ორკესტრის დაბადება

საქართველოში ალტერნატიული განათლების ერთადერთი კერა ვალდორფის სკოლაა.
ის, ამავდროულად, ერთადერთი სკოლაა, რომელიც ნამდვილად თვითმართველობით იმართება.
და ასევე - ის ერთადერთია, რომელსაც თავისი ორკესტრი ჰყავთ.
1994 წელს, როცა სკოლა გაიხსნა, სულ სამი კლასი გვყავდა - 7-8 წლის გოგონები და ბიჭუნები. გაკვეთილის დაწყება-დამთავრებას მოსწავლეებს პაწაწინა ზარის წკრიალი ატყობინებდა. რაც გაკვეთილზე ხდებოდა, გარეშე თვალისთვის მიუწვდომელი იყო. ერთადერთი რამ, რაც საკლასო ოთახის კედლებში ვერ ეტეოდა, გარეთ იჭრებოდა და სკოლის მთელ სივრცეს აღავსებდა, სიმღერებისა და ბლოკფლეიტებით შესრულებული მელოდიების ხმა, მოკლედ, მუსიკა იყო! გადიოდა დრო. იზრდებოდნენ ბავშვები. იზრდებოდა სკოლაც. და ერთ დღესაც დერეფანში პაწია ვიოლინოებითა და ჩელოებით მოსიარულე ბავშვები გამოჩნდნენ. საკლასო ოთახებიდან კი სავარჯიშოებისა და გამების ხან უსუფთაო, ხან სუფთა ბგერების ხმა მოისმოდა. ვალდორფის სკოლის ბავშვები საორკესტრო ინსტუმენტებს ეუფლებოდნენ. ერთ მშვენიერ დღეს, დარბაზში შევიხედე და მარიამის გარშემო შემოკრებილი მოსწავლეები დავინახე ვიოლინოებით, ჩელოებით და ბლოკფლეიტებით ხელში. ისინი ნაცნობი სიმღერის დაკვრას ცდილობდნენ. ბგერები ჯერ გაუბედავი იყო, მაგრამ მარიამის მშვიდი და კმაყოფილი მზერა ბავშვებს სითამამესა და თავდაჯერებულობას სძენდა. ამის შემდეგ ხშირად შევხვედრილვარ მათ ეზოში, კლასსა თუ დერეფანში ერთად შეკრებილებს. ძალიან მალე პირველი კონცერტი დაინიშნა.
ეზოში უამრავმა მსმენელმა მოიყარა თავი. ბავშვებმა დაიკავეს თავიანთი ადგილები. კონცერტის დაწყებას ყველა ბედნიერი, მაგრამ ცოტათი აღელვებული ელოდა. ერთმანეთის გამხნევებით თავს უფრო გაბედულად გრძნობდნენ. ხმაური შეწყდა, ბავშვები გაფაციცებით შეყურებდნენ დირიჟორს. მანაც ხელი შემართა და კონცერტი საზეიმოდ გაიხსნა. ესარ იყო ჩვეულებრივი კონცერტი, ეს ორკესტრის დაბადება გახლდათ. თბილისის ვალდორფის სკოლა ნელ-ნელა თავის სახეს იღებდა. ბავშვებს ერთად დაკვრა დიდი სიხარულს ანიჭებდათ. რეპერტუარი იზრდებოდა, იზრდებოდაორკესტრის წევრთა რიცხვიც. მთელი თბილისის მუსიკალური სკოლების ჩელისტები რომ შეგეკრიბათ, იმდენ ჩელისტს ვერ ნახავდით, რამდენიც ჩვენ გვყავდა, ვინც ფორტეპიანოზე დაკვრას სწავლობდა, მეორე ინსტრუმენტის - ვიოლინოს დაუფლებას იწყებდა. გაჩნდნენ დიდ ფლეიტაზე დაკვრის მსურველებიც, ატყდა ფუსფუსი, გაკვეთილების შემდეგ კლასებიდან სხვადასხვა ინსტრუმენტების სასიამოვნო ხმა ისმოდა.
ერთხელაც, თბილისის ვალდორფის სკოლის ეზო უამრავი გერმანელი და ქართველი მოსწავლით აივსო. მათ ერთად სიმფონია უნდა დაეკრათ. თავდაპირველი უხერხულობა და გაუბედავი ურთიერთობები ორკესტრანტთა შორის რეპეტიციებზე ნელ-ნელა მოიხსნა. აი, კონცერტებიც. ბგერათა ჰარმონიამმთელი დარბაზიმოიცვა. გასაოცარი ერთსულოვნება შედგა. ეს არა მხოლოდ შემსრულებელთა, არამედ მსმენელთა ზეიმიც იყო. მუსიკა ხომ ყველაზე ინტერნაციონალური იმპულსების შემცველია. ესკიერთობლივი შემოქმედებისთვის ფართო შესაძლებლობებს იძლევა, რაც თავისთავად ისეთი მეგობრობის საწინდარია, მაღალი სფეროებიდან რომ იბადება.