შემოქმედებითი ძალები და ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო

15-02-2016


საუკუნენახევარი გვაშორებს ფენომენალური აღმოჩენიდან, რომელიც ფრანგ ექიმს, პაულ ბროკას ეკუთვნის. ტვინის ფიზიოლოგიის სფეროში მან დაადგინა, რომ მარჯვენა ხელი წინა ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს, ხოლო მარცხენა - მარჯვენა ნახევარსფეროს უკავშირდება. ეს ცხადი გახდა დამბლის შემთხვევაში და ასევე, მეტყველების შეფერხების დროს. აქედან მან დაასკვნა, რომ მეტყველების ცენტრი მარცხენა ნახევარსფეროსში მდებარეობს. თანამედროვე მედიცინაში ტვინის ამ უბანს ბროკაცენტრი ეწოდება.
რ. შტაინერმა არაერთგზის გაამახვილა ყურადღება ამ აღმოჩენაზე, ამგვარი ფიზიოლოგიური ურთიერთკავშირის გათვალისწინება განსაკუთრებით საგულისხმოა პედაგოგებისათვის, რადგან ჯანსაღი პედაგოგიკის ამოცანას ორივე ნახევარსფეროზე პოზიტიური ზემოქმედება შეადგენს.
ვალდორფის პედაგოგიკა სასწავლო გეგმას ამ ამოცანის შესატყვისად აგებს.
უნდა აღინიშნოს, რომ შემდგომდროინდელმა კვლევებმა ნეიროფიზიოლოგიის დარგში, სრულად დაადასტურა რ. შტაინერის მითითებები ბროკას აღმოჩენის დიდ მნიშვნელობაზე, რომელიც მან ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში გამოთვა.
თანამედროვე მიღწევები ნეიროფიზიოლოგიაში
სანიმუშოდ მოვიყვანთ თვალსაჩინო მეცნიერის, მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის პროფ. როჯერ ვ. სპერის (Roger W. Sperry) მოსაზრებებს: „უმნიშვნელოვანესი დასკვნა, რაც გამოკრისტალდა, არის ის, რომ აზროვნების ორი სახე არსებობს: ვერბალური და ნონვერბალური, რომელთა ცენტრებიც ერთმანეთისაგან გამიჯნულად მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროშია. ჩვენი განათლების სისტემა, ისევე როგორც სამეცნიერო სფერო, საყოველთაოდ მიდრეკილია იქით, რომ ინტელქტის ნონვერბალური ფორმა უგულვებელყოს; ამას კი შედეგად მოსდევს საზოგადოების მხრიდან მარჯვენა ნახევარსფეროს დისკრიმინირება. მონაცემთა საფუძველზე ვასკვნით, რომ ნაკლებდაფასებული მარჯვენა ნახევარსფეროს განსაკუთრებული უნარი მის მიერ მიღებულ გაღიზიანებათა უწყვეტ სინთეზურ გადამუშავებაში მდგომარეობს. ხოლო დიდად აღიარებული, მეტყველების განმაპირობებელი მარცხენა ნახევარსფერო მკაცრად ლოგიკურ-ანალიტიკურად - მსგავსად კომპიუტერისა - ოპერირებს."
ეს ახალ კითხვებს ბადებს, რომლებიც ცალმხრივობის ფენომენს უკავშირდება. მაგ, დოქტორი რ. ბრაუმილერი, (Braumiller) შტუტგარტის ვალდორფის სკოლის ექიმი, ნეიროფიზიოლოგიური კუთხით არსებით თვალსაზრისს ავითარებს სტატიაში „ცაციალობის პრობლემა". „სხეულის ერთი მხარის ყველა ცნობიერი შეგრძნება და მოძრაობა ნერვული გზების გადაჯვარედინების მეშვეობით ტვინის საპირისპირო ნაწილს „აგებს" და მასზე პროეცირდება. მემარჯვენეებში მარცხენა ნახევარსფერო წამყვან, „დომინანტურ" მდგომარეობას იკავებს. წინა ტვინში მოტორული პროექციის საერთო ფართობის თითქმის მესამედი ხელებიდან და თითებიდან მიიღება. განვითარების საწყისი თითების მოძრაობაა."
