ზაარ-ჰუნსრიუკის თავისუფალი ვალდორფის სკოლა

12-11-2015


თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლის კოლეგიას, მშობლებს, მოსწავლეებს, მეგობართა წრეს

ძვირფასო მეგობრებო!

პერსონალურად და ზაარ-ჰუნსრიუკის თავისუფალი ვალდორფის სკოლის საზოგადოების სახელით გულითადად გილოცავთ ოცდაერთი წლის იუბილეს.

დაუვიწყარ მოგონებად მექცა ის, თუ როგორ მოვიჩქაროდი 1985 წელს საქართველოში თბილისისა და ზაარბრიუკენის დამეგობრების 10 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებაზე. სწორედ მაშინ მომეცა საშუალება, პირველად გავცნობოდი ქართველებსა და ქართულ კულტურას.

იმხანად ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა საქართველოს ევროპულ კულტურასთან უდავო კავშირის განცდამ  და იმ ფაქტმა, რომ ადამიანთა არაერთი ჯგუფი უკვე მაშინ  - ოფიციალური აკრძალვის მიუხედავად - დაკავებული იყო ანთროპოსოფიის სხვადასხვა  ასპექტით. ბიო-დინამიური სოფლის მეურნეობიდან დაწყებული, ევრითმიითა  და ვალდორფის პედაგოგიკით დამთავრებული. სწორედ ამ ჯგუფებში ჩაისახა ის, რაც მხოლოდ 1991 წელს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, თავისუფალ და საჯარო ანთროპოსოფიულ დაწესებულებებად აღმოიზარდა: სოციალური თერაპიის დღის ცენტრი, სამედიცინო ინიციტივა - „ადამიანი და ბუნება", სამკურნალო პედაგოგიური ცენტრი, ქრისტიანთა თემი, სასოფლო-სამეურნეო ინიციატივა, პირველი საბავშვო ბაღი და ბოლოს - ვალდორფის სკოლაც.

თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლის დაფუძნების იმპულსი იმ ბნელი მოვლენების გარემოცვაში წარმოიშვა, რაც საქართველოს თავისუფალი საზოგადოებისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯებს თან სდევდა: სამოქალაქო ომი, ეთნიკური კონფლიქტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ბანდების თარეში ქუჩებში, სახელმწიფო და ეკონომიკური სტრუქტურების სრული რღვევა, ქვეყანაში ენერგომომარაგების მოშლა, ზღვარდაუდებელი კორუფცია და უკანონობა.

ასეთი იყო სოციალური გარემო, როდესაც 1993 წლის შემოდგომაზე სკოლის დამფუძნებლის, ლევან ხელაიას, ირგვლივ შეკრებილმა ადამიანთა პატარა წრემ, თბილისის ცენტრში მდებარე მოსწავლეთა სასახლეში, ვალდორფის პედაგოგიკის შესახებ საჯარო კონფერენცია მოაწყო. შეუძლებელია იმაზე მეტი კონტრასტის წარმოდგენა, ვიდრე არსებობდა გარემოში გამოვლენილ დაღმასვლის ძალთა აღზევებასა და იმედით აღსავსე ღირსეული მომავლისკენ მიმართულ სულიერ იმპულსს შორის, რომელიც ამ კონფერენციაზე ყოველდღიურად მზარდ ადამიანთა ჯგუფს აერთიანებდა, მათ ინიციატივის ძალით და რწმენით აღასებდა და აღაფრთოვანებდა.

თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლის სასკოლო საზოგადოების წევრებმა - პედაგოგებმა, მშობლებმა და მოსწავლეებმა - სკოლის დაფუძნების ეს იმპულსი 21 წლის მანძილზე გარეგან თუ შინაგან კრიზისებში გამოატარეს, განავითარეს და სასიცოცხლო რეალობად აქციეს, რისთვისაც უდიდეს პატივისცემას იმსახურებენ.

სკოლის დაფუძნების შემდეგ მდგომარეობა საქართველოში პოზიტიურისკენ შეიცვალა, მაგრამ საზოგადოება, რომელიც ინდივიდის ღირსებასა და თავისუფალ განვითარებაზე იღებს პასუხისმგებლობას, საქართველოში და საერთოდ ყველგან, მრავალმხრივი საფრთხის წინაშე იმყოფება. ამიტომ, ის მისია, რომელიც თბილისის თავისუფალ ვალდორფის სკოლას მსოფლიოს სხვა, 1000 ვალდორფის სკოლასთან აერთიანებს, არის ის, რომ ახალგაზრდას შესძინოს უნარი, როგორც თვითმყოფადმა პიროვნებამ, თავის სასიცოცხლო გარემოში ადამიანის შესაფერისი მომავლის შექმნაში მიიღოს მონაწილეობა.

ამიტომ პედაგოგებს, მშობლებსა და მოსწავლეებს გულით ვუსურვებ აღმაფრენას, სიმამაცეს, გამძლეობას, რაც აუცილებელია ამ იმპულსის შესაბამისად ცოცხლად სკოლის სამომავლო განვითარებისთვის.

ოქტომბერი, 2015

მათიას ვალენტინი

ზაარ-ჰუნსრიუკის  თავისუფალი ვალდორფის სკოლა



უკან




Created By Studio SPAR.GE
2014 All rights reserved