თავისუფალი ვალდორფის სკოლები. IV -VI ნაწილი

28-02-2019


 

4.   ვალდორფის სკოლის პედაგოგიური საფუძვლები

 

               ვალდორფის სკოლის მეთოდიკა და დიდაქტიკა მთლიანად ეფუძნება ადამიანის განვითარებისათვის აუცილებელ გარემოებებს. მისი პრაქტიკა ესაა 12-წლიანი სწავლება სხვადასხვა უნარისა და სოციალური წარმოშობის ბავშვებისათვის.4

               სწავლების პროცესის ცალმხრივი წარმართვა შემეცნებითი უნარის ჩამოყალიბებისაკენ გადაჭრით არის უარყოფილი. მხატვრული და პრაქტიკული, მორალური და რელიგიური ღირებულებები ისევე უნდა იყოს ადამიანური არსების საკუთრება, როგორც მეცნიერული ცოდნა. ვალდორფის სკოლის სასწავლო გეგმის ყველა საფეხურის ძირითადი პრინციპი სწორედ ადამიანის არსის მთლიანად გათვალისწინებაა. ამისათვის აუცილებელია მოზარდის ბუნების საფუძვლიანი შეცნობა და ადამიანის განვითარებისათვის აუცილებელი პირობებისა და კანონების ღრმა ჭვრეტის უნარი.

            სადღეისოდ არსებული ანთროპოლოგიური მეთოდები მხოლოდ ადამიანის ფიზიკურ სხეულს შეისწავლიან. მშვინვიერი და სულიერი მათ მხოლოდ იმდენად აინტერესეთ, რამდენადაც ისინი ფიზიკური სხეულის მეშვეობით პოულობენ გამოხატულებას.

               ამიტომაა, რომ მშვინვიერსა და სულიერ სამყაროში ჩადებული პირობები აღზრდა-განვითარებისა მთლიანად დაფარული რჩება. რ. შტაინერის დიდ დამსახურებად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ მან შეიმუშავა მეთოდები მშვინვიერი და სულიერი სინამდვილის და, ამრიგად, თვით სამშვინველისა და სულის უშუალო კვლევისათვის.5

               ამრიგად, ანთროპოლოგიის, როგორც მეცნიერების გამდიდრებას ისეთი მოცულობითი ცნებებით, როგორიცაა სამშვინველი და სული, მივყავართ ადამიანის სრულყოფილი ხატის აღქმამდე, რაც ვალდორფის პედაგოგიკისა და ამ მეთოდით მომუშავე მასწავლებელთათვის საფუძველთა საფუძველს წარმოადგენს.

            ეს საფუძველი მოიცავს ბავშვისა და მოზარდის განვითარების პრინციპების სიღრმისეულ წვდომას. ეს განვითარება არაა ისეთი, როგორც ამას დღემდე ხედავდნენ, როცა იგი წარმოდგენილი იყო, როგორც განუწყვეტელი პროცესი ცოდნისა და უნარ-ჩვევების გადაცემისა. ეს პროცესი ისეა დანაწევრებული, რომ ბავშვი ასწრებს შინაგანად გარდაიქმნას და სამყაროს მიმართ ახალი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს. უკან იხევენ მანამ არსებული შეუსაბამობები სწავლებასა და პიროვნების განვითარებას შორის. განსაკუთრებით მკაფიოდ შეიმჩნევა ეს შვიდი წლის ასაკსა და გარდატეხის პერიოდში, 12-14 წლის ასაკში.

_______________________________

               4ვ. რაუტე, ვალდორფის სკოლა, როგორც ერთიანი სკოლა, მე-3 გამოცემა, შტუტგარტი, 1975. ამ და სხვა თემებთან დაკავშირებით იხ. აგრეთვე ქრ. ლინდენბერგი, ვალდორფის სკოლები, სწავლება შიშის გარეშე, თავდაჯერებული მოქმედება, მე-12 გამოცემა, ჰამბურგი, 1982, აღზრდის ცხოვრებისეული პირობები, სწავლა ვალდორფის სკოლისაგან, მე-2 გამოცემა, ჰამბურგი, 1981.           

