პროექტი - კლასების გაცვლა

გასული საუკუნის 90-იანი წლები. დანგრეული საბჭოთა კავშირი. დამოუკიდებ­ლობამოპოვებული ორი პატარა ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში. მორღვეული ეკონომიკა, რთული სოციალურ-პოლიტიკური ფონი, შეიარაღებული კონფლიქტები...

ამ უმძიმეს სიტუაციაში ორივე ქვეყანაში თითქმის ერთდროულად, მაგრამ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ადამიანთა პატარა ჯგუფი ქვეყნის სამომავლო განვითარება მოზარდი თაობის აღზრდას უკავშირებს და ვალდორფის სკოლის დაარსებისთვის იღწვის.

მოვლენები სწრაფად ვითარდება და ცოტა ხანში თბილისისა და ერევნის ვალდორფის სკოლები თავის პირველ მოსწავლეებს უღებენ კარს. იწყება თვითდამკვიდრების რთული და საინტერესო პერიოდი. და აი, დგება დრო, როცა ეს სკოლები ერთმანეთს სამეგობროდ გაუწვდიან ხელს.

ძნელი სათქმელია, როდის ან სად ჩაისახა ეს იდეა. ერთი რამ კი ცხადია: ურთიერთობის სურვილი ორივეგან არსებობდა. რაც მთავარია, მოძებნილ იქნა ყველაზე უშუალო და წრფელი გზა, რომელიც  მოსწავლეთა ერთმანეთთან დაახლოებას გულისხმობდა.

2011 წლის შემოდგომა... თბილისელი მოსწავლეები მზრუნველთან ერთად პირველად მიემგზავრებიან ერევანში. ერევანი სტუმრების დასახვედრად მზად არის. ყველაფერი საგულდაგულოდაა დაგეგმილი. ჩვენი მოსწავლეები  თავიანთ თანატოლებთან ცხოვრობენ. დღისით სასწავლო პროცესში ერთვებიან, მერე ერევანს ათვალიერებენ, მეზობელი ქვეყნის აწმყოსა და წარსულს ეცნობიან. საღამო კი თავისუფალი აქვთ... საღამო მათია!. ეს ერთმანეთთან დაახლოების დროა.

შემდეგ ერევნელი მოსწავლეები გვსტუმრობენ. კიდევ ერთი შეხვედრა. კვლავ ერთად გატარებული დღეები. იხატება სკოლის ეზოს უკანა კედელი, იმართება კონცერტი, სომეხი და ქართველი მოსწავლეები ერთად ასრულებენ ქართულ და სომხურ სიმღერებს...

წელს უკვე მეოთხე მეათე კლასი ემზადება ერევანში გასამგზავრებლად. მიდიან, რომ ახალი მეგობრები შეიძინონ, დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აღივსონ და, ბოლოსდაბოლოს, თვალი შეავლონ  იმ მთას, საიდანაც ოდესღაც თეთრი მტრედი აფრინდა, ზეთისხილის რტოთი.

ბიბლიის გახსენებაზე...

ამ ორი ერის „ბიბლიურ ძმობაზე“  აქ აღარ შევჩერდებით. ეს წერილი იმ პერიოდის აღწერით დავიწყეთ, როცა ძველი დაინგრა და გაცამტვერდა, ხოლო ადამიანები არჩევანის წინაშე დადგნენ: ან ისევ ძველსა და ტრადიციულს უნდა ჩაბღაუჭებოდნენ ან ახალი გზები გაეკვალათ სამყაროსთან და ერთმანეთთან მისასვლელად.

და დღეს, როცა ვხედავ სომეხი და ქართველი მოსწავლეების გაბრწყინებულ სახეებს მათი შეხვედრის დროს და აცრემლებულ თვალებს განშორებისას, როცა მესმის დარწმუნებით ნათქვამი „ისევ შევხვდებით,“ ძალაუნებურად გონებაში ებრაული წარმოშობის დიდი ქართველი პოეტის, ჯემალ აჯიაშვილის სტრიქონები მიტივტივდება:

 

„მაგრამ უფსკრულთან ისევ ყვავის ძველი პირიმზე,
მზესაც, როგორც ჩანს, სარბიელი მისცა უკუნმა
და ბიბლიური სიყვარულით გამთბარ ბილიკზე
ანგელოზები მიმოდიან წაღმა-უკუღმა.“

Created By Studio SPAR.GE
2014 All rights reserved