ხელგარჯილობა

12-03-2016


სწავლების ძირითადი ასპექტები და ზოგადი მიზნები I-VIII კლასებში

ხელგარჯილობის გაკვეთილებზე ხელების გააზრებული, მიზანმიმართული მოქმედების შედეგად ვარჯიშდება არა მხოლოდ მარჯვე ხელები, არამედ რიტმულად განმეორებადი მოძრაობებითა და სავარჯიშოებით მტკიცდება ნება და ყალიბდება ლოგიკურ-განსჯითი აზროვნება. ნატიფ მოტორიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის. პიაჟე აღნიშნავს, რომ გონისმიერი ქმედებანი - ლოგიკური ოპერაციები (რაიმეს შეჯამება, დასკვნა, შეფასება, გაცნობიერება) მხოლოდ მაშინ იძლევა სრულ შედეგს ანუ სიტყვათა უბრალო კავშირები აზრით მხოლოდ მაშინ იმსჭვალება, როცა ეს აზრები უკვე შემზადებულია ქმედებებით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ლოგიკური ოპერაციები სხვა არაფერია თუ არა ქმედებათა კოორდინაცია და მართვა. დღემდე ამგვარ ქმედებათა აღსანიშნავად შემდეგი გამოთქმები გამოიყენება: `არსს ჩავწვდი~, `აზრის ძაფს ხელი ჩავავლე~ და ა.შ. ანუ ის სიტყვები, რომლითაც ჩვეულებრივი მოქმედებები გამოიხატება, ამ ორი სფეროს (ლოგიკური ოპერაციებისა და მოქმედებების) ურთიერთკავშირზე მიგვითითებს.
გონიერება ისწრაფვის არა მზა რაიმესაკენ, არამედ მიმართულია ყოველივე ქმედითზე, მოძრავზე, ხდომადზე. ეს უნარი (გონივრულობა) გამომუშავდება და ყალიბდება "ქმედების", მოძრაობისა და ხელსაქმის წყალობით.
გარდა ამისა დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნამუშევრის მხატვრულ გადაწყვეტას ყველა სამუშაო ერთნაირად სრულდება გოგონებისა და ბიჭების მიერ. ეს მუშაობა თვითმიზანს არ წარმოადგენს, იგი მხოლოდ ბავშვების უნარ-ჩვევათა განვითარებას . მნიშვნელოვანია, რომ ნამუშევარს ყოველთვის მოეძებნოს პრაქტიკული გამოყენება, ბავშვს კი გავუღვიძოთ სხვა ადამიანთა შრომის პატივისცემა.
ჰედვიგ ჰაუკი, შტუდგარტის ვალდორფის სკოლის ხელგარჯილობის პირველი მასწავლებელი აღნიშნავს: "ბავშვები, რომლებმაც ადრეულ ასაკიდანვე ისწავლეს მხატვრული ნაკეთობის, სასარგებლო ნივთების ხელით შექმნა სხვათათვის თუ საკუთარი თავისათვის, ზრდასრულ ასაკშიც არ იქნებიან გაუცხოებულნი სხვა ადამიანებისა და ცხოვრების მიმართ. ისინი, როგორც საზოგადოებრივი, ისე მხატვრული კუთხით ნაყოფიერად აფორმირებენ, ამდიდრებენ ყოფიერებას და ადამიანთა ერთობლივ თანაცხოვრებას."

