ყველაფერი ასე დაიწყო...
„ხელოვნება თავისუფლების ასულია“ – თქვა ერთხელ ფრიდრიხ შილერმა. და ეს ასეც არის. რადგანაც მუსიკას არ აქვს საზღვრები, თავისუფლებას არ აქვს საზღვრები, სიყვარულს არ აქვს საზღვრები; და ქვეყნებს შორისაც ქრება საზღვრები, როცა ადამიანებში ძლიერია შეხვედრის სურვილი, მეგობრობით და ერთობლივი შემოქმედებით გამოწვეული სიხარული."
ვალდორფის სკოლა ნამდვილი, ცოცხალი მუსიკის გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენი სკოლა სამი წლის დაარსებულია და კლასებში უკვე მუსიკალური ინსტრუმენტების ხმა ისმის - ბლოკფლეიტების, ჩელოსი, ვიოლინოსი... ზოგი მარტო უკრავს, ზოგს კი „ანსამბლი" შეუკრებია და სხვებთან ერთად მუზიცირებს.
ჩვენს სკოლას უკვე ჰქონდა ტრადიცია ორკესტრთა მიღებისა და მასპინძლობისა: საქართველოდან - მიქელაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეთა ორკესტრს ვუსმენდით, გერმანიიდან - ზაარბრიუკენის ვალდორფის სკოლის ორკესტრი ჩამოდიოდა...
მაგრამ ორკესტრზე, საკუთარი ორკესტრზე მხოლოდ თუ ვიოცნებებდით!
კლასის მასწავლებლობისთვის ვემზადებოდი. დამატებით საგნად - ხელგარჯილობა მქონდა. მთელი ზაფხული რჩევებს ვუსმენდი, ვკითხულობდი, ვეკითხებოდი... პირველსავე კონფერენციაზე კი სკოლამ მუსიკის საათები მომცა - ჩვენს სკოლაში იმ დროს ყველაზე მაღალ, მეხუთე კლასში! ნახევარ წელიწადში, საშობაოდ „მოხუცთა სახლის" დარბაზში მთელი ორკესტრი იდგა - ჩვენი ორკესტრი! და მოხუცებს ნამდვილ მუსიკას სთავაზობდა.
სცენაზე ბლოკფლეიტების, ვიოლინოებისა და ჩელოების გარდა ეწყო უცნაური დასარტყამი ინსტრუმენტები: გადაჭრილი მილები, გათლილი ჯოხები, ძაფზე ჩამოკიდებული სქელი მავთულები... მათში მხოლოდ ერთ „ნამდვილ" ინსტრუმენტს - სამკუთხედს თუ ამოიცნობდით... პროგრამაც დიდი სერიოზულობით წაიკითხეს: პ. ჩაიკოვსკის „ეკლესიაში", ბელა ბარტოკის „ფერხული", დირიჟორის ნიშანზე ყველამ ინსტრუმენტი მოიმარჯვა და დარბაზში საოცარი ხმები დაირხა... ყველას ცრემლი მოსდიოდა თვალზე.
შემდეგ იყო ზაფხულის კონცერტი ჩვენს ეზოში; შემდეგ ზაარბრიუკენელებთან ერთადაც ვცადეთ დაკვრა...
აი, ასე დაიწყო ჩვენი სკოლის ორკესტრის რთული, მაგრამ მეტად საინტერესო გზა!
მარიამ დოლიძე