ფორმების ხატვა

ფორმების ხატვა

12-03-2016


„ფორმების ხატვა" არის ვალდორფის მეთოდით სწავლების სპეციფიკური საგანი. მას ანალოგი არც სახელმწიფო სკოლების პროგრამაში და არც სხვა პედაგოგიურ სისტემაში არ აქვს. ამ საგნის თავისებურება გამოიხატება იმაში, რომ ის ორგანულად აერთიანებს ერთდროულად რამდენიმე ტრადიციულ საგანთა ელემენტებს, რაც მიიჩნევა ამ საგნის საწყის საფეხურად ან ნაირსახეობად. ფორმების ხატვა შეიძლეიბა იყოს მოსამზადებელი ეტაპი წერის, გეომეტრიისა და მხატვრული შემოქმედებისთვის. ამ საგნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია ხაზისა და ფორმის თავისუფალი ფლობის საწყისი ჩვევების გამომუშავება, რაც ლამაზი კალიგრაფიის წინაპირობაა.
მოსწავლეებისათვის მუშაობის ძირითადი ელემენტია ხაზი, რომელიც მოძრაობისა და ფორმის გამოხატვის საშუალებაა. მოსწავლის დასრულებული ნახატი - ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ხანგრძლივი პროცესის შედეგი, რომელიც მოითხოვს სხვადასხვა სახის აქტიურობას და მოიცავს სხვადასხვა ფაზებს. ესაა: დაკვირვება (მოსწავლეები აკვირდებიან მასწავლებელს მუშაობის პროცესში), ფორმის შექმნა სივრცეში (მოცემული ფორმით სიარული, ფორმის ხატვა ხელით ჰაერში და ფეხით - იატაკზე, ფორმის განცდა - სწორი და მრუდი ხაზი - ჟესტებით, გამომსახველობით თამაშებისა და ლექსების წარმოთქმის დროს) და, ბოლოს, ფორმის გადატანა ფურცელზე.
დავალებების შერჩევა ხდება მოსწავლეების განვითარების დონის შესაბამისად და თანდათანობით რთულდება. შემდეგ საფეხურზე (მომდევნო კლასში) გადასვლისას ჩნდება ხარისხობრივად ახალი ელემენტები (დავალებები სიმეტრიაზე, ფორმების მეტამორფოზა, შემოქმედებითი სავარჯიშოები, რაც წარმოსახვის აქტიურობას მოითხოვს). ამ დავალებების გამაერთიანებელი ელემენტია მშვენიერების, ჰარმონიის მომენტი, რომლის მისაღწევადაც მოსწავლეებს მოეთხოვებათ ყურადღება, მონდომება და სიზუსტე. მთელ ამ პროცესს თან ახლავს ესთეტიურობის განცდა: მოცემული ფორმის აღქმიდან საკუთარის შექმნამდე.
საყოველთაოდ მიღებული მიდგომისაგან არსებითი განსხვავება იმაშია, რომ ყველა დავალება სრულდება დამხმარე ხელსაწყოების - ფარგლის, სახაზავის და ა.შ. - გარეშე. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ფორმის მხატვრულ, ხარისხობრივ განცდას.
V კლასში ფორმების ხატვა ბუნებრივად გადადის გეომეტრიულ ხატვაში - „თავისუფალი ხელის გეომეტრია" (ფარგლისა და სახაზავების გარეშე).
საგანი „ფორმების ხატვა" ორგანულადაა დაკავშირებული წერასთან, გეომეტრიასთან და სახვით ხელოვნებასთან, მაგრამ, გარდა ამისა, ფორმების ხატვა შესაძლოა გამოყენებულ იქნას სხვა საგნების სწავლების პროცესშიც. IV კლასიდან ფორმების ხატვა შეიძლება დავუკავშიროთ ქართულ ტრადიციულ ორნამენტებს (წნულებს) და ძველქართულ სათაო ასოებს (მხარეთმცონეობის გაკვეთილებზე); აღმოსავლური, ბერძნული და შუასაუკუნეების ორნამენტების ხატვა და ძერწვა კი შესაძლებელია ისტორიის გაკვეთილებზე და ეპოქის რვეულების გასაფორმებლადაც (V - VI კლასები). ფორმებზე მუშაობა ხდება ევრითმიის გაკვეთილზეც.
ზოგადი მიზნები და შედეგები
• მოძრაობის კოორდინაციის განვითარება სივრცეში;
• ხელის მომზადება წერისთვის;
• ნებელობითი კულტურის განვითარება, რომელიც ვლინდება როგორც მუშაობის პროცესში (ყურადღება, სიზუსტე, მონდომება), ისე შედეგში - დასრულებულ ნახატში.

