თავისუფალი ვალდორფის სკოლები. II ნაწილი

28-02-2019


 

2.    თავისუფალი ვალდორფის სკოლების

დაარსება და მათი გავრცელება

 

               პირველი თავისუფალი ვალდორფის სკოლა დაარსდა 1919 წელს, შტუტგარტში. პირველი მსოფლიო ომის კატასტროფული შედეგებისა და ძველი სახელმწიფოებრიობის ნგრევის შემდეგ, შუა ევროპის წინაშე მძაფრად დადგა ამოცანა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური განახლების დაწყებისა. საკითხი შემდეგნაირად დაისვა: შეიძლებოდა თუ არა საზოგადოების ხელახალი აღორძინების პირობებში სოციალური სტრუქტურებისათვის ისეთი ფორმის მიცემა, რომელიც ცხოვრების კანონზომიერებებზე სოციალურად მოქმედ ძალებს შეესაბამებოდა, თუ საკმარისად ჩაითვლებოდა აზროვნების ძველი ფორმებისა და ცალმხრივი იდეების უბრალოდ ახალ სამოსელში გახვევა. სწორედ, ამგვარ ფონზე უნდა განვიხილოთ პირველი ვალდორფის სკოლის დაარსება.

               რუდოლფ შტაინერი (1861-1925), იმ პერიოდში, ძალიან ინტენსიურად იღწვოდა საზოგადოების განახლებისათვის. მან შეიმუშავა შემეცნების მეთოდები მშვინვიერი და სულიერი სინამდვილის მეცნიერული კვლევისათვის და ადამიანისა და სამყაროს არსში ღრმა წვდომის ხერხები, როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერების მიერ გაკვალული გზის აუცილებელი გაგრძელება ანთროპოსოფიაში. შუა ევროპაში გაჩნდა შანსი საზოგადოების იმგვარი ფორმირებისა, რომ იგი თანამედროვეობის განვითარების შინაგანი პირობების შესაბამისი ყოფილიყო და, ამავე დროს, მძაფრი სოციალური პრობლემების გადაჭრისათვისაც შეეწყო ხელი. მიმართვაში - „გერმანული ხალხისა და კულტურული მსოფლიოსადმი" - 1919 წლის გაზაფხულზე, შტაინერმა თავისი ძირითადი იდეა, რომელიც მრავალჯერ ჰქონდა დასაბუთებული როგორც წერილობით, ასევე მოხსენებებზე, ასე ჩამოაყალიბა:

               „სოციალური ორგანიზმი ისევეა დანაწევრებული, როგორც - ფიზიკური და, როგორც ფიზიკურ სხეულს მხოლოდ თავით შეუძლია აზროვნება და არა ფილტვებით, ასევე სოციალური სხეულისთვისაც სისტემებად დაყოფაა აუცილებელი. ერთ რომელიმე სისტემას არ შეუძლია მეორის ფუნქცია იტვირთოს, მაგრამ ყოველი მათგანი, საკუთარი თვითმყოფადობის შენარჩუნებით, სხვებთან ერთად შეთანხმებულად უნდა მოქმედებდეს.

               ეკონომიკა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება აყვავდეს, როცა ის, როგორც სოციალური ორგანიზმის ნაწილი, საკუთარი ძალებისა და კანონების შესაბამისად ვითარდება და როცა ის არ აძლევს საშუალებას სხვა სოციალურ ძალას, რომელიც პოლიტიკურად უფრო აქტიურია, შთანთქას იგი. პოლიტიკურად ქმედითი ნაწილი უნდა უფრო დამოუკიდებლად არსებობდეს ეკონომიკურის გვერდით ისევე, როგორც სასუნთქი სისტემა არსებობს აზროვნების სისტემის პარალელურად. მათი შეთანხმებული თანაარსებობა გაძნელდება, თუკი შევეცდებით ისინი ერთი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოს მეშვეობით ვმართოთ. აუცილებელია, რომ ყოველ მათგანს თავისი კანონმდებლობა და მართვის სისტემა გააჩნდეს, რომლებიც აქტიურად ითანამშრომლებენ. ასე რომ, პოლიტიკურმა სისტემამ ეკონომიკა შეიძლება გაანადგუროს კიდეც, თუკი შეეცდება მისი ამოცანები თვითონ იტვირთოს, ზუსტად ისევე, როგორც ეკონომიკა კარგავს თავის სასიცოცხლო ძალებს, როცა ცდილობს პოლიტიკურად გარდაიქმნას.

               სოციალური ორგანიზმის ორივე ამ ნაწილის სიღრმიდან, სრულიად დამოუკიდებელი და საკუთარი სიცოცხლისუნარიანობიდან გამომდინარე, მესამე ნაწილი წარმოიშობა, ანუ ის, რაც ამ ორი სფეროს სულიერ ქმედებას, თუ გნებავთ, მათი სულიერების ნაწილს წარმოადგენს.