რ. კოლცოვამ და ლ ფომინამ (პეტერბურგი) დაადგინეს, რომ პატარა ბავშვებში მეტყველების განვითარება პირდაპირ კავშირშია თითების ნატიფ მოტორიკასთან. „ბავშვები, რომელთაც თითების იზოლირებული მოძრაობა შეუძლიათ. მეტყველების უნარის მქონე ბავშვები არიან. თითების მოძრაობის განვითარება შემდგომში მეტყველების განვითარების საფუძველი. მეტყველების დაუფლების შემდეგ კი ტვინი აზროვნების ორგანოდ - „იარაღად" იქცევა. მარჯვენა ხელის მოძრაობები და ჟესტები მარცხენა ნახევარსფეროთი შეიგრძნობა, ხელი განსაზღვრავს ერთი ნახევარსფეროს დომინანტობას მეორეზე.
ადამიანთა უმეტესობის (ე.ი. მემარჯვენეების) გრძნობათა ორგანოთა აღქმები მიმართულია სხეულის მარცხენა მხრისკენ ან უფრო გარე სამყაროსაკენ, ხოლო მარჯვენაზე - „მე წარმოდგენისაკენ", რაც იმავდროულად თვითაღქმას მსახურებს. მემარჯვენეობის განვითარებასთან ერთად, მარცხენა ნახევარსფეროში ყალიბდება მეტყველების გაგების ცენტრი (Wernicke), რაც ტვინის ნახევარსფეროთა თავდაპირველ სიმეტრიულობას არღვევს და მარცხენას უპირატესობას ანიჭებს."
ქვემოთ წარმოვადგენთ ორივე ნახევარსფეროს თვისობრივ დახასიათებას, რათა თვალნათლივ იქნეს წარმოჩენილი მარჯვენა ნახევარსფეროს როლი, რომლის განვითარებაც ხელოვნებითა და ხელსაქმით უნდა იქნას მიღწეული ადრეულ სასკოლო პერიოდში.
ტვინის მარცხენა ნახევარსფერო =სხეულის მარჯვენა ნახევარი

  • დრო, მეტყველება, „ცოდნა"
  • ანალიტიკური, ლოგიკურ-ქრონოლოგიური
  • მე - განცდა
  • დიგიტალური კომუნიკაცია,
  • ვერბალური განსჯით შემფასებელი, 
  • კოგნიტური,
  • სააზროვნო

ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო =სხეულის მარცხენა ნახევარი

  • სივრცე, სხეულებრივი წარმოდგენა
  • მთლიანობითობა,
  • მრავალი ინფორმაციის ერთდროული უფრო დიფუზური გადამუშავება
  • გარე სამყაროს სწრაფი წვდომა,
  • ანალოგია, სურათ-ხატოვანება
  • ნონ-ვერბალურობა, „სისწორის გრძნობა," ინტუიტური, შემოქმედებითი, ემოციური

მოკლედ, ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ:
მარცხენა ნახევარსფერო - კოგნიტიური, დროითი, მეცნიერული
მარჯვენა ნახევარსფერო - ინტუიტიური, სივრცითი, ხელოვნებისეული

რუდოლფ შტაინერი საუბრობს თითების მოძრაობასა და აზროვნების მოქნილობას შორის არსებულ ურთიერთკავშირზე. „ჩვენი თითების სიმარჯვე დიდწილად განაპირობებს ჩვენი აზროვნების ელასტიკურობას." აქედან გამომდინარე, ვალდორფის სასწავლო პროგრამაში დიდი ადგილი ეთმობა ქსოვასა და ფორმების ხატვას. ის, რომ თითების მოქნილობა აზროვნებასაც მოქნილს ხდის, დასტურდება იაპონელი მეცნიერების მიერაც, რომლებმაც დაადგინეს, რომ იაპონელი ბავშვები, რომლებიც ჩხირებით აღარ ჭამენ და ევროპელთა მსგავსად კოვზითა და ჩანგლით მიირთმევენ, ინტელექტის მხრივ გარკვეულ ჩამორჩენას ავლენენ.