                              5რ. შტაინერი, ზოგადი იდუმალთმეტყველება, თავი: ზენა სამყაროთა შეცნობა, 28-ე გამოცემა, დორნახი, 1969.

 

            აქედან გამომდინარე, ვალდორფის პედაგოგიკაში განვითარების სამი ფაზა უნდა გამოიყოს, რომლებიც აღზრდის სფეროში მათთვის დამახასიათებელი სპეციფიური ამოცანებით, შინაარსითა და მეთოდებით გამოირჩევა.6

 

5.    სკოლამდელი აღზრდის პერიოდი

 

               პირველი დიდი ეპოქა ბავშვის ცხოვრებაში, რომელიც 7 წლის ასაკამდე გრძლდება, იმით ხასიათდება, რომ ბავშვში სამშვინველი და სული შინაგანად ჯერ კიდევ არ არის გაცნობიერებული. ისინი გაცილებით უფრო მჭიდროდ არიან დაკავშირებული ფიზიკური სხეულის განვითარების პროცესებთან, ვიდრე უფრო გვიანდელ ასაკში. ბავშვის განცდები და მისი თვითშეგნება იმაზეა დამოკიდებული, თუ რა შთაბეჭდილებებს ღებულობს იგი ფიზიკური გარემოსაგან გრძნობათა ორგანოების მეშვეობით. იმისათვის, რომ ისწავლოს, შეძლოს გამართული დგომა, ილაპარაკოს, განავითაროს აღქმის ძალა და ფანტაზია, გაიღრმავოს ინტელექტი და აზროვნების უნარი, ბავშვის მთლიანად გარემოსაგან მიღებულ გამაღიზიანებლებზეა დამოკიდებული. სწავლის ძირითადი ფორმა ამ ასაკში მხოლოდ იმის მიბაძვაა, რასაც ბავშვი ხედავს და ისმენს. ის, რასაც ბავშვი გარე სამყაროს აღქმით უშუალოდ იღებს, პირდაპირ, (ანალიზის გარეშე) მოქმედებს მის ფიზიკურ სხეულზე და მასში შესაბამის მოძრაობებს, ჟესტებსა და ქმედებებს იწვევს. ბავშვის ჩართვა მის გარშემო არსებულ სინამდვილეში მთლიანად განაპირობებს მის ქმედებას.

               ამგვარად, ამ ასაკში პედაგოგიკის ამოცანას უნდა შეადგენდეს ისე მოაწყოს ბავშვის გარემომცველი სამყარო, რომ მან ჯანსაღი და მრავალფეროვანი შეგრძნებების მეშვეობით განავითაროს მისთვის ამ ასაკში დამახასიათებელი მიბაძვის სურვილი.7

               სწავლების მიბაძვის სურვილზე აგებული მიბაძვის ფორმა ნაწილობრივ გავლენას ახდენს ორგანოთა ადრეული ასაკისათვის დამახასიათებელ ფორმირებაზე. განვითარების სხვა ფუნდამენტალურ მომენტებთან ერთად, მიბაძვის სურვილზე დამყარებული სწავლება სიცოცხლის საწყის პერიოდში, დიდ როლს ასრულებს პიროვნების ბიოგრაფიის შემდგომ განვითარებაში.

_______________________________

 

                              6ვ. რაუტე, ვალდორფის სკოლა, როგორც ერთიანი სკოლა, მე-3 გამოცემა, შტუტგარტი, 1975. ამ და სხვა თემებთან დაკავშირებით იხ. აგრეთვე ქრ. ლინდერბერგი, ვალდორფის სკოლები, სწავლება შიშის გარეშე, თავდაჯერებული მოქმედება, მე-12 გამოცემა, ჰამბურგი, 1982, აღზრდის ცხოვრებისეული პირობები, სწავლა ვალდორფის სკოლისაგან, მე-2 გამოცემა, ჰამბურგი, 1981.

