თავისუფალი ვალდორფის სკოლები. I ნაწილი
ერნსთ-მიხაელ ქრანიჰის სტატია „თავისუფალი ვალდორფის სკოლები"
Die Freien Waldorfschulen, Ernst-Michael Kranich
შტუტგარტი, 1971, შემოკლებული ვარიანტი.
დამუშავებული მათიას ვალენტინის მიერ
თარგმანი - ნინო ლოლაძე
თბილისი, 1994
თავისუფალი ვალდორფის სკოლები
ზოგადი ნაწილი
1. თავისუფალი დაქვემდებარება - თანამედროვეობის აუცილებელი მოთხოვნა.
2. თავისუფალი ვალდორფის სკოლების დაარსება და მათი გავრცელება.
3. ვალდორფის სკოლები - თავისუფალი სკოლები.
4. ვალდორფის სკოლის პედაგოგიური საფუძვლები.
5. სკოლამდელი აღზრდის პერიოდი.
6. პედაგოგიკა 7-დან 14 წლამდე.
7. პედაგოგიკა 14 წლის ასაკის შემდეგ (9-12 კლასები).
8. სწავლება ხელოვნებისა და შრომის გაკვეთილის მეშვეობით.
9. გაკვეთილის ორგანიზაცია.
10. არის თუ არა ვალდორფის სკოლა მსოფლმხედველობრივი სკოლა?
ზოგადი ნაწილი
1. ჩვენი საუკუნის გადაუჭრელი სოციალური პრობლემები აღზრდის სფეროშიც აყენებენ ახალი იმპულსების აუცილებლობის საკითხს. დროის მიერ ნაკარნახევი სიახლეების დანერგვისას, რომლებიც ასე აუცილებელია აღზრდის პროცესში, ვალდორფის პედაგოგიკა გვთავაზობს სკოლის ისეთ მოდელს, რომელიც თავისი სოციალური ფორმით მთლიანად ეფუძნება მასწავლებელთა და მშობელთა ინიციატივასა და პასუხისმგებლობას და რომელიც, პედაგოგიკის თვალსაზრისით, მხოლოდ მომავალი ადამიანის ჯანსაღ განვითარებაზეა ორიენტირებული.
ამ მიზნის მისაღწევად, ვალდორფის პედაგოგიკა შემდეგ ამოცანებს ისახავს:
- შემუშავდეს მეცნიერება, რომელიც აღწერს ადამიანის ფიზიკური, მშვინვიერი და სულიერი განვითარების კანონზომიერებებს;
- განვითარდეს პედაგოგთა დახელოვნების ახალი ფორმები, რომლების მომავალ მასწავლებელს საშუალებას მისცემს შეიმუშაოს პიროვნებისა და ასაკისთვის შესაფერისი სწავლების მეთოდი და შინაარსი;
- განვითარდეს ერთობლივი მუშაობის ახალი ფორმები, როდესაც პასუხისმგებელი ჯგუფები (მასწავლებლები და მშობლები) საკუთარი ინიციატივითა და პასუხისმგებლობით შეუწყობენ ხელს თავისუფალი სკოლის მიერ დასახული ამოცანების რეალიზაციას.
2. პირველი ვალდორფის სკოლა გაიხსნა 1919 წელს, შტუტგარტში, პირველი მსოფლიო ომის კატასტროფული დასრულების შემდეგ და მისი დაარსების ინიციატორი მეწარმე - ემილ მოლტი, ხოლო პედაგოგიური მუშაობის სულისჩამდგმელი კი - რუდოლფ შტაინერი იყვნენ. ეს იყო მოდელი თავისუფალი, სახელმწიფოებრივი და ეკონომიკური გავლენებისგან დამოუკიდებელი კულტურული და სულიერი ცხოვრების კერისა. დღეს მთელ მსოფლიოში, ყველა კონტინენტზე, დაახლოებით 600 ვალდორფის სკოლა ფუნქციონირებს. დინამიურად იზრდება მათი რიცხვი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც, კერძოდ, უნგრეთში 6 ვალდორფის სკოლაა, რუსეთში - 2, პოლონეთში, სლოვენიაში, ჩეხიასა და ესტონეთში - თითო-თითო. მზადების პროცესშია კიდევ რამდენიმე სკოლის დაარსება.