აი, რას წერს პროფ. ბეტი ედვარდსი თავის წიგნში, რომელიც „წინა ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს საიდუმლოსა და ჩვენი შემოქმედებითი ძალების გამოთავისუფლებას" ეძღვნება: „მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით აღმზრდელები სულ უფრო აცნობიერებენ ინტუიტიური და შემოქმედებითი აზროვნების მნიშვნელობას, სასწავლო გეგმა მაინც ძირითადად ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს განვითარებაზეა მიმართული. გაკვეთილი ისეთი პედაგოგიური ნაბიჯებით იგება, რომელსაც აუცილებლად უნდა სდიოს მოსწავლემ, რათა საბოლოოდ მიღწეულ იქნას სასურველი პედაგოგიური მიზანი. ყველაფერი განსაზღვრულია და მწყობრი, ხოლო პასუხები ერთგვაროვანი, ამას კი მოსწავლეთა აზროვნება ერთმანეთის მსგავსი და შეზღუდული გზით მიჰყავს. მასწავლებლები წერენ ნიშნებს... თუმცა კი, ყველას უკმარისობის განცდა ეუფლება.
ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო, რომელიც ოცნებების, ხელოვნების, შემოქმედებისა და გამომგონებლობის სფეროა - თანამედროვე საგაკვეთილო სისტემაში დაკარგულია. ჩვენ, მართალია, სასწავლო გეგმაში ვხვდებით ხელოვნების გაკვეთილებს, ასევე „შრომისა" და მუსიკის საათებს, მაგრამ ისეთი გეგმა მაინც არ არსებობს, რომლის მიზანიც ფანტაზიის ანუ ხატოვანი წარმოსახვის, სივრცითი სტრუქტურების შეგრძნების, ზოგადად აღქმადობისა და შეგრძნებადობის, კრეატიულობის, ინტუიციური, გამომგონებლური აზროვნებისა და ქმედებების განვითარება იქნებოდა.მიუხედავად იმისა, რომ ამ უნართა ფასეულობას პედაგოგები აღიარებენ, მათ ჰგონიათ, რომ მოსწავლეები და სტუდენტები თავიანთი ვერბალური, ანალიტიკური უნარების განვითარებით თავისთავად მიაღწევენ ასევე ფანტაზიისა და ინტუიციის ძალების გაფურჩქვნას და სამყაროს ცნობიერ, ყოვლისმომცველ აღქმას.
ჩვენ, ბუნებრივია, მარცხენა ნახევარსფეროს არასაკმარისი განვითარების შედეგებსაც ვაცნობიერებთ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია წერა-კითხვაში, მეტყველებასა და ანგარიშში გაწაფვა. ვინაიდან, რაც გამოგვრჩება მარცხენა ნახევარსფეროსთან მიმართებაში, მისი აღდგენა შეუძლებელი ხდება და მთელი მომდევნო მთელი ცხოვრების მანძილზე ადამიანის წინაშე მძლავრ დაბრკოლებად აღიმრთება. არის კი ასეთი მიდგომა მარჯვენა ნახევარსფეროს მიმართ?!
მას შემდეგ, რაც ნეიროფიზიოლოგიამ ცნებითი ბაზისი შექმნა მარჯვენა ნახევარსფეროს ტრენინგთან დაკავშირებით, შესაძლებელი გახდა ისეთი სასწავლო გეგმის შემუშავება, რომელიც წინა ტვინის ყველა ფუნქციის განვითარებისაკენ ისწრაფვის. ამგვარი სასწავლო გეგმის ძირეული ნაწილი, უდავოდ, ხატვის გაკვეთილი უნდა იყოს, როგორც საშუალება მარჯვენა ნახევარსფეროს უნართა განვითარებისათვის."
