თავისუფალი ვალდორფის სკოლები. VII - X ნაწილი
7. პედაგოგიკა 14 წლის ასაკის შემდეგ
(9-12 კლასები)
გარდატეხის პერიოდში ახალგაზრდა ადამიანი თავისი შინაგანი არსებით თითქმის ისეთსავე გარდაქმნას განიცდის, როგორც კბილთა ცვლის დროს. ამ ასაკისათვის დამახასიათებელი სწრაფი ზრდა ბავშვს სხეულის ნაწილებისა და ნების ურთიერთკავშირის განმტკიცებაში ეხმარება. მოზარდის შეცვლილ ხმაშიც უკვე ინდივიდუალური ჟღერადობა შეინიშნება. ე.წ. სქესობრივი სიმწიფის მეორადი გარეგნული ნიშნებით სხეული ძლიერ სამშვინველისეულ გამოხატულებას იძენს. ეს პროცესები, სქესობრივი სიმწიფის გარეგნულ ნიშნებთან ერთად, ერთი მთლიანი მოვლენის მაჩვენებელია: ახალგაზრდა ადამიანი უკვე აცნობიერებს საკუთარ არსს. ბავშვობიდან ჭაბუკობის ხანაში გადასვლით ადამიანი სამშვინველის პიროვნული ძალების მეშვეობით, ანუ გრძნობითა და ნებით, უფრო დამოუკიდებლად და თავისუფლად დგება გარესამყაროს პირისპირ. მისი მისწრაფებები შინაგანი და გარეგანი დამოუკიდებლობისაკენ განსაკუთრებით მკვეთრ გამოხატულებას პოულობენ ახალ საფუძველზე, როცა იგი საკუთარი შეფასების უნარით აყალიბებს თავის შეხედულებებს, ორიენტაციებს და მიზნებს. ახალგაზრდა ადამიანში ცოცხლობენ იდეალები და მიზნები. ყოველი ამისაგან და პირადი გრძნობებიდან გამომდინარე, ჭაბუკი ეძებს, თუმცა კი ჯერ ფრთხილად და მოუქნელად, პირად, პერსონალურ კავშირურთიერთობებს სამყაროსთან და უფრო გაცნობიერებულ დამოკიდებულებას საკუთარი თავის მიმართ.9
აქედან გამომდინარე, შეიძლება ახალი მოთხოვნები წავუყენოთ გაკვეთილს, რაც თანაბრად შეეხება როგორც შინაარსს, ისე მეთოდებს. ხატის ადგილას შემოდიან პირობები, სიტუაციები, რომელთა მეშვეობითაც ახალგაზრდებში ვითარდება სამყაროს მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული დამოუკიდებელი შეფასების უნარი. სწავლების სხვადასხვა ასპექტებში იგი გულმოდგინედ ეცნობა და აკვირდება მასალებს, ფენომენებსა და ექსპერიმენტებს. მასწავლებლის ამოცანა აქ იმაში მდგომარეობს, ისე თვალსაჩინოდ წარმოადგინოს ფაქტები, რომ მოსწავლეს საშუალება მიეცეს საკუთარი აზრი, შეფასება მათ შესახებ, ნათლად და მკაფიოდ ჩამოაყალიბოს. შეფასებისას მოსწავლე, საკუთარი აზროვნების ფენომენიდან გამომდინარე, წინა პლანზე წამოსწევს იმ ცნებებსა და იდეებს, რომლებიც მისი სულიერი განვითარების ამ ეტაპისთვის არის დამახასიათებელი.
ამგვარად, მეცადინეობა მთავარი გაკვეთილის საგნებში უფრო მეცნიერულ ხასიათს იძენს, მაგრამ კვლავინდებურად ფენომენოლოგიურად ორიენტირებული რჩება და თავიდან გვაცილებს ახალგაზრდის ნაადრევ კონფრონტაციას ჰიპოთეზებისა და მოდელების სამყაროსთან. წინა პლანზეა წამოწეული საკუთარი აზროვნებისა და შეფასების უნარის გავარჯიშება.