                              7ე.მ. ქრანიჰი, განვითარება და აღზრდა ადრეულ ბავშვობაში. ს. ლებერი, ვალდორფის სკოლის პედაგოგიკა და მისი საფუძველი, დარმშტატი, 1983.

 

 

               ამიტომ თითქმის ყველა ვალდორფის სკოლასთან ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი, რომელშიც ბავშვები 4-დან 7 წლამდე იზრდებიან.8

               ბაღის აღმზრდელის საქმიანობა, თვით ბაღის სტრუქტურა და მისი დღის რეჟიმი ისეა გათვლილი, რომ მიბაძვის სურვილი ბავშვებში ძალდაუტანებლად და აზრიანად განვითარდეს. სათამაშოები ხაზგასმით უბრალო მასალისაა, რათა ფანტაზია გააღვივოს და განავითაროს და რათა ბავშვის თამაშზე არანაირი ზეწოლა არ იგრძნობოდეს. წლის განმავლობაში ბავშვები უამრავ საქმიანობას ეცნობიან. ესენია: თესვა, მოსავლის აღება, ლეწვა, დაფქვა და პურის ცხობაც კი. ამ საქმიანობას ბავშვები თვალყურს ადევნებენ, ითვისებენ მას, ხოლო თვალსაჩინოება კი მათი შეგრძნებების ურთიერთდამოკიდებულების ფორმირებას უწყობს ხელს.

               ამგვარად, სხვადასხვა გზით, მაგრამ ყოველგვარი დიდაქტიკური და ინტელექტუალური მითითებების გარეშე ხდება ბავშვის ინტელექტისა და აზროვნების განვითარება.

               ამას ემატება ხელოვნების სფეროში საქმიანობის მრავალფეროვნება დაწყებული ხატვიდან და ჯგუფური თამაშობებიდან (ფერხული), ბავშვისთვის მისაწვდომი ფორმით ევრითმიის სწავლებამდე.

 

6.    პედაგოგიკა 7-დან 14 წლამდე

 

               სიცოცხლის მე-7 წელი ბავშვის ცხოვრებაში ხასიათდება მისი ფიზიკური და სულიერი კონფიგურაციის ღრმა ცვლილებებით. გარეგნულად ეს შესამჩნევი ხდება ტანადობის პირველი შეცვლითა და კბილთა ცვლის დაწყებით. ფიზიკური სხეულის განვითარების მრავალი თავისებურებებით ამ ასაკში შეიძლება დავასკვნათ, რომ ის ძალები, რომლების ადრეულ ბავშვობაში ფიზიკური სხეულის ფორმირებას ხმარდებოდა, ამიერიდან მხოლოდ ამ მიზანს აღარ ემსახურებიან. ისინი უკვე ბავშვის სამშვინველის ორი მიმართულებით განვითარებას უწყობენ ხელს. ესენია: უნარი ხატოვანი მეხსიერების შეგნებული გამომუშავებისა და, ასევე, ჩვევა მხატვრულ-ხატოვანი განცდისა. ამრიგად, ბავშვს შეუძლია სამყარო სურათხატებით შეიმეცნოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აქამდე არსებული ცნობიერებისა და აღქმის ურთიერთდაკავშირების ნაცვლად ბავშვი ითვისებს მოვლენებს. ათვისება, სწავლა და აღქმა ხდება გარესამყაროსაგან მოწყვეტილ სამშვინველში, სადაც ხატი, სურათი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აღქმულის შინაგანი ხორცშესხმა.

            ბავშვის ფანტაზიაში დაფიქსირებული ხატები მხოლოდ მომხდარის ცალკეულ მომენტებს კი არ მოიცავს, არამედ მოვლენების შინაგან კანონზომიერებებს, მათ მნიშვნელობასა და მათ არსში წვდომასაც.

_______________________________

                              8უფრო დაწვრილებითი ცნობები ვალდორფის საბავშვო ბაღების შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ ვალდორფის საბავშვო ბაღების საერთაშორისო გაერთიანებაში, ჰოიბერტშტრასე 11, 7000 შტუტგარტი 1.