               სოციალური ორგანიზმის ამ ორივე წევრს უნდა მიემატოს სრულ თვითმყოფადობასა და საკუთარ სიცოცხლისუნარიანობაზე აგებული მესამე წევრიც, რომელსაც, აგრეთვე, ორი სხვა სფეროს წილხვედრი სულიერებაც ეკუთვნის და რომელიც მათ, თავის მხრივ, საკუთარ კანონზომიერებებსა და მართვის პრინციპებზე დამყარებული მესამე წევრისაგან უნდა გადაეცეს, მაგრამ რომელიც მათ მიერ არ უნდა იმართებოდეს და არც ზეწოლა ხდებოდეს მასზე, ისევე, როგორც ერთმანეთის მეზობლად მდებარე ორგანოებზე, რომლებიც, ურთიერთზეგავლენის მიუხედავად, შეთანხმებულად მუშაობენ".

               ამგვარად, აღწერილი იქნა სოციალური კავშირურთიერთობები, რომლებშიც სკოლა, როგორც თავისუფალი, თვითმმართველობის პრინციპზე აგებული სულიერი ცხოვრების ნაწილი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. რუდოლფ შტაინერისთვის ნათელი იყო, რომ სოციალურ სფეროში რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა შეიძლება მხოლოდ აღზრდისა და სწავლების როგორც შინაარსობრივი, ისე ფორმალური განახლებით.

               ამგვარ სიტუაციაში ემილ მოლტმა, ვალდორფ ასტორია GAG-ს დირექტორმა, სთხოვა რ. შტაინერს დაეარსებინა სკოლა ფაბრიკის მუშა-მოსამსახურეთა შვილებისთვის. ახალი სკოლის საფუძველი უნდა გამხდარიყო ადამიანის განვითარების ის კანონები და გარემოებები, რომლებიც ყველა ბავშვისათვის, ნებისმიერი ინდივიდუალური   დიფერენციაციის პირობებშიც კი, საერთო იქნებოდა. ასე ჩამოყალიბდა ვალდორფის სკოლა 12-წლიანი სასწავლო პერიოდით ყველა ბავშვისთვის. ვალდორფის სკოლა იქცა საგანმანათლებლო კერად, რომელშიც ადამიანები არ იყოფოდნენ სოციალური ფენების, ნიჭის, სქესის, ან რაიმე რელიგიური კუთვნილების მიხედვით.

               რუდოლფ შტაინერის წვლილი პედაგოგიკის განვითარებაში იმაში მდგომარეობს, რომ მან ანთროპოსოფიიდან, რომელიც ადამიანის ფიზიკურ, მშვინვიერ და სულიერ განვითარებას შეისწავლის, ახალი პედაგოგიური მოძღვრება განავითარა, რომელიც შემეცნებითი ძალების, ხელოვნების სხვადასხვა დარგების დაუფლებას ფანტაზიის, გრძნობის, ნებისყოფის, მორალური მდგრადობის და რელიგიური განცდის განვითარებას ემსახურება¹.   

               ახალი ვალდორფის სკოლის ჩამოყალიბებამ, რომელიც ასე განსხვავდებოდა მანამდე არსებული სკოლის ფორმებისაგან თავიდან მაინცდამაინც დიდი გამოხმაურება არ გამოიწვია. ამის დასტურია ის, რომ დასაწყისში ვალდორფის პედაგოგიკა ძნელად იკიდებდა ფეხს სხვაგან. 30-იანი წლების დასაწყისამდე გერმანიაში 8 ვალდორფის სკოლა დაარსდა. ნაციონალურ-სოციალიზმის ზეწოლის გამო, ისინი დაიხურა და აიკრძალა. პირველი ვალდორფის სკოლები, რომლებიც უცხოეთში გაიხსნა, იყო: ჰოლანდიაში - 1923 წელს, ინგლისში - 1925 წელს და შვეციაში, ნორვეგიაში, პორტუგალიასა და უნგრეთში - 1926 წელს.

 

_______________________________

                    ¹იხ. ბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით; რუდოლფ შტაინერის გამომცემლობა, დორნახი

               1945 წელს, გერმანიაში კვლავ შეუდგნენ ვალდორფის სკოლების აღორძინებას. 1952 წელს მათმა რიცხვმა ოცდახუთს მიაღწია. მხოლოდ 60-იანი წლების ბოლოს დაიწყო ჯერ მოკრძალებული, შემდეგ კი მძლავრი ექსპანსია ვალდორფის სკოლებისა მთელს მსოფლიოში, რის შედეგადაც 1990 წლის მონაცემებით 600 ვალდორფის სკოლა არსებობს, რომელთაგან 150 გერმანიაში ფუნქციონირებს.

               დღეს აშშ-ში - 82, კანადაში - 12, არგენტინაში - 2, ბრაზილიაში - 2, ჩილეში - 2, ეკვადორში - 1, კოლუმბიაში - 2, პერუში - 2, ურუგვაიში - 1, ისრაელში - 1, ეგვიპტეში - 1, კენიაში - 1, სამხრეთ აფრიკაში - 6, ავსტრალიაში - 18, ახალ ზელანდიაში - 4 ვალდორფის სკოლა მუშაობს. ყოფილი აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნებშიც დაიწყო ამ მოძრაობის დინამიური განვითარება: პოლონეთში ფუნქციონირებს 1, რუსეთში - 2, სლოვენიაში - 1, ჩეხიაში - 1, ესტონეთში - 1, უნგრეთში - 6 სკოლა. რუმინეთის მთელი რიგი სახელმწიფო სკოლების ცალკეულ კლასებში ვალდორფის პედაგოგიკის ელემენტებია შეტანილი.

 

 

 



უკან




Created By Studio SPAR.GE
2014 All rights reserved