ისტორია

საქართველოში ვალდორფის სკოლის დაარსების საქმეში ორი ხაზია აღსანიშნავი:

1. თბილისში, 1985 წელს მათიას ვალენტინის მიერ ორგანიზებული,  ზაარბრიუკენის ვალდორფის სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, ხოლო შემდეგ წლებში მის მიერვე ზაარბრიუკენში ქართულ-გერმანული წრის დაარსება;

2. ქართველ ანთროპოსოფიულად ორიენტირებულ ადამიანთა ჯგუფის ინიციატივა თბილისში და პრაქტიკული განხორციელების მცდელობები ვალდორფის სკოლის დასაარსებლად; მომავალი სკოლისთვის მასწავლებელთა 14 კაციანი ჯგუფის მონახაზი, რომელთაგან ზოგიერთი მათგანი შემდგომში საქართველოში სხვა ანთროპოსოფიული ინიციატივების დამაარსებელი გახდა (მარინა ბულია, ნოდარ ბელქანია, ირინე მელიქიშვილი); კონტაქტები მაშინდელ (კომუნისტურ) ხელმძღვანელობასთან სკოლის დაარსების ნებართვისთვის.  ეს მცდელობა თუმც საბოლოოდ წარუმატებლად დამთავრდა. ჯგუფმა ნაწილობრივ შეცვლილი შემადგენლობით გააგრძელა ანთროპოსოფიული მუშაობა დასახული მიზნის მიმართულებით.

ამ მუშაობაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ევროპელ მეგობართა დახმარებას, რომლებიც ჩამოდიოდნენ საქართველოში და (თითქმის არალეგალურად) ატარებდნენ მოხსენებებსა და პრაქტიკულ მეცადინეობებს:

ესენი არიან:

როზმარი კაუფმანი შვეიცარიიდან  - ევრითმია. (თუმც მისი მუშაობის პირდაპირი მიზანი სკოლის დაარსება არ იყო, მაგრამ ევრითმიაში მუშაობის პროცესში შეიკრა ის გუნდი, სადაც გაჩნდა ვალდორფის სკოლის დაარსების იდეა);     

ედვინ კაუფმანი- ლექცია-საუბრები ვალდორფის პედაგოგიკაზე (ფიზიკის სწავლება და სხვა);       

პია ჰიუტელი - გერმანია (ლექციები პედაგოგიკაში და პრაქტიკული მეცადინეობები პლასტიცირებაში);    

პოლ პოლოკი - გერმანია (ხატვა);    

ვალდორფის სკოლის მასწავლებლები  ჰავაის კუნძულებიდან (აშშ) - (I-VIII კლასის დაწვრილებითი მიმოხილვა პრაქტიკული მეცადინეობებით - სიმღერა, მოძრაობა და სხვ.);          

გეორგ კიულევინდი (უნგრეთი), რომელმაც ადამიანის შინაგანი განვითარების შესახებ ლექციების ციკლისა და პრაქტიკული მეცადინეობების შემდეგ, ბაღისა და სკოლის დაარსების მსურველი 3 პიროვნება მიიწვია უნგრეთში ინტენსიური სამკვირიანი მუშაობისთვის.

1992-93 წწ. შტუტგარტის ვალდორფპედაგოგიკის სემინარში (ამჟამად შტუტგარტის თავისუფალი უმაღლესი სკოლა - ვალდორფის პედაგოგიკის სემინარი) პირველი სტუდენტი გაემგზავრა და პარალელურად თბილისში დაარსდა „ქ. თბილისში თავისუფალი ვალდორფის სკოლის დამაარსებელი საზოგადოება" (ზურაბ ბაქრაძე, მაია დიასამიძე-ხელაია, გია მამულაშვილი).

ეს ზემოხსენებული ორი ხაზი შეერთდა შტუტგარტში ქართული ჯგუფის ინიციატორისა და მათიას ვალენტინის შეხვედრით, სადაც მათ მიერ დასახულ იქნა უახლოეს მომავალში სკოლის დაარსების კონკრეტული გეგმა. იქვე გერმანიაში და აგრეთვე,  შვეიცარიაში მოხდა შეხვედრები პია ჰიუტელთან, ვერენა მაიერთან, ნუნუ გობეჯიშვილთან, ქართულ-გერმანული მეგობრობის წრესთან ზაარბრიუკენში და სხვა.