3. ვალდორფის სკოლები ყოველთვის იმ ადამიანთა ინიციატივით არსდება, რომლებსაც სურთ თავიანთი ბავშვები ვალდორფის პედაგოგიკის დახმარებით აღზარდონ. ისინი ერთიანდებიან შესაბამისი სამართლებრივი ფორმით და წარმოადგენენ ვალდორფის სკოლის ეკონომიკურ საყრდენს. სკოლის კოლეგია სადავო საკითხებს ჭრის არა კენჭისყრით, ანუ ხმათა უმრავლესობით, არამედ თათბირის შედეგად მიღებული საერთო გადაწყვეტილების მეშვეობით.
4. ვალდორფის პედაგოგიკას საფუძვლად უდევს ადამიანის ხატი, რომელიც რუდოლფ შტაინერის მიერ მეცნიერულადაა შემუშავებული და რომელიც თანამედროვე ანთროპოლოგიას ამდიდრებს ისეთი მოცულობითი ცნებებით, როგორიცაა სამშვინველი და სული. ამგვარად შესაძლებელი ხდება უფრო ღრმად ჩავიხედოთ ადამიანური არსის განვითარების კანონებსა და ამისათვის აუცილებელ პირობებში. თავის მხრივ, ეს გარემოება საფუძვლად უდევს პედაგოგიკას, რომელიც ადამიანის შესაძლებლობების სრულყოფილი და ყოველმხრივი განვითარებისათვის აუცილებელ პირობებს ქმნის.
5. სიცოცხლის პირველი შვიდწლეულისთვის შემუშავებული პედაგოგიკა მიზნად ისახავს ისეთი გარემო შეუქმნას ბავშვს, რომ მან ამ ასაკისთვის დამახასიათებელი მიბაძვის უნარი ჯანსაღი და გააზრებული მიმართულებით გამოამჟღავნოს. ამგვარად, შესაძლებელი ხდება საფუძველი ჩაეყაროს ფიზიკური ორგანიზაციის სწორ განვითარებას.
6. 7-დან 14 წლამდე (1-8 კლასები) სასწავლო მასალა პედაგოგმა მხატვრულ-ხატოვანი ფორმით უნდა მიაწოდოს ბავშვს. ამრიგად, თავიდან იქნება აცილებული ბავშვის ინტელექტზე ნაადრევი და ცალმხრივი ზეწოლა. ბავშვს საშუალება ეძლევა თავისი განცდები და შეგრძნებები დააკავშიროს განვლილ მასალასთან და ამიტომ გაკვეთილი აცოცხლებს და აფართოებს მის სამშვინველს.
7. მხოლოდ 14 წლის ასაკიდან (9-12 კლასები) იძენს გაკვეთილი მეცნიერული სწავლების ხასიათს. მთავარი მიზანი ახლა უკვე თავისუფალი მსჯელობისა და გარესამყაროში მიმდინარე მოვლენების მიმართ საკუთარი აზრის გამოთქმის უნარის ჩამოყალიბებაა. ნაცვლად სადღეისოდ გავრცელებული მეცნიერული თეორიებისა და მყარი წარმოდგენების დოგმატური სწავლებისა, გაკვეთილი თანამიმდევრული ფენომენოლოგიის საფუძველზეა აგებული. პირველ რიგში, მოზარდში ინტერესი უნდა აღიძრას მოვლენის მიმართ, განვითარდეს მასში სწორი, ობიექტური დაკვირვების უნარი და, ბოლოს კი - საგნისა და მოვლენის ზედაპირული ჭვრეტის მეოხებით, მისი შინაგანი არსისა და კანონზომიერებების აღქმის ჩვევა. ამგვარად, გაკვეთილი ეხმარება მოსწავლეს შინაგანი პოზიციის ჩამოყალიბებაში, ისეთი პოზიციისა, რომელიც არ კარგავს ინტერესს ბუნებისა და სოციალური მოვლენების მიმართ და რომელსაც აქვს უნარი შინაგანად თავისუფალმა მიაღწიოს პიროვნული დამოუკიდებლობის ჩამოყალიბებას გარესამყაროს მიმართ.
ეს ყველაფერი აუცილებელი წინაპირობაა შეგნებული და სოციალური პასუხისმგებლობით აღსავსე ქმედებისთვის.