_______________________________
9ე. მ. ქრანიჰი, ვალდორფის პედაგოგიკა და აღზრდის მეცნიერება, ფრანკფურტი, 1990.
თუ ეს უნარ-ჩვევები განვითარებული და გამყარებულია, დღევანდელი მეცნიერული თეორიები და მოდელები კარგავენ ამ ასაკისათვის ასე დამაბრკოლებელი დოგმატიზმის ხასიათს, რომელიც უფრო უაპელაციო რწმენის ხასიათს ატარებს, ვიდრე შემეცნებისას... დამოუკიდებელი შემეცნების უნარის ჩამოყალიბება მჭიდროდაა დაკავშირებული ადამიანის პიროვნებასა და მის განვითარებასთან. მისი განვითარება წინაპირობაა იმისა, რომ ახალგაზრდა ადამიანში მოქმედი სული არ ჩამოყალიბდეს როგორც მხოლოდ სიცოცხლისუუნარო, ყოველთვის ერთგვაროვანი და ფუნქციადაკარგული ინტელექტუალობა.
8. სწავლება ხელოვნებისა და შრომის გაკვეთილის მეშვეობით
განვლილი ათწლეულების მანძილზე სკოლა, ძირითადად, მეცნიერული აზრების, ბავშვისა და მოზარდის დონის გათვალისწინებით, სწავლების კერას წარმოადგენდა. არ ხდებოდა ანგარიშგაწევა იმისა, რომ მეცნიერებას, ძირითადად, მხოლოდ სამყაროში უკვე არსებული წესებისა და კანონების განმარტება შეუძლია და ისიც, ხშირად, ვიწროდ შემოფარგლული ასპექტების დონეზე. სამყაროსა და ცხოვრების აქტიური ფორმირების საქმეში იგი ნაკლებად ეხმარება ადამიანს. ესთეტიური ანალიზის მეშვეობით არ შეიძლება მხატვრული ქმედითუნარიანობის აღზრდა, რელიგიური განცდა არ ვითარდება მხოლოდ რელიგიის ფილოსოფიის გადაცემით. იგივე მდგომარეობაა პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების საქმეში. თავისთავად მეცნიერება და, განსაკუთრებით, მისი ანალიტიკური მეთოდები, მწირს ხდის ცხოვრებას. სკოლას, რომელიც სამყაროს მეცნიერული ხედვის გამო ცალმხრივადაა ორიენტირებული, არ შეუძლია სრულყოფილად, ადამიანური თვისებების მრავალფეროვნების გათვალისწინებით, განავითაროს მოზარდი.
ამიტომ ვალდორფის სკოლაში გაკვეთილი თავიდანვე პრაქტიკული და მხატვრული ასპექტების გათვალისწინებითაა აგებული. ბავშვებსა და მოზარდებს, სწავლების მთელი 12 წლის მანძილზე, უტარდებათ ხელოვნების გაკვეთილები ფერწერაში, ხატვაში, ძერწვაში (განსაკუთრებით, მე-9 კლასიდან), მუსიკაში (ვოკალი, ინსტრუმენტული მუსიკა), ევრითმიასა და მხატვრულ მეტყველებაში.10
მხატვრული წარმოსახვის ფორმირების ძალები, უკვე დაბალ კლასებში, ვითარდებიან იმით, რომ უარყოფილია გარეგნული მიმბაძველობა ხელოვნების გარკვეულ ელემენტებში სავარჯიშო სამუშაოების ხარჯზე.
უბრალო ფერთა კომპოზიცია და ფერთა ჰარმონია დაბალი კლასების მოსწავლეებში ავარჯიშებს ხატვის უნარს, ფერთა არსში წვდომისა და მათი მრავალეროვანი შეხამების გრძნობას. ამგვარ მხატვრულ საფუძველზე დაყრდნობით მომავალში შეიძლება სხვადასხვა სფეროების ფერწერულ გამოსახვაზეც გადავიდეთ (ბუნების განწყობილებანი, ლანდშაფტი, მცენარეები და ა.შ.).
