მისია

თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა კერძო ქართული ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა. სკოლაში სწავლება ხორციელდება ანთროპოსოფიულ ადამიანთმცოდნეობაზე დაფუძნებული  საერთაშორისოდ აღიარებული ვალდორფის პედაგოგიკის პრინციპებით და  ეყრდნობა ქართულ კულტურას.

ვალდორფის პედაგოგიკის ამოსავალი წერტილი ბავშვის და მოზარდის ინდივიდუალურ განვითარებაზე დაკვირვება და მისი ხელშეწყობა, ასევე მათი შესაძლებლობების და პოტენციალის გამოვლინებაა. აღზრდის პროცესი მიმდინარეობს მოსწავლეების ადამიანური ღირსების, კულტურული მრავალფეროვნების, ზოგადადამიანური ღირებულებების სრული პატივისცემით, აღსაზრდელების შემეცნებითი, შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარების თანაბარი განვითარებით.

მოსწავლის ჯანსაღი განვითარებისთვის პედაგოგები და მშობლები აქტიურად თანამშრომლობენ და პასუხისმგებლობებს ინაწილებენ როგორც აღმზრდელობით, ასევე სკოლის მართვის სფეროში.

სკოლის სასწავლო პროგრამა შეესაბამება როგორც ვალდორფის სკოლების საერთაშორისოდ აღიარებულ კურიკულუმს, ასევე ეროვნულ სასწავლო გეგმას. სკოლის კურსდამთავრებული იღებს ზოგადი განათლების ატესტატს.

სკოლა ხელმისაწვდომია ყველა ბავშვისთვის, მიუხედავად რელიგიური, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა.

სკოლის მიზანია აღზარდოს თავისუფალი პიროვნება, რომელსაც გაცნობიერებული აქვს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და თავად საზღვრავს საკუთარ ადგილს თანამედროვე საზოგადოებაში.


 

Created By Studio SPAR.GE
2014 All rights reserved