8. ვალდორფის სკოლაში ადამიანის პიროვნების ყოველმხრივი განვითარების საქმეში განსაკუთრებულ როლს ხელოვნებისა და ხელგარჯილობის გაკვეთილები ასრულებენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 7-დან 14 წლის ასაკამდე პერიოდში გაკვეთილი მხატვრულ-ხატოვანი ფორმით იყოს აგებული (იხ. 6). 12-წლიანი სწავლების მთელ პერიოდში ბავშვებსა და მოზარდებს უტარდებათ გაკვეთილები ხატვაში (ფერწერა, გრაფიკა), ძერწვაში, მუსიკაში, ევრითმიასა და მხატვრულ მეტყველებაში. ყოველი მოსწავლე სწავლობს მინიმუმ ერთ მუსიკალურ საკრავზე დაკვრას. მუსიკალური განათლება ღრმავდება, აგრეთვე, სასკოლო გუნდსა და ორკესტრში მეცადინეობით. ხელოვნების გაკვეთილი მძლავრად ავითარებს შინაგან განცდას, ხარისხის დიფერენცირებულ აღქმასა და ფანტაზიას. აქედან გამომდინარე, იგი ხელს უწყობს აზროვნებისა და წარმოსახვის დინამიურობასა და მათ გაღრმავებას.
ხელგარჯილობის გაკვეთილზე მოზარდს გამოუმუშავდება სიზუსტის გრძნობა და რეალობის შეგრძნება აზროვნებაში. იგი ავითარებს ნებისყოფას, გულმოდგინებას, კეთილსინდისიერებასა და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის ჩვევას. ამას გარდა, იგი ხელს უწყობს ესთეტიური შეფასების ზუსტი უნარისა და ადამიანის შრომის დაფასების გრძნობის ჩამოყალიბებას.
სისტემატიური თეატრალიზირებული და ევრითმიული წარმოდგენები, კონცერტები, გამოფენები და მოხსენებები, მაგ. სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით, ვალდორფის სკოლას, გარკვეულწილად, თავისებური კულტურული ცენტრის მნიშვნელობას ანიჭებს.
9. ვალდორფის პედაგოგიკა სასწავლო პროცესის ორგანიზების საკითხშიც (გაკვეთილების ცხრილი) ცდილობს მიესადაგოს ადამიანის განვითარების შინაგან მოთხოვნილებებს. საგნები, რომლების ძირითადად თავის თავში ჩაკეტილ თემებს მოიცავენ (მშობლიური ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნების ისტორია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი) დაყოფილია 3-4 კვირიან ეპოქებად და ე.წ. მთავარ გაკვეთილს მოიცავენ. მთავარი გაკვეთილი ტარდება ყოველ დილით, სასწავლო დროის პირველი ორი საათის განმავლობაში. ეპოქის მთავარი გაკვეთილი ისეა აგებული, რომ დროის შედარებით მცირე მონაკვეთში, 2 საათში, მაქსიმალური კონცენტრაციის ეფექტი მიიღწევა.
მთავარ გაკვეთილს მოსდევს ე.წ. საგნის გაკვეთილი. ის ითვალისწინებს იმ საგნების სწავლებას, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში განუწყვეტელ ვარჯიშს საჭიროებენ. ასეთია, მაგ. ორივე უცხო ენა, რომლებიც პირველი კლასიდან ისწავლება, ხელოვნების გაკვეთილები (მუსიკა, ევრითმია და ა.შ.), ხელსაქმე, მუშაობა სახელოსნოში, მებაღეობა და სპორტი.
10. ვალდორფის სკოლები არ არიან მსოფლმხედველობითი სკოლები. ანთროპოსოფიული ადამიანთმცოდნეობა ეხმარება პედაგოგს მიაგნოს სწავლების იმ მეთოდებს, რომლებიც ადამიანის განვითარებისთვის არის საჭირო და რომელიც არასოდეს შეადგენს გაკვეთილის შინაარს. მცდელობა იმისა, რომ რაიმე ფორმით გაეცნოს მოსწავლეს ანთროპოსოფიული მსოფლმხედველობა, მთლიანად ეწინააღმდეგება ვალდორფის პედაგოგიკის მთავარ იდეალს: აღზარდოს ადამიანი თავისუფალ, შეგნებულ და სოციალური პასუხისმგებლობით აღსავსე პიროვნებად.
