღაპარი ქვია, არც ის მიგატოვებთ, „არც დღეს და არც არასოდეს“.
ხომ ასეა ქალბატონო ინგრიდ?!