_______________________________
10ე. დიუნფორდი და სხვა, ხელოვნებისა და ხელგარჯილობის გაკვეთილები ვალდორფის სკოლაში.
მუსიკაში ყველა ბავშვი, სისტემატიურად, სიმღერასთან ერთად, სულ მცირე ერთ ინსტრუმენტზე დაკვრას სწავლობს. მე-6-8 კლასების მოსწავლეებისაგან შეიძლება საშუალო საფეხურის, ხოლო მომდევნო კლასების მოსწავლეებისაგან კი - ზედა საფეხურის ორკესტრის ჩამოყალიბება. აქ, ისევე როგორც სასკოლო გუნდში, შეიძლება ცნობილ ავტორთა ნაწარმოებების შესწავლა. მუსიკაში ვარჯიშისა და მეცადინეობის მეშვეობით მძლავრი ზემოქმედება ხდება სამშვინველზე მოქმედი ძალების გაღრმავებაზე.
მსგავსი მნიშვნელობა აქვს მხატვრულ მეტყველებას, რომელიც ყველა კლასში ჯგუფური რეციტირების მეშვეობით ისწავლება. პოეზიის უზარმაზარი სამყაროს შეცნობა სრულად მხოლოდ მას შეუძლია, ვინც მას არა მხოლოდ კითხულობს, არამედ მისი არსის სიღრმეებში წვდომასაც ცდილობს.
ევრითმიაში, რუდოლფ შტაინერის მიერ ამ ახლად შექმნილი ხელოვნების დარგში, ბავშვები სწავლობენ ენასა და მუსიკაში დაფარული ძალების მხატვრული ხერხებით, მოძრაობით გამოსახვას.
როდესაც ბავშვები და მოზარდები სხვადასხვა სფეროში ამგვარად არიან დაკავებულნი, ისინი სწავლობენ ცოცხლად, სულიერი ძალებით მუშაობას. ნებისმიერ მხატვრულ ნამუშევარში, თუნდაც ის სრულიად უბრალო იყოს, ბავშვი მასალას ისეთ სახეს აძლევს, რომ მასში რაღაც, არსობრივად მნიშვნელოვანი გამოიკვეთება. ხელოვნება ყოველთვის ნიშნავს სულით გამსჭვალვის პროცესს. ეს მოზარდ თაობას განსაკუთრებით ეხება. მხატვრული საქმიანობა ვარჯიშსა და გამეორებას მოითხოვს, ეს კი, თავის მხრივ, ამაღლებს მხატვრული ფორმირებისა და განცდის უნარს. განცდა და ქმედება (კეთება) სულიერი კანონზომიერების ხასიათს ატარებს.
ახალგაზრდა ადამიანს უვითარდება უნარ-ჩვევები, რომელთა მეშვეობითაც იგი არა მხოლოდ შეიმეცნებს იმას, რაც საგნებში კანონზომიერად ძევს, არამედ იმასაც, თუ როგორ მიანიჭოს მასალას სულიერი გამოხატულება. ამ გზით ხელოვნება ეხმარება ადამიანს საკუთარი შემოქმედებითი ნატურის წვდომაში.