1. თავისუფალი დაქვემდებარება - თანამედროვეობის
აუცილებელი მოთხოვნა
ის გამოცდილება, რაც ჩვენს საუკუნეში პოლიტიკური სისტემების ხშირმა ცვალებადობამ დაგვიგროვა, მძაფრად აყენებს სკოლისა და აღზრდის საკითხს საზოგადოების წინაშე. სკოლა, რომლის შინაარსსა და სწავლების მეთოდებს სახელმწიფო ადგენს, ხშირად აღმოჩნდება ხოლმე ტოტალიტარული სახელმწიფო დოქტრინების სამსახურში. თუმცა ხშირად დემოკრატიულ საზოგადოებაშიც ხდება ის, რომ სახელმწიფო სკოლების პედაგოგიური ორიენტაცია გაბატონებული პოლიტიკური მიმართულებების შესაბამისად იცვლება. პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების ზეგავლენით, სასკოლო აღზრდამ შეიძლება მხოლოდ ნაწილობრივ, ან სულაც ვერ მიაღწიოს დასახულ მიზანს: ბავშვისა და მოზარდის შესაძლებლობები, ნიჭი და ძალები მისივე საკუთარი განვითარების კანონებისა და პირობების შესაბამისად, ოპტიმალური გზით წარმართოს და განავითაროს.
ჩვენი საუკუნის ისტორიული მოვლენების ფონზე, სახელმწიფოს დაქვემდებარებული სკოლა ნამდვილ პრობლემად იქცა: როგორ უნდა აღიზარდოს ახალგაზრდა თავისუფალ და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობით აღსავსე პიროვნებად, თუკი სასკოლო სისტემა თავისი ბიუროკრატიული სტრუქტურებით, მითითებებითა და ინსტრუქციებით სისტემატურად ავიწროებს მასწავლებელს?
სასკოლო სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს პასუხისმგებლობის გრძნობით გამსჭვალული და ინიციატივიანი ადამიანის აღზრდას, აუცილებლად თავად უნდა ემყარებოდეს მშობელთა და პედაგოგთა თავისუფალ, პირად პასუხისმგებლობაზე დამყარებულ ინიციატივას. ასე რომ, თავისუფალი სკოლების არსებობა თანამედროვეობის აუცილებელი მოთხოვნაა. სასკოლო სისტემის გამოყვანა სახელმწიფოს მეურვეობიდან და მისი თავისუფალი თვითმმართველობის პრინციპებზე გადაყვანა მხოლოდ სახელმწიფო დირიჟიზმისა და მისი ბიუროკრატიისაგან თავის დაღწევით არ მოხერხდება. აუცილებელია ხელახლა შემუშავდეს მთლიანად ადამიანზე ორიენტირებული პედაგოგიკა. სასკოლო სისტემის თავისუფლება პრობლემატური იქნებოდა, ის რომ მხოლოდ სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლად არსებობას გულისხმობდეს. სახელმწიფოს ავტორიტეტის ადგილი, ერთი მხრივ, პედაგოგიური ამოცანების სამომავლო მნიშნელობის მიმართ აღმზრდელის მიერ გაცნობიერებულმა პასუხისმგებლობამ, ხოლო მეორე მხრივ კი - ადამიანის განვითარებისათვის აუცილებელი პირობების ზედმიწევნითმა ცოდნამ უნდა დაიკავოს. მხოლოდ ასე შეიძლება ახალი პედაგოგიკის შინაარსისა და მისი მეთოდების ჩამოყალიბება.
ამგვარად, აღზრდის სფეროს დროის მოთხოვნების შესაბამისად განახლებისათვის შემდეგი მნიშვნელოვანი ამოცანების გადაჭრის წინაპირობაა აუცილებელი:
უნდა შემუშავდეს ისეთი მეცნიერება, რომელიც აღწერს ადამიანის ფიზიკური სხეულის, სამშვინველისა და სულის განვითარების კანონზომიერებებსა და ამისათვის აუცილებელ პირობებს.
უნდა განვითარდეს მასწავლებელთა მომზადების ახალი ფორმები, რომლებიც მომავალ პედაგოგებს საშუალებას მისცემს ადამიანის ასაკობრივი თავისებურებების შესაბამისი სწავლების მეთოდი და შინაარსი შეიმუშავონ.
უნდა შეიქმნას იურიდიული ერთიანობის ახალი ფორმა, რომელშიც პასუხისმგებელი ჯგუფები (მშობლები და მასწავლებლები) საკუთარი პასუხისმგებლობითა და ინიციატივით შეძლებენ თავისუფალი სკოლის იდეის განხორციელებას.