20 წელი

ჩვენი ახალგაზრდული ორკესტრის 55 წევრი1994 წლის მაისში ბეთჰოვენის მე-8 სიმფონიით პირველად გაემგზავრა საქართველოში. ჩვენი საქართველოში სტუმრობის მიზეზი პარტნიორი ორკესტრის მიპატიჟება იყო. ქართულ ორკესტრს ქარიზმატული და ენერგიული დირიჟორი ნუკრი დავითაშვილი ედგა სათავეში. ჩვენს სტუმრობას თან ახლდა ერთობლივი გამოსვლები - კონცერტები „გერმანული კულტურის დღეების" ფარგლებში. ვინაიდან ზაარლანდი და საქართველო, ზაარბრუკენი და თბილისი წლების განმავლობაში პარტნიორულ ურთიერთობაში იყვნენ, ჩვენი სტუმრობაც ამ ურთიერთობის ბუნებრივ გამოხატულებად მოიაზრებოდა, თუმცა იგი მეტწილად „DGF"-ს (გერმანულ-ქართული მეგობრობის წრე) და განსაკუთრებით, მისი აქტიური თავმჯდომარისა და თანადამაარსებლის, მათიას ვალენტინის, აქტიური მუშაობის შედეგი გახლდათ. ამ საზოგადოების საქმიანობის ძირითადი მიმართულება 90-იანი წლების დასაწყისში ჰუმანიტარულ მიზნებს ემსახურებოდა. იმ დროისათვის საქართველოში სულ ახალი დასრულებული იყო სამოქალაქო ომი. მისი კვალი ჯერ კიდევ კარგად იგრძნობოდა ყველგან და განსაკუთრებით ნათლად ჩანდა ყოველდღიური ცხოვრების სიდუხჭირეში. სწორედ ამ მიმართულებით დაიწყო „DGF"-მა მუშაობა. სულ მალე კი საზოგადოების მიზანი არა მარტო გასაჭირის შემცირება, არამედ „მომავალში ინვესტიცია" გახდა. ამ კუთხით მუშაობის საუკეთოსო გზად კი ახალგაზრდების საერთო შემოქმედებითი მუშაობა იქნა მიჩნეული. ეს გახლდათ იდეალური ფუნდამენტი ჩვენი პირველი სტუმრობისა, რამაც ჩვენზე ღრმა შთაბეჭდილება დატოვა. მაშინ, ისევე როგორც დღეს, ამ ახალგაზრდული კონცეფციის შემადგენელი ნაწილი იყო, მუსიკის საშუალებით ორი ქვეყნის წარმომადგენელთა დაახლოება, რაც მასპინძელ ოჯახებში ცხოვრებასა და ამ გზით ადამიანებისა და ქვეყნის უკეთ გაცნობასაც გულისხმობდა.
ჩვენი პირველი სტუმრობა პიონერულ ხასიათს ატარებდა და არავინ იცოდა, რა ნაყოფს გამოიღებდა. ყოველ სტუმრობას მომდევნო წელს მეორე მხარის საპასუხო ვიზიტიმოჰყვებოდა, და ამდენად, შემდეგ ჯერზე მასპინძლობას უკვე ჩვენ ვწევდით.
იმდენად დიდი იყო ახალი მეგობრული ურთიერთობით გამოწვეული აღფრთოვანება და მისი გაგრძელების ორმხრივი სურვილი, რომ 1996 წელს ჩვენ კვლავ საქართველოში აღმოვჩნდით, ხოლო 1997 წელს მეორედ ვუმასპინძლეთ ქართულ მხარეს. ამ სტუმრობისასორკესტრი გრიგის ენერგიული სიმფონიითა და პერ-გიუნტის სუიტებით წარსდგა მსმენელის წინაშე, ორკესტრის მუსიკალური ასისტენტი შესანიშნავი მევიოლინე და დირიჟორი ბაადურ სამადაშვილი გახლდათ.
ოთხ წელიწადში ბევრი რამ შეიცვალა, 2001 წლის „11 სექტემბრიდან" დიდი დრო არ იყო გასული, რომ ორკესტრის რეპეტიციები პირველად ჩატარდა ახლადდაარსებულ თბილისის ვალდორფის სკოლაში. ჩვენი კონცერტების ძირითად კერებად იქცა თბილისის ევანგელური ეკლესია და ქალაქი ბათუმი შავი ზღვის პირას.