პრაქტიკული შრომის გაკვეთილი 12 წლის (6. კლასი) ვაჟებისა და გოგონებისათვის მებაღეობასა და სახელოსნოში მუშაობის ფორმით ტარდება. ეს ის დროა, როდესაც ახალგაზრდა თავისი ცხოვრების მეორე გარდატეხის ფაზაში შედის და, ბავშვური ჰარმონიული გუნება-განწყობის შეცვლის მეშვეობით, ახერხებს ნებისყოფის ძალების გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევას. ამ დროს, შრომის გაკვეთილს მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს: ხის დამუშავების სხვადასხვა სახე (გაწმენდა, კვეთა, ხერხვა, გაშალაშინება) მოსწავლისაგან მოითხოვს მკაცრ, საქმიან დამოკიდებულებას ხელსაწყოსა და დასამუშავებელი დეტალის მიმართ და უვარჯიშებს მას ნების დიფერენცირებული, მგრძნობიარე წარმართვის უნარს. თავიდან მოსწავლეები აკეთებენ უბრალო საგნებს. ამ საგნების საჭიროებასა და მათი შემდგომი გამოყენების აუცილებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რათა თავიდან იქნას აცილებული უსარგებლო შრომა. როდესაც მოგვიანებით, 9-10 კლასის მოსწავლე მარტივ ავეჯს ამზადებს, საჭირო ხდება ესკიზის გაკეთება, რაც მკაფიო პრაქტიკულ გააზრებას, ესთეტიურ გრძნობას, პრაქტიკული, დიფერენცირებული მუშაობის ჩვევასა და ხელსაწყოსა და მასალის სწორი გამოყენების უნარს მოითხოვს.11
ამრიგად, ახალგაზრდა ადამიანი მებაღეობის, ხისა და ლითონის დამუშავების, მეთუნეობის მეშვეობით იძენს რეალისტური, პრაქტიკულად გამოსაყენებელი აზროვნების უნარსა და ნებისყოფას, გამძლეობასა და ამტანობას, რაც აუცილებელია საგნის ზუსტად, პროფესიონალურად დამზადებისათვის. ეს კი მხოლოდ ზუსტი, საქმის ცოდნაზე დამყარებული მუშაობით მიიღწევა, რაც თავისთავად გამორიცხავს თამაშის ელემენტებს, ანუ მიიღწევა უკვე ხელოსნობის და არა ხელსაქმის მეშვეობით.
ხელოსნობის გაკვეთილი ამგვარად დიფერენცირებულ ამოცანას ისახავს მიზნად 11-12 კლასებშიც, როდესაც საჭიროა წიგნის აკინძვასთან დაკავშირებული დიდი რუდუნებისა და სიზუსტის გამომუშავება და ყოველივე ამის შერწყმა მხატვრული გაფორმების უნართან.
სხვადასხვა დროს ამტკიცებდნენ, რომ ვალდორფის სკოლის სპეციფიკა, სწორედ, ხელოვნებისა და ხელოსნობის გაკვეთილებში მდგომარეობს. ეს, ცოტა არ იყოს, ცალმხრივი შეხედულებაა. საქმე ეხება გაკვეთილის ორიენტირებას მოზარდის განვითარების პროცესზე და სასწავლო გეგმას, რომელიც, თავისი პრაქტიკული შრომითი, ხელოვნებისა და მეცნიერული ელემენტების საშუალებით, ცდილობს მთლიანად მოიცვას ადამიანი.
9. გაკვეთილის ორგანიზაცია
სკოლა, რომელიც ადამიანის ყოველმხრივი განათლების იდეალს ემსახურება გაკვეთილის გარეგნული დანაწევრებისა და მისი სწორი ორგანიზაციის საშუალებით, უნდა ცდილობდეს, რომ მასალა არ აღემატებოდეს კონკრეტული ადამიანის მიერ მისი ათვისების უნარს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან ადვილია, მასალის სირთულის გამო, ადამიანის განვითარება შეიზღუდოს და მისი დეფორმირება მოხდეს. ძირითადი პირობა იმაში მდგომარეობს, რომ გაკვეთილზე, შეძლებისდაგვარად, მჭიდრო კონტაქტი დამყარდეს პედაგოგსა და მოსწავლეს შორის. პედაგოგი უნდა ცდილობდეს მასალა ცოცხლად, სულიერი გაცნობიერების გზით მიაწოდოს მოსწავლეს. იმისათვის, რომ მასალა ენის მედიუმის მეშვეობით მივიდეს მოსწავლემდე, სახელმძღვანელო საჭირო არაა. ის, რაც გაკვეთილზე იქნება განხილული და დამუშავებული, ბავშვების ეპოქათა რვეულებში ჰპოვებს ასახვას.