სპეციფიკური მიზნები და შედეგები
• სივრცული აზროვნების (წარმოსახვის) განვითარება;
• ფორმის ესთეტიური შეგრძნების განვითარება, ფორმის ჰარმონია და სილამაზე, ყურადღებისა და აღქმის სიზუსტე;
• დამხმარე ხელსაწყოების გარეშე მუშაობა ავითარებს თვალის სიზუსტეს, თვალსა და ხელს შორის კოორდინაციას.
დავალებების ეტაპობრივი, თანდათანობრივი გართულების შედეგად ხდება მოსწავლის შესაძლებლობებისა და დავალებების თანხვედრა. ეს ხელს უწყობს დავალების წარმატებით შესრულების სიხარულს, უვითარებს მოტივაციას და თვითდაჯერებულობის გრძნობას.
ფორმების ხატვა მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს დამატებითი, ინდივიდუალური ან ჯგუფური მუშაობის დროს. ამასთანავე, ერთი და იგივე სავარჯიშოები შესაძლებელია მრავალჯერ განმეორდეს როგორც საწყისი ვარიანტით, ასევე ცვლილებებით (ფორმის ხატვის დროს ხელის მოძრაობის მიმართულების შეცვლა, ფურცლის შევსების მიმართულების შეცვლა, ხაზების ფერთა შეცვლა, შიდა და გარე ფორმების ფერების შეცვლა ან სხვა ფერის დამატებითი ხაზის შეტანა და სხვ.). ერთი სავაჯიშოს ასეთი ვარიაციები შესაძლებლობას იძლევა შეიცვალოს ფორმის განცდა და აღქმა, გახადოს ის უფრო მოქნილი და დიფერენცირებული.

სწავლების ზოგადი მიზნები და ასპექტები I კლასში
ბავშვები ეცნობიან სწორ და მრუდ ხაზებს და მათ თავისებურებებს. ხაზი ფურცელზე - ეს მთელი სხეულის მოძრაობის განცდის გამოხატვაა. დასაწყისში ბავშვები დადიან ხაზზე (გაივლიან, ხაზავენ ფეხით იატაკზე), ხელების ფართო მოძრაობით ხატავენ მას ჰაერში, შემდეგ იგივეს აკეთებენ თითებით, დაფაზე ხატავენ ცარცით, და ბოლოს გადააქვთ ის სპეციალურ რვეულებში ცვილის ბლოკებით. რვეულის ფორმატი უნდა იყოს საკმარისად მოზრდილი (A3) იმისთვის, რომ მოძრაობაში განცდილი განმეორდეს ხატვის დროს და განხორციელდეს ქაღალდზე გამოსახულ ხაზში. ამ შემთხვევაში (დიდი ფორმატის რვეულის გამოყენებისას) ჩანს, როგორ ხატავს ბავშვი „მთელი სხეულით". დავალების შესრულებითვის მნიშვნელოვანია არა მარტო სიზუსტე, არამედ სილამაზეც. პირველი გაუბედავი ხაზი მოსწავლის მიერ მეორდება იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭიროა იმისთვის, რომ ფურცელზე გაჩნდეს მკვეთრი ჰარმონიული ნახატი.
ამგვარად, გამომუშავდება წონასწორობის გრძნობა, ვითარდება ხელის მტევანი და თითების ფაქიზი მოტორიკა. ფორმები რთულდება ცალკეული, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ხაზებიდან ერთმანეთთან შეხამებულ სწორ და მრუდე ხაზებამდე. ეს შეხამება შემდეგ იღებს ორნამენტის - გადაბმული, უწყვეტი (ფურცლიდან ხელის აღების გარეშე) ხატვის - ხასიათს.
უმრავლესობა ამ გამოსახულებისა მუშავდება სპეციალურად წერის სწავლებისათვის - ეს ასოების წერის ელემენტებია.
გაკვეთილის თემები
• სწორი და მრუდი ხაზი. რიტმული გამეორებები და ფიგურები;
• სწორი ხაზების განსხვავებული მეტამორფოზები: ვერტიკალური, ჰორიზონტალური, სწორის დახრილი მონაკვეთები (რომლის სიგრძე იცვლება გარკვეული კანონზომიერებებით);
• სწორი ხაზების ურთიერთკავშირისაგან წარმოიქმნება უმარტივესი გეომეტრიული ფიგურები: კუთხეები, სამკუთხედები, კვადრატები, მართკუთხედები, რომბები, მრავალკუთხედები და ვარსკვლავები;
• მრუდის სხვადასხვა სახეობები (რკალი, ტალღები, სპირალის ელემენტები);
• ჩაკეტილი მრუდი (წრე, ოვალი, რვიანი, ლემნისკატა). ჩაკეთილი ფორმების მეტამორფოზები;
• მარტივი ორნამენტები.

