21 წელი საქართველოში

რუდოლფ შტაინერის აღზრდის ხელოვნების მეგობრები

12-11-2015


ჩემთვის ფრიად სასიხარულოა, რომ პატივი მაქვს დღეს, 2015 წლის 3 ოქტომბერს,  მისასალმებელი სიტყვა დავწერო თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლის იუბილესთვის. დღეს ჩვენ ვზეიმობთ აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიის გაერთიანების 25 წლისთავს, ჩვენ ვზეიმობთ არც მთლად უპრობლემო, თუმცა მაინც მშვიდობიანი თანაცხოვრების 25 წლისთავს ევროპაში. ჩვენ ვზეიმობთ ამის წყალობით გახსნილ შესაძლებლობას, კვლავ შეიქმნას ევროპის შუაგული, ადამიანური შუაგული ცხოვრების ყველა სფეროში. ეს არის უპირველეს ყოვლისა, დიდი სამომავლო ამოცანა. ეს ამოცანა დგას ჩვენ წინაშე და ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ მის შესასრულებლად.

გერმანიის გაერთიანებას უნდა ვუმადლოდეთ თავდადებულ მებრძოლებს - 1953 წლის 17 ივნისის ამბოხების მონაწილეებს აღმოსავლეთ ბერლინში, პრაღის გაზაფხულის მებრძოლებს, გდანსკის მუშებს 1980 წელს, მესანთლეებს აღმოსავლეთ გერმანიაში 1989 წელს და ასევე იმ სულიერ არსებებს, რომლებიც მუდმივ კავშირში არიან შუა ევროპის ინდივიდუალობის კულტურის იმპულსებთან. ეს იგივე სულიერი არსებებია, რომლებიც ვალდორფის პედაგოგიკასთანაც არიან დაკავშირებული. ინდივიდუალობის კულტურაში თავისთავად იგულისხმება ზოგადადამიანური იმპულსი და არა გარკვეულ გეოგრაფიულ რეგიონთან მიბმული რამ.

ვალდორფის პედაგოგიკა ამ ინდივიდუალობის კულტურის მტკიცე შემადგენელი ნაწილია, ნაწილია იმ კულტურისა, რომელიც მიისწრაფვის ყოველი ადამიანი განავითაროს გარე სამყაროსა და ადამიანების მიმართ პასუხისმგებლობის მატარებელ პიროვნებად და რომელიც ცდილობს მომავლისკენ გზა გაუკვალოს ადამიანსა და  ადამიანურობას. ვალდორფის პედაგოგიკა იბრძვის, მოიპოვოს თავისუფალი სივრცე ინდივიდუალობის განვითარებისათვის, და საკუთარ თავს ეკონომიკის, მედიის თუ სხვა მსგავს ინსტრუმენტალიზაციათა სერვის-ორგანიზაციად არ მოიაზრებს. ეს ხომ ადამიანურობას საფრთხეს უქმნის.

უზომოდ გვახარებს, რომ უკვე 20 წელია თბილისშიც არსებობს ვალდორფის სკოლა. გვიხარია, რომ შეგვიძლია ამ სკოლას კვლავ და კვლავ დავუჭიროთ მხარი. ვგრძნობთ, რომ ჩვენ და თბილისის ვალდორფის სკოლის კოლეგიას, მოსწავლეებს, მშობლებსა თუ მეგობრებს ღირსეული მომავლისთვის ერთობლივი მუშაობის სურვილი გვაერთიანებს.


ნანა გიობელი

რუდოლფ  შტაინერის აღზრდის ხელოვნების მეგობრები


 



უკან




Created By Studio SPAR.GE
2014 All rights reserved