მოზარდი თაობის ყოველდღიური მეცადინეობის პროცესის მისთვის მისაღები ფორმით დანაწილება სწავლების სფეროების მრავალგვარობით მიიღწევა. ის საგნები, რომლებშიც მუშავდება თავის თავში ჩაკეტილი საქმიანობის სფეროები (მშობლიური ენა, ისტორია, გეოგრაფია, მათემატიკა, ადამიანთმცოდნეობა, ბუნებისმეტყველება, ფიზიკა, ქიმია) ეპოქებად დანაწევრებული ფორმით ისწავლება.
_______________________________
11ე. დიუნფორდი და სხვა ხელოვნებისა და ხელგარჯილობის გაკვეთილი ვალდორფის სკოლაში.
12-წლიანი სწავლების მთელი პერიოდის მანძილზე, დილის მეცადინეობის პირველი ორი საათი, ე.წ. მთავარ გაკვეთილს ეთმობა, რომელზედაც 3-4 კვირის განმავლობაში მხოლოდ ერთი გარკვეული საგანი ისწავლება (ეპოქა).
ერთ გარკვეულ საგანზე გარკვეული დროით გაჩერება საშუალებას იძლევა მასზე კონცენტრირებისა, რაც მხოლოდ მაშინ მიიღწევა, თუ გაკვეთილზე წინა დღით განხილულ მასალას გაიმეორებენ, გააღრმავებენ და განავრცობენ მას. ეს პედაგოგს აძლევს შესაძლებლობას იმუშაოს კლასში, რომელშიც ხშირად სხვადასხვა გონებრივი შესაძლებლობების ბავშვია თავმოყრილი და მიაღწიოს მათთან ცოდნის გაფართოებას, საჭირო ჩვევების გამომუშავებას და განცდის უნარის გაღრმავებას. უკვე არაერთხელ იქნა ნაჩვენები, რომ ახალი ეპოქის შინაარსის აღდგენა ძალიან სწრაფად ხდება და ხშირად იგი მოსწავლეთათვის უფრო ღრმად და ყოველმხრივ გასაგებიცაა.
ამრიგად, ეპოქის გაკვეთილები ანგარიშგასაწევია დროის ეკონომიის, კონცენტრაციის მაღალი ხარისხისა და ე.წ. „ნაყოფიერი შესვენების" თვალსაზრისით.
იგი, ამავე დროს, მეცადინეობისათვის განკუთვნილი დღის ჰიგიენური ფორმირების საფუძველიცაა. მასალა მოსწავლეს უვითარებს ათვისებისა და საგნის აზრობრივად ღრმად წვდომის უნარს, ანუ იმ სულიერ ძალებს, რომლებიც დილის საათებში განსაკუთრებით აქტიური და ადვილად ასამოქმედებელია. დღის განმავლობაში, ეპოქის, ანუ მთავარი გაკვეთილის შემდეგ, მოდის ის საგნები, რომლებიც ხანგრძლივ ვარჯიშს მოითხოვენ. ესენია: ენის, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს გაკვეთილები, როგორიცაა, მაგ.: მუსიკა, ევრითმია, ხატვა, ძერწვა, ხელსაქმე. ისინი, ე.წ. საგნობრივი გაკვეთილები, დაყოფილია ერთ ან ორსაათიან ნაწილებად. ის სფეროები, რომლებიც განსაკუთრებულ ფიზიკურ აქტიურობას მოითხოვენ, მაგ.: მებაღეობა, შრომა ან სპორტი, ძირითადად, ტარდება დღის პირველი ნახევრის ბოლოს, ან დღის მეორე ნახევარში.
ამგვარად, გაკვეთილების ცხრილი შინაგან რიტმს შეიცავს, რომელიც გონებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული საქმიანობით იწყება და გადადის ისეთ სფეროებში, რომლებიც ხანგრძლივ ვარჯიშს მოითხოვენ, მხატვრულ ელემენტებს შეიცავენ, ფიზიკურ დატვირთვას საჭიროებენ და შეესაბამებიან ადამიანისათვის აუცილებლად საჭირო ქმედების ყველა ნიუანსს.
