საიუბილეო დღეები ვალდორფის სკოლაში
2016 წლის 23-25 ოქტომბერს, თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა-ბაღში, საიუბილეო დღეები გაიმართა. სკოლის საუბილეო დღეებს ესწრებოდნენ შუა და აღმოსავლეთ ევროპის ვალდორფის სკოლების საერთაშორისო ასოციაციის (IAO) წარმომადგენელი; თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლის მხარდამჭერი კავშირის წევრები ზაარბრიუკენიდან და მარბურგიდან; სომხეთიდან - ერევნის ვალდორფის სკოლის კოლეგია.
იუბილე სკოლის სიმფონიური ორკესტრის კონცერტით გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები, ფერწერული ტილოები და ხელნაკეთი ნივთები. 25 ოქტომბერს შედგა ქრისტოფ იოჰანსენის (IAO) ლექცია „თანამედროვე გამოწვევები და ვალდორფის პედაგოგიკა, როგორც მომავალზე ორიენტირებული პედაგოგიკა".
"ვალდორფის ათასი სკოლიდან ერთ-ერთია თბილისის ვალდორფის სკოლა, რომელსაც სხვა სკოლებთან შედარებით, განსაკუთრებული ბავშვები ჰყავს, ნათელი სახეებით რომ გეგებებიან და დიდი ფანტაზია აქვთ. ასევე, ამ სკოლის ერთ-ერთი მთავარი განსაკუთრებულობა ისაა, რომ აქ არ არსებობს მფლობელი და სკოლას უძღვებიან მასწავლებლები და მშობლები. ვალდორფის სკოლის პედაგოგიკის განსაკუთრებულობა კი ის არის, რომ ვითვალისწინებთ ბავშვის ასაკობრივ განვითარებას და ვაწვდით იმას, რაც მისთვის ასაკობრივად მნიშვნელოვანი და საჭიროა. ასევე ვუყურებთ იმას, თუ რა სჭირდება ბავშვს თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარების გარდა. ჩვენ გვინდა ადამიანი იყოს არა მხოლოდ თავი, არამედ იყოს თავიც, გულიც და მთლიანობაც. ეს კი გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ მათ ხელოვნების საგნებს ვასწავლით. რაც შეეხება მეთოდოლოგიას, ის იგივეა, რაც 100 წლის წინ იყო და რაც დღესაც ამართლებს. რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ თანამედროვე მიმდინარე პროცესები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ტექნიკამ კი არ გვმართოს, ჩვენ ვმართოთ ტექნიკა. მაგრამ დღეს, ისევე, როგორც 100 წლის წინ, მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა უყუროს ბავშვს, გაიგოს, რა სურს მას. მნიშვნელოვანია, მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთდამოკიდებულება", - განაცხადა ქრისტოფ იოჰანსენმა.
kvira.ge