ბეტი ედვარდსის ეს მოსაზრება სრულად ესატყვისება რ. შტაინერის მითითებას, ხატვის გაკვეთილების შესახებ მე-6, მე-7, მე-8, მე-9 კლასებისათვის, სადაც იგი საუბრობს „ტექნიკურის მშვინვიერებასთან შერწყმაზე," „ფორმის გრძნობის გაღვიძებაზე" და ა.შ. ეს კი ზუსტად ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს უკავშირდება.
აქვე უნდა მოვიყვანოთ რუსი მკვლევარის, ლეონიდ პონომარიოვის მოსაზრება წიგნიდან „კვანტის მეორე მხარე." „მეცნიერება წარმოადგენს სამყაროს შემეცნების მხოლოდ ერთ მეთოდს. მისი მეორე, კომპლემენტური მხარე ხელოვნებაშია განვითარებული. ხელოვნებისა და მეცნიერების ერთობლივი არსებობა უკვე კომპლემენტარობის პრინციპის კარგი ილუსტრაციაა. ორივე მიდგომა თანაბრად მართებულია. მეცნიერების იარაღი ლოგიკა და ექსპერიმენტია. ხელოვნების საძირკველი კი ინტუიცია და გუმანი. მეცნიერება და ხელოვნება ერთმანეთთან კი არ იგივდებიან, არამედ ურთიერთსაპირისპირო მხრიდან ავსებენ ერთმანეთს. ნამდვილი მეცნიერება ხელოვნებას ენათესავება, და პირიქით, ჭეშმარიტი ხელოვნება ყოველთვის შეიცავს მეცნიერულ ელემენტს. სამწუხაროდ, არ არსებობს ხიდი ამ ორ კომპლიმნეტალურ ცნებით წყვილს შორის, რისი საზღაურიც ცხოვრებასთან ცალმხრივი მიდგომებია. აქ განუზომელ ღირებულებას იძენს გოეთესა და შტაინერის თვალსაზრისი მეცნიერების, ხელოვნების და რელიგიის სამწევროვნებასთან დაკავშირებით.
„სიმარჯვის" გამომუშავება ხელგარჯილობისა და ხელოსნობის გაკვეთილებზე
ამ უნართა გამომუშავებაზე ზრუნვა ვალდორფის სკოლის პირველივე საათებიდან იწყება. ხელგარჯილობის გაკვეთილებზე პირველ კლასში შემოდის ქსოვა. ასევე იწყება ფორმების ხატვა, რაც ნონვერბალურ, სიმეტრიულ ფორმათა ენას წარმოადგენს და მარჯვენა ნახევარსფეროს ინტენსიურ წვრთვნას გულისხმობს (გავიხსენოთ შუა საუკენეების ორმანეტები, წნულები).
შემოდის ევრითმია, რომელიც როგორც ნონვერბალური, სივრცითი ჟესტური ენა, მთელს სხეულს მოიცავს. აქაც ვხვდებით სხვაობას სხეულის მარჯვენა და მარცხენა ნახევრის ჟესტებს შორის. კერძოდ: მარჯვნივ - მაჟორი, მარცხნივ - მინორი.
რაც შეეხება მუსიკალურ ინსტრუმენტებს - უპირატესობა ალბათ ვიოლინოს უნდა მივანოჭოთ. ვინაიდან მარცხენა ხელის თითების მოძრაობით მიიღწევა ტონის სიმაღლე და სიღრმე, ხოლო მარჯვენათი ტემპი, რიტმი და ხმის სიძლიერე.
ხელოსნობის გაკვეთილებიდან უნდა გამოვყოთ ხეზე კვეთა, როდესაც მარჯვენა ხელში გვიჭირავს იარაღი, მარცხენა კი სამუშაო მასალას სასურველი მიმართულებით ვამოძრავებთ, ე..ი. ვახდენთ მის ორიენტირებას სივრცეში.