ვალდორფის სკოლის სასწავლო გეგმის ერთ-ერთი თავისებურება იმაშიც მდგომარეობს, რომ იგი უცხო ენების შესწავლის ადრეულ ასაკში დაწყებასაც გულისხმობს.
უკვე დაწყებითი კლასები ითვლება იმ პერიოდად, როცა ენების ათვისება ბავშვის მიერ განსაკუთრებით ინტენსიურად ხდება. პირველ კლასშივე შემოდის ორი, შეძლებისდაგვარად განსხვავებული უცხო ენა. ბავშვები უცხო ენას სწავლობენ ჯერ მხოლოდ მცირე დიალოგების, ლექსების, რიტმული გამონათქვამების, სიმღერებისა და მცირე სცენების საშუალებით. მოგვიანებით, როცა მოსწავლეები მე-4 კლასში იწყებენ წერასა და გრამატიკის შესწავლას, ისინი უკვე სალაპარაკო ენის გარკვეულ მარაგს ფლობენ. გრამატიკა აქ შეიძლება ისწავლებოდეს, როგორც უკვე ნაწილობრივ შესწავლილი ენის უკეთ გაცნობიერების საშუალება.
ამ გზით შესაძლებელი ხდება ბავშვი ავარიდოთ იმ პრობლემებს, რომლებსაც ისინი აწყდებიან, როდესაც უცხო ენის შესწავლას იწყებენ, პარალელურად, ლაპარაკის, კითხვისა და გრამატიკული კატეგორიების მეშვეობით. უცხო ენის სწავლების ადრეული დაწყება იმ დროს, როცა მიბაძვის უნარი ამ ასაკის ბავშვებში (1-დან 7 წლამდე) ჯერ კიდევ არ გამქრალა, თავის მხრივ, განაპირობებს კონკრეტული უცხო ენის პლასტებში ღრმა წვდომის ეფექტს, რაც მოგვიანებით უკვე ასე ადვილად მისაღწევი არაა.
10. არის თუ არა ვალდორფის სკოლა მსოფლმხედველობრივი სკოლა?
გასულ წლებში არაერთხელ გაისმა მტკიცება, თითქოს ვალდორფის სკოლები მსოფლმხედველობრივი სკოლები ყოფილიყოს. 12
ამ აზრის დასაბუთება ორგვარად ხდება: ვალდორფის პედაგოგიკას ანთროპოსოფია უდევს საფუძვლად და ამ სკოლებში სწავლების სფეროები იმგვარი ფორმითაა წარმოდგენილი, რომ ისინი ნაწილობრივ მკვეთრად ემიჯნება საზოგადოდ არსებულ შეხედულებებს.
ორივე არგუმენტი სწორია. მაგრამ ის, ვინც ამტკიცებს, რომ ამით აღმოაჩინა მსოფლმხედველობრივი ელემენტები სწავლების პროცესში, ამგვარ დასკვნას გაუგებრობის, ან ინფორმაციის უქონლობის გამო აკეთებს.
პედაგოგიკა, რომელიც მიზნად ისახავს მოიცვას ადამიანი მთლიანად და არ სურს ბავშვი განიხილოს, როგორც მხოლოდ ცოდნის გადაცემის ობიექტი, აუცილებლად საჭიროებს ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ადამიანის შეცნობას. მეცნიერება ადამიანის შეცნობის შესახებ დღეს მრავალ, სხვადასხვა დისციპლინად არის დაყოფილი. მისი არსის მთლიანად აღქმა კი, რატომღაც, მეცნიერების ინტერესებს მიღმა დარჩა, და ეს იმ დროს, როდესაც ანთროპოსოფიას შემეცნების საკუთარი მეთოდებით ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ადამიანის არსის გაგების ისეთ შესაძლებლობამდე მივყავართ, რომელიც ფიზიკურ სხეულს, სამშვინველსა და სულს მოიცავს. და თუ იგი პედაგოგიკას უდევს საფუძვლად, მაშინ სწავლება არ დაიყვანება ცოდნის გადაცემის ჩვეულებრივ პროცესამდე. ადამიანის ანთროპოსოფიული შემეცნება შეიძლება განვიხილოთ, როგორც ანთროპოლოგია პედაგოგიკისა, რომელიც მიზნად ადამიანის ყოველმხრივ განვითარებას ისახავს. დღემდე უდავოდ აქტუალურია რ. შტაინერის მიმართვა პირველი ვალდორფის სკოლის მასწავლებლებისადმი:
„ჩვენ არ გვინდა ვალდორფის სკოლა მსოფლმხედველობრივ სკოლად ვაქციოთ. ჩვენი მიზანი არაა, ვასწავლოთ ანთროპოსოფიული დოგმები, მაგრამ ჩვენ მივისწრაფვით იქით, რომ პრაქტიკულად გამოვიყენოთ ანთროპოსოფია, რომელიც სწავლების მეთოდიკას დაედება საფუძვლად."