და აი, საქართველოში ჩამოსვლისთანავე 1993წ. ოქტომბერში ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმეს პერიოდში (სექტემბრის ბოლოს დაეცა სოხუმი. თბილისში არ მოძრაობდა ტრანსპორტი...) ჩატარდა კვირეული მოხსენებებითა და პრაქტიკული მეცადინეობებით, რათა მომავალი სკოლის მშობლები გაცნობოდნენ ვალდორფის პედაგოგიკას. ამ მუშაობაში  მონაწილეობდნენ: მათიას ვალენტინი (შესავალი სიტყვა ვალდორფის პედაგოგიკის შესახებ), ვერენა მაიერი (ფორმების ხატვა), პოლ პოლოკი (ხატვა), ლელა ფრანგულაშვილი (ევრითმია), ეგილ თინესი - ნორვეგიელი ექიმი (ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები) და რა თქმა უნდა - საორგანიზაციო ჯგუფი, რომელმაც წინასწარ ყველაფერი შესანიშნავად მოამზადა: საზოგადოების ინფორმირება, ჩატარების ადგილად - მოსწავლეთა სასახლე და სხვა (სახელგანთქმული ბუფეტის(!) ჩათვლით).

კვირეულის დამთავრებისთანავე გაიხსნა ე.წ. „თავისუფალი დროის სკოლა", რომელიც ერთი წლის განმავლობაში ოქტომბრიდან მომავალი წლის სექტემბერში ვალდორფის სკოლის დაარსებამდე მოქმედებდა. ეს იყო ვერენა მაიერის არაჩვეულებრივი იდეა, როგორც მომავალი მოსწავლეებისა და მათი მშობლების მოსამზადებლად, აგრეთვე,  მასწავლებლებისთვის ვალდორფის პედაგოგიკაში პრაქტიკის მისაღებად.

ამ ერთი წლის განმავლობაში პარალელურად მიდიოდა მუშაობა შენობის მოსაპოვებლად. გერმანიიდან სასკოლო ტრანსპორტის ჩამოსაყვანად, შესრულდა პირველი სარემონტო სამუშაოები.

და აი, 1994 წლის 3 სექტემბერს დაარსდა თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა 2 კლასითა და 1 მოსამზადებელი ჯგუფით. სკოლის პირველ კოლეგიას შეადგენდა:

მაია დიასამიძე-ხელაია (მოსამზადებელი ჯგუფის კლასის მასწავლებელი და მუსიკა);   ქეთი  რცხილაძე (პირველი კლასის კლასის მასწავლებელი და გერმანული); ლევან ხელაია (მეორე კლასის კლასის მასწავლებელი და რუსული); ნუნუ გობეჯიშვილი (ევრითმია); მარიამ დოლიძე (ხელგარჯილობა); გია მამულაშვილი (სპორტი); მანანა ჯავაშვილი (ბიუროს თანამშრომელი).

სკოლამ დაიწყო მუშაობა მსგავსად ყველა ვალდორფის სკოლისა გერმანიასა თუ სხვა ქვეყნებში. ეს მოხდა ვერენა მაიერისა და მათიას ვალენტინის დიდი დახმარებით, მათი პედაგოგიური და ორგანიზაციული რჩევების წყალობით.  აქ უნდა აღინიშნოს ისიც, რაც არაერთხელ გვითქვამს შემდგომ წლებში გერმანიის სხვადასხვა ვალდორფის სკოლის პედაგოგიურ კონფერენციებზე და სემინარში: ჩვენ თავიდანვე, პირველ წლებში დიდ ყურადღებას ვაქცევდით ე.წ. წვრილმანებს - ფორმას - მისალმებას, დამშვიდობებას, მადლობის გადახდას მძღოლებისთვის, რომლებიც თბილისის სხვადასხვა უბნებიდან ბავშვების მოყვანას ემსახურებოდნენ, საკლასო ოთახის დასუფთავებას, ეზოს მოვლას, მშობლების მორიგეობით მუშაობას ეზოსა და სამზარეულოში და სხვა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ იმიტომ, რომ იმ დროს სკოლის გარეთ გარემო იყო ძალიან მძიმე - კრიმინალის თარეში, ღამ-ღამობით ჰაერში სროლა (ზოგჯერ დღისითაც), უშუქობა, უწყლობა და სხვა. ასე რომ მშობლებისთვის და ჩვენთვისაც, განსაკუთრებით კი, რა თქმა უნდა, ბავშვებისთვის ეს იყო ოაზისი შუა ქალაქში სიმშვიდის, კულტურის, სწავლის, შრომის და ნამდვილი განათლებისა. უნდა გენახათ, რა სიამაყით აჩვენებდნენ მოსწავლეები სტუმრებს, მათ შორის მშობლებს, სკოლის ტუალეტებს!