              

               სურათხატების მნიშვნელობა იმაშიც მდგომარეობს, რომ იგი თავისი თვალსაჩინოებით, ცნებების აბსტრაქტული ხასიათისაგან განსხვავებით, თანაგანცდის გრძნობას აღვივებენ. ეს კი სიცოცხლეს ანიჭებს და ამდიდრებს სამშვინველს. გაცნობიერების მომენტიდან, რომელიც კბილების ცვლით იწყება, შეიძლება პედაგოგიური მუშაობა 7-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში სამშვინველის ჩამოყალიბების გზით წარიმართოს.  

               12-დან 14 წლამდე, სანამ ბავშვს საკუთარი შეფასების უნარი განუვითარდებოდეს, მას ჯერ კიდევ არ შეუძლია კავშირებისა და კანონზომიერებების დამოუკიდებლად დანახვა. ამიტომ მისთვის აუცილებელია პედაგოგის ხელმძღვანელობით შეიმეცნოს და გაიგოს მოვლენათა არსი.

               ამგვარად, მასწავლებელი, რომელსაც აქვს უნარი ხატოვნად გადასცეს გაკვეთილი, ანუ არ მისცეს მას ზედმეტად ინტელექტუალური სახე და აღუძრას ბავშვს ფანტაზია და გრძნობები, ამ უკანასკნელისათვის ნებაყოფლობით აღიარებულ ავტორიტეტად იქცევა.

               ხატოვანი გაკვეთილი ერთ-ერთი ყოვლისმომცველი საშუალებაა სწავლების პროცესში. ზღაპრების, ლეგენდების, მითების, თქმულებებისა და ბიოგრაფიების მეშვეობით მიღებული სახეები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ ზნის, ხასიათისა და სინდისის განვითარებაზე. ეს სახეები არ ატარებენ იძულებითი სწავლების ხასიათს, ისინი არც ავტორიტარულად თავსმოხვეული ფასეულობებია. ისინი ბავშვში ახდენენ ხასიათის გაღრმავებას და საკუთარი მორალური ნების განვითარებას.

               ხატოვანი გაკვეთილი ბავშვში ავითარებს აზროვნებას, რომელიც საგნისა და მოვლენის ზედაპირიდან მის სიღრმეებამდე აღწევს. იგი მოსწავლეებს უბიძგებს თანაგანცდისაკენ და, ამგვარად, მათ გრძნობათა სამყარო უვითარდება.

               ის, რაც ხატოვნად აღიქმება და გრძნობათა სამყაროს ეხმიანება, როგორც წესი, ადვილად რჩება მეხსიერებაში. ამიტომაა, რომ ხატოვან გაკვეთილს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მეხსიერების გაღრმავებისთვისაც. მასწავლებლისაგან იგი მოითხოვს მასალის ცოცხალ სულიერ გადამუშავებას და მის მხატვრულ წარმოსახვას, რაც სწავლების ყველა სფეროს ეხება.

               ამგვარი პედაგოგიკა, რომელიც კონკრეტულად და დიფერენცირებულად აყალიბებს სამშვინველს, საჭიროებს არა მხოლოდ ისეთ მასწავლებელს, რომელიც ბუნებრივი ავტორიტეტია ბავშვისათვის, არამედ ისეთსაც, რომელიც განვითარების მრავალი წლის განმავლობაში მიჰყვება მას. ამიტომ მთავარი გაკვეთილის პედაგოგი კლასს პირველი რვა წლის განმავლობაში ყველა საგანში ამეცადინებს (იხ. თ. 9). იმის გამო, რომ იგი ამ რვა წელიწადში ყოველდღიურად, სულ მცირე, ორსაათიან გაკვეთილს ატარებს თავის კლასში, მას საშუალება ეძლევა ყოველი მოსწავლის განსაკუთრებული თავისებურებების ახლოს გაცნობისა. სწორედ ამგვარად მიიღწევა სწავლებისა და აღზრდის ერთიანობა. 

 

 



უკან




Created By Studio SPAR.GE
2014 All rights reserved