ქართულ-გერმანული ურთიერთობის გაღრმავების გამოხატულებად შეიძლება მივიჩნიოთ ქართველების სტუმრობისას ქ. დიუსელდორფსა და ჰაიდელბერგშიჩატარებული კონცერტები.
2005 წელს ჩვენს ორკესტრს ტრირიდან 10 მუსიკოსი შეუერთდა, ქართულ მხარეს კი ენერგიული დირიჟორის ასისტენტი ლექსო ტურიაშვილი შეემატა. ამ წლის პროგრამაში მენდელსონის პირველი სიმფონია შევიდა.
„ვარდების რევოლუციის" შემდეგ ჩვენ უფრო ნათელმა, „აყვავებულმა" და ოპტიმისტურმა თბილისმა გვიმასპინძლა.
2006 წლის საპასუხო ვიზიტი დატვირთული და მრავალფეროვანი პროგრამით გამოირჩეოდა. ჩატარდა უამრავი კონცერტი ტრირში, ლუქსემბურგში, ზასენის თემში.
შემდეგი სტუმრობა თბილისში 2008 წლისთვის დაიგეგმა, თუმცა „კავკასიის ომის" გამო იგი ერთი წლით გადაიდო. ამ ვიზიტისას ჩვენი თანადგომა ლტოლვილთა სოფელ წეროვანში ჩატარებული კონცერტით გამოვხატეთ.
ამ სტუმრობას თან სდევდა ქართველი და გერმანელი ახალგაზრდების განსაკუთრელი სიახლოვე, რაც, ჩვენდა გასაოცრად, მათი შეხვედრის პირველივე წუთებიდან გამოვლინდა. ისეთი განცდა გვქონდა, თითქოს დიდი ხნის უნახავი მეგობრები შეხვდნენ ერთმანეთს. აქამდე არასდროს ყოფილა ამდენი ერთობლივი სიმღერა და გართობა. ამ ვიზიტს მუდამ თან ახლდა კარგი განწყობა და მეგობრული ურთიერთდამოკიდებულება. იგივე განწყობა გაგრძელდა 2010 წელს ქართველების საპასუხო სტუმრობისას. ამის გამოხატულება იყო ბეთჰოვენის ხალისიანი მე-7 სიმფონია.
2013 წელს ჩვენს პარტნიორ ორკესტრში ცვლილება მოხდა: ორკესტრის დამაარსებელი და „მუსიკალური მამა" ნუკრი დავითაშვილი მრჩევლის როლში მოგვევლინა, რაც მისი საპენსიო ასაკიდან გამომდინარე სრულიად გასაგებია. აღსანიშნავია ამ ფენომენალური მუსიკოსის წვლილი 20 წლის განმავლობაში ორკესტრის განვითარებაში და იმედს ვიტოვებთ, რომ მას კვლავ ვიხილავთ ზაარლანდში თავის მოსწავლესთან, ახალგაზრდა და ენერგიულ ირაკლი შერმაზანაშვილთან ერთად.
20 წლის განმავლობაში ახალგაზრდული ორკესტრის პროგრამა ძალზე დატვირთული იყო. შესრულდა სხვადასხვა ნაწარმოები. მათ შორის: ჰაიდნი, ცინცაძე, ბონტემპო, ფაურე, კილაძე, ვიტი, ლაღიძე, ვივალდი, გოუნოდი, მოცარტი, დვორჟაკი... ამ გაცვლით პროგრამაში ჩართული იყო უამრავი ადამიანი: სოლისტები, დაუღალავი ორგანიზატორები, დამხმარეები სამზარეულოში, სპონსორები, მშობლები და რა თქმაუნდა უამრავი ახალგაზრდა! ქართველი მოსწავლეების უმეტესობისთვის ეს იყო გერმანიაში გამგზავრების არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, ყველა მონაწილისთვის კი დაუვიწყარი განცდა და ხალხთა მშვიდობიანი თანაარსებობის ნიმუში.
წარსულის ხედვა მომავლის იმპულსს შობს, მომავალი კი გაურკვეველია, ვინაიდან ამ პროექტის დაფინანსება სულ უფრო რთულდება. ამიტომაც მოხარულნი ვართ იმის გამო, რაც იყო და იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში გამოსავალი აუცილებლად მოიძებნება.
ჰუბერტ პეჰი