ასე დაიწყო და განვითარდა სკოლა. ყოველ წელს ემატებოდა ახალი პირველი კლასი ახალი მასწავლებლებით, რომლებიც შტუტგარტში გადიოდნენ ერთ ან ორწლიან დამატებით მომზადებას. ცალკე უნდა აღვნიშნოთ უდიდესი, გადამწყვეტი როლი, რომელიც ითამაშა შტუტგარტის სემინარმა ჩვენი მასწავლებლების მომზადების საქმეში და აგრეთვე, მთელი ამ წლების განმავლობაში წელიწადში ორჯერ ვერენა მაიერის მუშაობამ კლასის  და ყველა სხვა საგნის მასწავლებლებთან გაკვეთილებზე დასწრებით, სემინარული და ინდივიდუალური მუშაობით. ასევე,დიდი წვლილი მიუძღვის მათიას ვალენტინს, რომელმაც არამარტო სკოლის დაარსებისას შეასრულა დიდი როლი ორგანიზაციული მუშაობით და რჩევებით, არამედ შემდეგაც - სკოლის შენობის 4 ეტაპად მშენებლობის საქმეში; ჩვენ მიერ მიწოდებული მასალის საფუძველზე დაწერა პროექტები, რომლის შედეგადაც მივიღეთ დაფინანსება გერმანიის მთავრობიდან (BMZ), გერმანული Software AG Stifung, ასევე, ჰოლანდიური და შვეიცარიული ფონდებიდან. ყველაფერი ეს მოხდა გერმანული ორგანიზაციის Freunde der Erziehungskunst Rudolf Steiners (რუდოლფ შტაინერის აღზრდის ხელოვნების მეგობრები) შუამავლობითა და კოორდინაციით (ნანა გიობელი).

დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი კოლეგიისთვის პირველ წლებში შტუტგარტის თავისუფალი უმაღლესი სკოლის მიერ ორგანიზებულ და ევროპული ტემპუს-ტასისის პროგრამით დაფინანსებულ ლექციათა ციკლებს, წაკითხულს თბილისში ანთროპოსოფიისა და ვალდორფის პედაგოგიკის დიდი წარმომადგენლების მიერ, როგორიცაა შტეფან ლებერი, ფრანკ ტაიჰმანი, გიუნტერ ალტეჰაგე, ვენცელ გიოთე, ჰარდვიგ შილერი, ანდრეას კაუფმანი და სხვები.

სასურველი სისრულით ამ ამბების გადმოცემა შესაძლებელია მხოლოდ უფრო ვრცელი ტექსტის ან თუ სურვილი იქნება, მოხსენებ(ებ)ის სახით.

ვინაიდან ამ ნაწერის მიზანი იყო მოკლედ გადმოგვეცა მხოლოდ სკოლის დაარსების ისტორია, იმედი მაქვს, სხვები (ან მეც) აღწერენ  დაწვრილებით ჩვენი სკოლისთვის უდიდესი მნიშვნელობის შემდეგ საკითხებს:

 

  • თანამშრომლობა ქართულ-გერმანულ მეგობრობის წრესთან (ზაარბრიუკენი);
  • თბილისისა და ზაარბრიუკენის ვალდორფის სკოლების ყველა თაობის მოსწავლეთა ორკესტრების მეგობრობა და ერთობლივი კონცერტები საქართველოსა და გერმანიაში (ჰუბერტ პეხი და ნუკრი დავითაშვილი);
  • მარბურგელ მეგობართა საზოგადოების დიდი  დახმარების შესახებ (უთე ბლანქენბურგი, მალთე შუხარტი, ვოლფგანგ პაჩერნი და სხვები);
  •  სკოლაში წლების მანძილზე მოქმედებდა მასწავლებელთა პროსემინარი. რომლის ზოგიერთმა მონაწილემ სწავლა გააგრძელა შტუტგარტის სემინარში და ჩვენი მასწავლებელი გახდა. 
  • იგი გაგრძელდა გეორგ შუმახერისა და ელისო გუმბერიძის ინიციატივით უკვე ნამდვილი სემინარის დონეზე გერმანელი და ქართველი დოცენტების ძალებით  და შტუტგარტის „დედა-სემინართან" კოოპერირებით (შტუტგარტის დიპლომიანი 8 კურსდამთავრებული).
  • მაიქე ბიშოფის (უცხო ენების სწავლება) და სხვა გერმანელი დოცენტების უაღრესად მნიშვნელოვანი მუშაობა ვალდორფის პედაგოგიკის სხვადასხვა საგანში.

 

და კიდევ მრავალი სხვა...

   ლევან  ხელაია

Created By Studio SPAR.GE
2014 All rights reserved