_______________________________
12 შროედერი და სხვ., „ქრისტიანობა, ანთროპოსოფია, ვალდორფის სკოლა," შტუტგარტი, 1987.
ანთროპოსოფია ეხმარება პედაგოგს, შეძლებისდაგვარად, ყოველმხრივ ესმოდეს ბავშვისა, მიაღწიოს იმას, რომ ღრმად ჩასწვდეს ცალკეული სასწავლო სფეროს საგნისა და მისი სწავლების მეთოდების მნიშვნელობას ბავშვის განვითარებისათვის.
ანთროპოსოფია საფუძველს უყრის თითოეულ ბავშვზე ინდივიდუალურად მიმართული სწავლების პრაქტიკას. მაგრამ ის არასოდეს არის სწავლების საგანი. ეს იქნებოდა ვალდორფის პედაგოგიკის სრულიად საწინააღმდეგო ფაქტი იმიტომ, რომ გამოიწვევდა ბავშვთა და მოზარდთა უაზრო, უსამართლო შეზღუდვას.
რა უდევს საფუძვლად იმას, რომ სხვადასხვა საგნების სწავლება არასტანდარტული მეთოდებით ხდება? განვლილმა ათწლეულებმა აჩვენა, თუ რა ცუდად იყო მეცნიერული თვალსაზრისით შესწავლილი ცხოვრების მთელი რიგი სფეროები. ბუნებისა და ადამიანის ანალიტიკური, რაოდენობრიობაზე დამყარებული განხილვა შეუძლებელს ხდის სინამდვილის ღრმად შეცნობას. ამ რედუქციონისტული შეზღუდვის გადალახვა ცხოვრების პრობლემად იქცა. ამიტომაცაა, რომ დღემდე არსებული მსოფლმხედველობის ამარა დარჩენა ფატალურ ანაქრონიზმად უნდა ჩაითვალოს, თუნდაც იგი, გაბატონებული აზრის გამო, ლეგიტიმური ჩანდეს.
ვალდორფის სკოლები ცდილობენ ხატოვანი და ფენომენოლოგიური გაკვეთილების, სწორი ფანტაზიისა და სამყაროს მხატვრული აღქმის მეშვეობით, მოსწავლეებს გამოუმუშავონ უნარ-ჩვევები, რომლებიც მათ დაეხმარებიან რედუქციონისტულად შეზღუდული ინტერპრეტაციებისაგან თავის დაღწევაში. აქ შეიძლება ვილაპარაკოთ მხოლოდ შემეცნებისა და ჭეშმარიტების გარკვევაზე.
და პირიქით, უდავოა, რომ მსოფლმხედველობრივი სწორედ ის გაკვეთილია, რომელიც მეცნიერების პოზიტივისტურ გააზრებას ემყარება. იგი საზიანოა, რადგან აფერხებს მშვინვიერისა და სულიერის განვითარებას.
შესაბამისად, ერთმნიშვნელოვნად მსოფლმხედველობრივია ის გაკვეთილები, რომლებშიც პოზიტივისტური მეცნიერული გააზრება ხდება. იგი საზიანოა, რადგან აფერხებს მშვინვიერი და სულიერი განვითარების პროცესს.