ძერწვისას მარჯვენა და მარცხენა ხელი თანაბრადაა დაკავებული, ხოლო მეცადინეობა სრულ სიჩუმეში მიმდინარეობს. ეს არის აბსოლუტური „ნონვერბალური მეტყველება". ბეტი ედვარდსი ამ პროცესს ასე ახასიათებს: „ეს ზუსტად ისაა, რაც ჩვენ გვჭირდება... ტვინს ისეთი ამოცანა უნდა წავუყენოთ, რისი აღსრულებაც მხოლოდ დომინანტურ მარცხენა ნახევარსფეროს არ ძალუძს."
დიდი მნიშვნელობა აქვს ხატვასაც. თუმცა ის ცალი ხელით სრულდება, მაგრამ მხედველობის წვრთნასთანაა დაკავშირებული (გოეთე) და ეს სივრცით-ხელოვნებისეული მხედველობა მთლიანად მარჯვენა ნახევარსფეროს განეკუთვნება.
სპილენძზე მუშაობისას მარჯვენა და მარცხენა ხელის განსაკუთრებული მონაცვლეობა ხდება. მარჯვენა ჩაქუჩის რიტმულ დარტყმებს ახორციელებს (დროითი ფენომენი), ხოლო მარცხენა საგანს ისე ამოძრავებს, რომ ყოველი დარტყმა სათანადო ადგილს მოხვდეს. (სივრცითი ფენომენი). ამ დროს მარცხენა ხელი განსაკუთრებით ნატიფ მგრძნობელობას ავლენს.
იგივე ითქმის რკინის ჭედვაზეც. მარცხენა ატრიალებს რკინას გრდემლზე, მარჯვენა კი რიტმულად ურტყამს რკინას ჩაქუჩს.
აქ აღარ განვიხილავთ ხელოსნობა-ხელგარჯილობაში თუ ხელოვნების სფეროში მიმდინარე სხვა საქმიანობებს, ეს იქნება კერვა, ქარგვა, წიგნის აკინძვა, მებაღეობა, თუ ფეხსაცმლის დამზადება, იმას კი დავძენთ, რომ ყველა ამ სამუშაოს მსვლელობისას ხდება ურთიერთსაპირისპირო ცნებათა წყვილების - სივრცითი/დროითისა და მთლიანობითი/წრფულის - ამოქმედება მოყვანა და იმის გამოაშკარავება თუ რა კეთილმყოფელი გავლენა გააჩნია ხელების ერთობლივ შრომას წინა ტვინის ორივე ნახევარსფეროს თანაბარი განვითარებისათვის, რაც მთლიანად დასტურდება ბოლო დროის სამეცნიერო მონაპოვრებით.
ვალდორფის სკოლის სასწავლო გეგმა ნებელობის განმტკიცების სამსახურში
ვალდორფის პედაგოგებისათვის ყურადსაღებია არა მარტო რ. შტაინერის მითითებები, არამედ იმ მოწინავე მეცნიერთა დასკვნებიც, რომლებიც თანაბრად აღიარებენ შემეცნების ორივე ნაირსახეობას - „მეცნიერულსა და ხელოვნებისეულს. მოსწავლეზე სხვადასხვაგვარად მოქმედი საგნების მონაცვლეობა, ან უკეთ რომ ვთქვათ, სწორი თანამიმდევრობა, მთელ საგაკვეთილო პროცესზე ჯანსაღ ზეგავლენას ახდენს. ერთი მხრივ „თავისმიერ-განსჯითობაზე" მიღებული დღიური შთაბეჭდილებები ერთმანეთის შემავსებლად და გამაწონასწორებლად მოქმედებენ მათი ღამეული (ძილში) გადამუშავების დროს. მხოლოდ ცალმხრივი კოგნიტიური შთაბეჭდილებების გადამუშავებისას კი მათი გაწონასწორება გარდაუვლად არასასურველი გზით ხდება. (ტელევიზია, ექსტრემალური სპორტი და სხვა მავნე მიდრეკილებები).
