სიკეთის გაკვეთილები
კლასში სიჩუმეა, პირველკლასელები გამალებით მუშაობენ. სახეზე ოდნავი დაძაბულობა აღბეჭდიათ. ხუმრობა ხომ არ არის – „ცხვრები“ერთი მთიდან მეორეზე გადაჰყავთ! ქვემოთ უფსკრულია. თითოეულ ცხვარზე უნდა იზრუნონ... ცხვარი მატყლს გვაძლევს. მატყლიდან ძაფს ვართავთ. ძაფით კი რას აღარ მოქსოვ...
...პატარა ირაკლი მერხის მეგობარმა გაანაწყენა. ბიჭუნას თვალები ცრემლით ევსება. გაგულისებული ცელქ მეგობარს პირში მიახლის: „შენ რა უნდა გელაპარაკო, ჯერ ერთი ტომსიკაც არ მოგიქსოვია?! “
ტომსიკაში ჩვენი „პატარა მწყემსები“ თავიანთ განუყრელ სალამურს (ფლეიტას) ჩადებენ და გულზე ჩამოიკიდებენ. აი, ასეთი გახლავთ ძველი, ტრადიციული არქეტიპის – სალამურიანი მწყემსის – ვალდორფული სიცოცხლე.
მალე ბავშვები ისე იწაფებიან, რომ სულ ღიღინ-ღიღინით ქსოვენ სხვადასხვა ცხოველს, ბუთქუნა ცხვრებსა თუ ჭრელკუდა მამლებს... მეტი სიფხიზლისათვის, დროა, ყაისნაღიც მოიმარჯვონ და ფერად-ფერადი ხელსახოცები და ბადეები მოქსოვონ. ბადე მალე დასჭირდებათ: დიდი მდინარე – რუბიკონი უნდა გადალახონ. ტალღებს არ უნდა შეეპუონ. ჯვრიანებით ქარგვა – მარჯვენა-მარცხენას ჰარმონიული გადაკვეთა. შინაგანი საყრდენი პუნქტის მოძიებაში უთუოდ დაეხმარებათ.
გაღმანაპირს მშვიდობიანად მივადექით. წყლიდან თავი ამოვყავით. ახლა „თავისთავადობის“ ნიშნად, თავზე საკუთარი ხელით მოქსოვილი ქუდიც ჩამოიცვეს.
ძვირფასო მშობლებო! მოგიქსოვიათ ოდესმე ნამდვილი, ხუთთითიანი ხელთათმანი, ხუთი ჩხირით, ნაკერის გარეშე? თუ არა, თქვენს შვილებს დაემოწაფეთ. ანგარიშშიც გავარჯიშდებით და ფორმის გრძნობასაც გაიუმჯობესებთ!
ცოტაც და ჩვენი „მწყემსები“ ცხოვრებაში დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმას დაიწყებენ და საიმედო, ფეხზე კარგად მომდგარი ფეხსაცმელიც დასჭირდებათ. ფეხსაცმლის შეკერვა იოლი არ არის. თარგი უნდა აიღონ, სიზუსტე უნდა დაიცვან, ტერფს კალაპოტი ზუსტად უნდა მოარგონ, რათა მიწაზე მყარად დგომა და სიარული შეძლონ! ამის შემდეგ უკვე მთლიანი ადამიანის სურათხატს უნდა შეეჭიდონ – რთული მარიონეტები უნდა დაამზადონ. მარიონეტებს, ხელოსნობის გაკვეთილზე, მექანიკის კანონების გამოყენებით, ამზადებენ (აი, სად გამოადგათ ამ წელს ფიზიკის ეპოქაში გავლილი მექანიკა!) ხელგარჯილობაზე კი საკუთარ წარმოსახვას ასხამენ ფრთებს; VII კლასელთა შრომა დიდი ზეიმით – თოჯინური წარმოდგენით გვირგვინდება. მთელი სკოლა დარბაზში იკრიბება. ისინიც სიამაყით გვიჩვენებენ თავიანთ ერთობლივ ნამუშევარს, სადაც თითოეული მოსწავლის პირადი წვლილიც თვალსაჩინოა. ამ არაჩვეულებრივ სანახაობას „სოციალურობის ტესტიც“ შეიძლება ვუწოდოთ; ყველაზე მოუსვენარი მოსწავლეც კი იქ, კულისებში მოთმინებით ელოდება თავის რიგს. დღესასწაული შედგა! გარჯად ნამდვილად ღირდა!
ბოლო აკორდის ჯერიც დადგა. ახლა თოჯინა კი არა, საკუთარი თავი უნდა შემოსონ: ხაზავენ, თარგებს ქმნიან, ჭრიან და ფეხის საკერავ მანქანაზე მუშაობას ეუფლებიან. თავსაც მოიწონებენ... რა თქმა უნდა, მათ ხომ საკუთარი ნახელავი აცვიათ!
P.S. ამასობაში ჩვენი ირაკლიც გაიზარდა. ის ახლა ექიმობაზე – ქირურგობაზე ოცნებობს. მისი გულუბრყვილო სურვილი, გზააბნეულ ცხვრებს დახმარებოდა, ადამიანებისდახმარების მისწრაფებად გარდასახულა. ხელგარჯილობის გაკვეთილებზე გამომუშავებული ხელის სიმარჯვე კი მას ამ პროფესიაში (ისევე, როგორც ნებისმიერ სხვაში) ნამდვილად წაადგება.