სწავლების ძირითადი ასპექტები და მიზნები I კლასში
I კლასის ამოცანას წარმოადგენს თანდათანობითი, შემოქმედებითი გადასვლა თამაშიდან მუშაობაზე. ბავშვები (გოგონები და ბიჭები) სწავლობენ ორი ჩხირით ქსოვას. ქსოვის მეშვეობით, ერთი მხრივ, ვითარდება ორივე ხელის მოხერხებულობა და სიმარჯვე, მეორე მხრივ, ეს საქმიანობა ახალისებს და სტიმულს აძლევს მათ.
სწავლების ძირითადი ასპექტები და მიზნები II კლასში
ჩხირით ორივე ხელის საკმაო გავარჯიშების შემდგომ, იწყება ყაისნაღით მუშაობა. „ჰაეროვანი და ფეხიანი" თვლების მონაცვლეობით ვახდენთ ბავშვის ტემპერამენტის ჰარმონიზირებას.
სწავლების ძირითადი ასპექტები და მიზნები III კლასში
წაღმა-უკუღმა ქსოვა ჩხირზე. იქსოვება ქუდები, ამასთან ხდება უკვე შეთვისებული ტექნიკის შემდგომი დახვეწა. ბავშვის ფანტაზიის ძალებს დიდი გასაქანი ეძლევათ თოჯინების თეატრისათვის ხელის მარტივი თოჯინების დამზადებისას.
ხელგარჯილობის ძირითადი ელემენტები და პრინციპები:
ამ ასაკიდან მოსწავლეები იწყებენ საკუთარი სამოსის დამზადებას - ქმნიან ესკიზს, არჩევენ ძაფის ფერებს და ქსოვენ ქუდებს ორი ჩხირით. გარსის შემქმნელი ფორმის (ქუდის) საპირისპიროდ შესაძლოა ბურთის დამზადება, რომლის მკვრივ შიგთავსსაც ბავშვები თავად აკეთებენ და შემდეგ ბურთის ფორმის გათვალისწინებით ფერადი ძაფებით ქარგავენ.
ბავშვის ფანტაზიის ძალებს დიდი გასაქანი ეძლევათ თოჯინების თეატრისათვის ხელის მარტივი თოჯინების დამზადებისას.
სწავლების ძირითადი ასპექტები და მიზნები IV კლასში
ხელგარჯილობის ძირითადი ელემენტები და პრინციპები:
მოზარდის განვითარების ამ საფეხურზე ისწავლება ჯვარედინი ქარგვა. ძაფის გადაჯვარედინებების მუდმივი გამეორება ქარგვისას მოითხოვს ძლიერ ნებისყოფას და ავარჯიშებს კონცენტრაციის უნარს. ნაქარგის ფერადოვნება, სიმეტრიულობა და ფორმა ეხმარება ბავშვს თავდაჯერებულობის მოპოვებაში.
სწავლების ძირითადი ასპექტები და ზოგადი მიზნები V კლასში
მოსწავლეები კვლავ უბრუნდებიან ქსოვის პროცესს, რაც გულისხმობს ქსოვის ახალი ფორმის დაუფლებას - წრიული ქსოვა ხუთი ჩხირით: იქსოვება წინდები და ხელთათმანები. მათი დამზადებისას საჭიროა შესრულდეს ორი იდენტური სამუშაო, ეს კი დაკვირვების უნარს და ნებისყოფას აძლიერებს.
სწავლების ძირითადი ასპექტები და ზოგადი მიზნები VI კლასში
ამ ასაკის მოზარდისათვის მშვინვიერად დიდი დახმარებაა ნაჭრის თოჯინებისა და ცხოველების კერვა საკუთარი ესკიზით და თარგით. ამასთან მნიშვნელოვენია გადმობრუნების, მატყლით გატენვის და ფორმირების პროცესი. მრავალმხრივი შემოქმედებითი უნარები ვითარდება თოჯინის სახის, თვალისა და თმების ფერის შერჩევისას, რათა თოჯინას ცოცხალი გამომატყველება მიეცეს, ასევე ტანსაცმლის დამზადებისას.
სწავლების ძირითადი ასპექტები და ზოგადი მიზნები VII კლასში
თემა არჩევით:
I. VII კლასში საკუთარი სამოსის დამზადება გრძელდება ფეხსაცმლის შეკერვით. მოსწავლეები ამზადებენ ოთახის ჩუსტებს ან ქოშებს და მათი ფუნქციის შესაბამისად აფორმებენ.
II. ამზადებენ ხის მარიონეტებს სპექტაკლისათვის.
სწავლების ძირითადი ასპექტები და ზოგადი მიზნები VIII კლასში
ამ ასაკში მოსწავლე იძენს მიზეზ-შედეგობრიობის შინაგანი წვდომის უნარს და მზადაა მექანიკის კანონების უკეთ გაგებისათვის. იწყება მუშაობა ფეხის საკერავ მანქანაზე. მოზარდები ეცნობიან მის აგებულებასა და ფუნქციას. ინტენსიურად ვარჯიშდება ფეხის (ნება), ხელის (შეგრძნება) და ყურადღების (აზროვნება) რიტმული, ერთდროული მოძრაობა.

 



უკან




Created By Studio SPAR.GE
2014 All rights reserved