საგნების სწორი შეხამებით აგებული სასწავლო გეგმით შეიძლება დაძლეულ იქნას მოსწავლეებში საყოველთოდ გავრცელებული ნების სისუსტე.
დავსვათ ზოგადი კითხვა ნება, რომეიც „ქმედითი ძალაა" (რ. შტაინერი) როგორ უნდა მოვიყვანოთ მოქმედებაში? ნება არ არის ის, როცა მე რაიმეს გაკეთება მსურს. ეს მხოლოდ მოსაზრებაა და წარმოდგენათა სფეროს განეკუთვნება (მარცხენა ნახევარსფერო); მეორე მხრივ, კი "სხეულის სიმარჯვეზე" მიმართული ურთიერთსაპირისპირო საქმიანობებით, როდესაც ეს გადაყვეტილება ღრმად მსჭვალავს გრძნობას, იგი მხოლოდ მაშინ იქცევა საქმედ! შტაინერის აზრით, ნებითი აქტი მხოლოდ იქ ხორციელდება, სადაც იდეა ქმედით ძალას იძენს. მარცხენა ნახევარსფეროს დომინინატობა, როგორც აღმოჩნდა, ამ პროცესს აფერხებს. სამწუხაროდ, ასეთია საზღაური კოგნიტიურ უნართა ცალმხრივი, გადაჭარბებული განვითარებისა.
მოსწავლის არსების სხვადასხვა სფეროზე მიმართული პედაგოგიური ძალისხმევა კი დადებით გავლენას ახდენს ნების განმტკიცებაზე.
ცალმხრივი განვითარების შედეგები
ადვილი დასანახია, რომ ტვინის ნებისმიერი ნახევარსფეროს ცალმხრივი განვითარება მეორის ჩამორჩენის ხარჯზე ხდება, რასაც შედეგად მოსდევს ის, რომ პიროვნების განვითარებაც სრულად განსაზღვრული მიმართულებისკენ მიიდრიკება. იძენს. არნო გრუნის (Arno Gruen) აზრით, ეს მორალურობაზეც კი მოქმედებს: „როდესაც ადამიანი აბსტრაქტული ცნებების მეშვეობით საბოლოოდ რობოტად იქცევა, დიდი საფრთხეა, რომ გაბოროტდეს..."
„ძალმომრეობა არამარტო ავტონომიური განვითარების შეფერხებით წარმოიშვება, არამედ იმ ღირებულებებითა და სასიცოცხლო ორიენტირებითაც, რომლებიც უარყოფენ უშუალო ავტონომიურობას უგულვებელყოფენ. თანამედროვე, მხოლოდ კოგნიტიურ უნარ-ჩვევევათა გამომუშავებაზე მიმართული აღზრდა-განათლება ამის ნათელი მაგალითია..."
თუკი არ ვიზრუნებთ ჭეშმარიტი გრძნობებისა და კრეატიულობის განვითარებაზე, ისინი თანდათანობით ჩაქრებიან და ჩვენ გავღარიბდებით. სიცარიელე, რომელიც ამ გზით ჩვენში წარმოიქმნება, შფოთს აღგვიძრავს, ჩვენი მოუხეშაობა კი - საფრთხის შეგრძნებას, რაც ჩვენს დესტრუქციულობას ზრდის." (ციტატა ამოღებულია გერჰარდ ჰუნის წიგნიდან „კრეატიული სკოლა") საბოლოოდ კი გრუნი ასკვნის: ცალმხრივად მარცხენა ნახევარსფეროზე მიმართული სასწავლო გეგმა შეუთავსებელია პიროვნების თავისუფალ განვითარებასთან.
რ. შტაინერის ადამიანთმცოდნეობაზე დაფუძნებული პედაგოგიკის სახით, კი ჩვენ ხელთ გვიპყრია მოზარდის ჰარმონიული განვითარების საშუალება.

 



უკან




Created By Studio SPAR.GE
2014 All rights reserved