საქმიანობის სახეობები
• მოძრაობა მოცემული ფორმის მიხედვით;
• ფორმის გადმოხატვა მასწავლებლის მიერ მოცემული ნიმუშიდან;
• ფორმის გამოწერა (ფორმა შემოიხაზება მოცემული ფერით რამდენჯერმე).
სამუშაო მოთხოვნილებები
• ფორმის ზუსტად გადახატვა;
• ფორმის ჰარმონიულად განთავსება ფურცელზე;
• სწორი უწყვეტი ხაზები.


სწავლების ზოგადი მიზნები და ასპექტები II კლასში
მეორე კლასში ვითარდება და მყარდება I კლასში მიღებული ცოდნა და ჩვევები. წლის დასაწყისში შემოდის ისეთი სავარჯიშოები, რომლებიც მეტ კონცენტრაციასა და ყურადღებას მოითხოვს. ეს არის ამოცანები ფორმის შევსებაზე: ბავშვებმა უნდა დაასრულონ მოცემული ფორმა სარკისებური ასახვით ვერტიკალური ან ჰორიზონტალური მიმართულებით. ეს სავარჯიშოები სრულდება იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განივითარონ კომპოზიციის მთლიანობაში ხედვის უნარი და დაასრულონ მასწავლებლის მიერ მიცემული ნახატი, ჰარმონიულობის მთლიანობის განცდიდან გამომდინარე შეავსონ ის, რაც მას აკლია. თავდაპირველად ბავშვები ამ სავარჯიშოებს ასრულებენ ვერტიკალური სიმეტრიული ღერძის შესაბამისად, შემდეგ კი - ჰორიზონტალურისაც.
მეორე კლასში მნიშვნელოვანია ორნამენტები, რომლის შესრულებაც მოითხოვს ბავშვისგან არა მხოლოდ ყურადღების მოკრებას, არამედ ნაწილებისა და მთელის მუდმივ შედარებას: ორნამენტების გარდასახვა (ფორმის ხაზის ხარისხის შეცვლა - სწორხაზოვანი/მრგვლოვანი; ფორმის აგების პრინციპის შეცვლა; დამატებითი ფორმები მოცემული კანონზომიერებების შესაბამისად, მაგ., მოცემული ფორმისადმი სიმეტრიული ორნამენტის შექმნა და სხვ.). სავარჯიშოები სრულდება სქელი ცვილის ღეროებით დიდ ფორმატზე (A3).

სამუშაო თემები
• ვერტიკალური სიმეტრია (ფორმა ეძლევა ხან - მარჯვნივ, ხან - მარცხნივ);
• ჰორიზონტალური სიმეტრია (ფორმა ეძლევა ხან - ზევით, ხან - ქვევით);
• ორნამენტები და მათი გარდასახვები;
• გეომეტრიული ფიგურების სიმეტრია.

საქმიანობის სახეობები
• სიმეტრიულ ფორმებზე მოძრაობა წყვილში;
• მოცემული ნიმუშის გადახატვა და დასრულება შემოქმედებითი წარმოსახვის საფუძველზე.


სწავლების ზოგადი მიზნები და ასპექტები III კლასში
მესამე კლასში, რომელიც გვევლინება გარდამავლად ხარისხობრივად ახალი ასაკობრივი ეტაპისთვის, ზოგიერთი ელემენტი პირველი ორი კლასის სამუშაოებიდან შენარჩუნებულია და გართულებული, ზოგიერთი კი - შეცვლილი. ბავშვები ფორმებს უკვე აღარ აკეთებენ იატაკზე, ჰაერში... მცირდება ფურცლის ფორმატიც (A4). საწერ მასალად გამოიყენება მსხვილი ფერადი ფანქრები; ნახატს ფონი არ უკეთდება, შიდა და გარე ხაზები კი სხვადასხვა ფერით გადმოიცემა. მუშავდება სიმეტრია სხვადასხვა რაოდენობის ღერძებით; ფორმის დასრულება მხოლოდ მისი მეოთხედი ნაწილით.
როგორც მეორე კლასში, სავარჯიშოები სიმეტრიის ელემენტებით სრულდება ინსტრუმენტების გარეშე, ეყრდნობა რა წონასწორობისა და ჰარმონიის შეგრძნებებს, ფორმის მხატვრულ განცდას. მესამე კლასში მოსწავლეების წინაშე მდგარი ამოცანა უფრო რთულდება: მათ უნდა იპოვონ წონასწორობა მარჯვენა-მარცხენას, ზემოთ-ქვემოთას შორის.

სამუშაო თემები
• ორი ღერძის სიმეტრია (ვერტიკალურის და ჰორიზონტალურის ერთდროულად);
• სამ/ექვსნაწილიანი სიმეტრია;
• ცენტრალური სიმეტრიის ელემენტები;
• წრე სხვადასხვა სიმეტრიული ნაგებობებით მის შიგნით;
• წრე შიგნით ჩაწერილი გეომეტრიული ფიგურებითა და ვარსკვლავებით;
• სპირალები, მრუდის მეტამორფოზები წრეში.
• ასიმეტრიული ფიგურები, ცენტრი და პერიფერია.

საქმიანობის სახეობები
• გადახატვა და აღდგენა (დასრულება) წარმოდგენის საშუალებით;
• დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობის გაზრდა. ფორმა არა მარტო გადაიხატება, არამედ განიხილება ზუსტი გამოსახულების მიღების შესძლებლობები. შესაძლებელია ფორმისთვის დამოუკიდებელი ფერადოვნების გადაწყვეტა;
• დიდი დრო ეთმობა სუფთა წერას (კალიგრაფიას).

სამუშაო მოთხოვნილებები
• ფორმის გადახატვაში და დამოუკიდებლად მის დასრულებაში სიზუსტის დაცვა;
• აკურატულობა (გულითადობა), მშვენიერება, ჰარმონიულობა ფორმაში;
• ფერთა მოცემულობის გადაწყვეტილების დაცვა.


სწავლების ზოგადი მიზნები და ასპექტები IV კლასში
ფორმებზე მუშაობა გადადის წარმოდგენების სფეროში; მნიშვნელოვნად იზრდება იმ სამუშაოთა რიცხვი, რომელიც მოითხოვს უფრო მეტ დამოუკიდებლობას, ინდივიდუალობას, შემოქმედებით მიდგომას; ფურცლის ფორმატი A4; იხატება სქელი ფერადი ფანქრებით; სხვადასხვა ფერი გამოკვეთს ფორმის სხვადასხვა ნაწილებს; ინვერსიებში და მეტამორფოზებში შიდა და გარე ფორმები შესაძლებელია შეფერადდეს განსხვავებული ფერებით, რათა უკეთესად გამოიკვეთოს (თვალსაჩინო გახდეს) შეცვლები; ფორმაში ხაზების სისქე შესაბმისად იცვლება.

სამუშაო თემები
• სივრცული ფორმების ელემენტები: კვანძები (მათ რიცხვში რთული „საზღვაო"), წნულები (წნული ორნამენტები ირლანდიული ასიმეტრიული წნულები, მცენარეული წნული ფორმები), ორნამენტები (კელტური და ქართული ორნამენტების ელემენტები);
• რთული ცენტრისკენული (მათ შორის ჯვრისებრი) ფორმები;
• ფორმების მეტამორფოზა (ერთი ფორმიდან წარმოიქმნება მეორე თანამიმდევრული შეცვლის შედეგად);
• ინვერსიები (ფორმების ჩაბრუნება-გადმობრუნება, როდესაც გარეგანი ხდება შინაგანი და პირიქით);
• სხვადასხვა კულტურების ხელოვნებათა ორნამენტების ელემენტების გაცნობა (ქართული, კელტური, ირლანდიური და სხვ.). ორნამენტის მოტივის გამოყენება ახალი ორნამენტის შესაქმნელად.

საქმიანობის სახეობები
• მოცემული ფორმის გადახატვა და დამოუკიდებლად ახალი ფორმის შექმნა;
• დავალებები მოცემული მოტივის ინდივიდუალურად შემოქმედებითად განვითარებისთვის.

სამუშაო მოთხოვნილებები
• ფორმის შესაცვლელი დავალებების სიზუსტით შესრულება (მოწმობს იმას, რომ მოსწავლემ ადეკვატურად გაიგო დავალება);
• ფორმის მშვენიერება, ჰარმონია და ფერები;
• მუშაობაში გულითადობა.



უკან




Created By Studio SPAR.GE
2014 All rights reserved